ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ უკეთესი ხონი დაგახვედროთ როცა ჩამოხვალთ!-ინტერვიუ ხონის მერთან ლადო ჯურხაძესთან

0
2923

17 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოში ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, სოფლებში გოჩა-ჯიხაიშსა და ივანდიდში მცხოვრებ სამ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის სასკოლო და ბაღის ასაკის 12 ბავშვს სასკოლო ჩანთები და საჭირო ნივთები მიუტანა.ღონისძიება ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საბერძნეთში ქართველი ემიგრანტების ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმა და განხორციელდა, საქველმოქმედო საჩუქრების გადაცემისას ბატონმა ლადომ განსაკუთრებული პატივისცემა სწორედ ქველმოქმედი ქართველი ემიგრანტების მიმართ გამოხატა და განაცხადა: „პირველ რიგში გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ახალი და კიდევ ერთი საინტერესო პერიოდის, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის დასაწყისია. ამ მცირედი საჩუქრით კი მინდოდა ჩემი ყურადღება გამომეხატა თქვენს მიმართ, რაშიც ხელი საბერძნეთში მცხოვრებმა ემიგრანტებმა შემიწყვეს. ადამიანებმა, რომლებიც არ ივიწყებენ თავიანთ კუთხეს და ცდილობენ სითბო და სიყვარული მოიტანონ თქვენამდე.“ 

სწორედ ამიტომ ჩვენც გადავწყვიტეთ ასეთი გულიდან წამოსული და ემიგრანტების მიმართ გულთბილად განწყბილი მერისათვის რამდენიმე კითხვა დაგვესვა და მისი პასუხები მოგვესმინა..

-ბატონო ლადო, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ, რომ დღეს უშუალოდ თქვენ ჩაერთეთ ღონისძიებაში და  ჩვენი 12 პატარა თანამემამულე  გაახარეთ, ამასთან რასაც ამ დღეებში გიყურებთ საოცრად შრომატევადი სამუშაო გაქვთ და მინდა გკითხოთ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ ხონთან დაკავშირებით ჩაფიქრებული ?

–  ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირველ რიგში, საჭიროდ მივიჩნიე დაგვემუშავებინა ხონის მუნიციპალიტეტის განვითრების გრძელვადიანი სტრატეგია. გამოცდილების გაზიარების მიზნით კონსულტაციებს ვმართავთ სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან. სამუშაო დოკუმენტში დაკონკრეტებული და გაშლილი იქნება ყველა ის პოტენციალი, რაც ხონს გააჩნია, შესაბამისად აქცენტები გაკეთდება იმ პრიორიტეტებზე, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის შემდგომი განვითარება.
ამ დოკუმენტში გაწერილი გეგმის შესრულებას ჩემი მერობის ვადა არ ეყოფა. ეს იქნება გრძელვადიანი სამუშაო პროგრამა. თუმცა ჩემს გვერდით დგას ძლიერი გუნდი, რომელთან ერთადაც რისი გაკეთებაც შემიძლია უნდა მოვასწრო, რაც ხალხს დავპირდი ძირითადად შევასრულო. განვითარების გრძელვადიანი გეგმა, თავისთავად ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობებისა და ეფექტიანობის ხარისხობრივ ზრდას გამოიწვევს.
პროექტები, რომლებიც მიმდინარე და მომდევნო წლებში შეძლებისდაგვარად უნდა განხორციელდეს, მნიშვნელოვან სპექტრს მოისაზრებს: ინფრასტრუქტურული, წვრილი და საშუალო ბიზნესი, სოფლის მეურნეობა (სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და სოფლის ფერმერებთან კავშირები და ხელშეწყობა) სოციალური, ჯანდაცვითი, კულტულურ საგანმანათლებლო და სხვა მრავალი.

– ვიცი რომ თქვენი ერთ-ერთი მთავარი და პრინციპული მიზანი საქართველოს ტურისტულ რუკაზე ხონის ღირსეული ადგილის დამკვიდრება და მისი სოფლების განვითარებაა, ეს კი ალბათ მხოლოდ ადგილობრივი ძალებით შეუძლებელია …

– რასაკვირველია, ყველგან და ყოველთვის ვგრძნობთ ცენტრალური ხელისუფლებისა და მხარის გუბერნიის ხელმძღვანელობის თანადგომას. მუნიციპალური განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ხდება სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება, ვმუშაობთ ტრანსფერების გამოყოფასა და ინვესტიციების მოზიდვაზე. ბევრ სხვა რამესთან ერთად, რეგიონის ტურისტული პოტენციალი, მისი ბუნებრივი ძეგლები და ისტორიული ღირსშესანიშნაობები კარგ პერსპექტივას ჰქმნის სხვადასხვა სახის ტურიზმის განვითარებისათვის. ამიტომ, ამ კუთხით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ, რაც ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მენეჯმენტის განვითარებაზეა გათვლილი. მაგალითისთვის, სოფელ კინჩხაში დასასრულს უახლოვდება საფეხმავლო ბილიკების, გადასახედი ხიდისა და ვიზიტორთა სახლის მშენებლობა. ხონში არსებულ მუზეუმებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ტურისტულ გზაზე მოეწყო ფანჩატურები, დაიდგა დამატებითი ურნები და საინფორმაციო დაფები, ქალაქის ცენტრში განთავსდა ელექტრონული რუქა.
სამომავლოდ ვგეგმავთ ზედა ტურისტულ ზონაში დავამატოთ რამდენიმე ახალი, ტურისტისთვის მნიშვნელოვანი ლოკაცია. ოკაცესა და კინჩხის კანიონი და ზოგადად თურჩუს მთისა და გორდის ლოკაციები დღესდღეისობით ყველასათვის ცნობილია. მაგრამ გვაქვს ბუნებრივი ისეთი განძი, რომლის გამოჩენისა და რეაბილიტაციისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მაგალითისთვის დავასახელებ „დათვის ტბას“, „ლომინას ტბას“ . საინვესტიციო პროექტი მზადდება „დიდღვაბუნას ტბაზე“, რათა მოხდეს კერძო ინვესტორების დაინტერესება ტურისტული ობიექტის მოსაწყობად. ვვარაუდობთ, რომ სულ მალე ხონში იქნება ლოპოტასა და ყვარლის ტბის ანალოგი, თანამედროვე სერვისით მოწესრიგებული ტურისტული ზონა. საბოლოო ჯამში კი ხელი შეეწყობა კერძო სექტორის განვითარებას, ადგილობრივების დასაქმებასა და ეკონომიკის ზრდას.
ხონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების განსახორციელებლად უპრეცედენტოდ დიდი თანხა 3,800 მლნ ლარი დაიხარჯება. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია სოფლებზე. კონკრეტულად კი მაღალი მთის სტატუსის სოფლებისათვის რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილია 400 ათასი ლარი.
2018 წელს გამოყოფილი 350 000 ლარი #1 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციისათვის, რაც საშუალებას გვაძლევს მომდევნო სასწავლო წლიდან დამატებით 3 ახალი ჯგუფის გახნის უკვე ათვისებულია და აღსაზრდელები 1 ოქტომბრიდან თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღში მიიღებენ სკოლამდელი აღზრდის განათლებას. კაპიტალური რემონტი უტარდება სოფელ გოჩა-ჯიხაიშის საბავშვო ბაღსაც. მოწესრიგდება სამხატვრო სკოლის ფასადი, ქალაქის გარე-განათებები. დაგეგმილია სანიაღვრე არხებისა და ზოგადად საირიგაციო სისტემის მოწესრიგებაც.
როგორც ზემოთ გითხარით ძირითადი აქცენტი გადატანილი გვაქვს სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. უკვე დაიგო სოფელ მათხოჯში დედათა მონასტერთან მისასვლელი გზა და მოსაფალტდა ბარაბაძეების უბანი ,ჯამში შესრულდა 700 000 ლარის სამუშაოები.
გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფლების გვაზაურისა და ქუტირის დამაკავშირებელ მონაკვეთზე. აღნიშნული პროექტების განხორციელებისას სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობაც.

– ამდენი მნიშვნელოვანი და მაღალბიუჯეტიანი, საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტის განხორციელება ალბათ არა თუ ისეთი პატარა მუნიციპალიტეტისთვის,როგორიც ხონია, არამედ დიდი მუნიციპალტეტებისთვისაც კი შთამბეჭდავი იქნებოდა. თქვენ განსაკუთრებულად რომელ პროექტს გამოყოფდით, რომელია მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ? 

– ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია გზა ცაგერი-წყალტუბო-ძეძილეთი-გორდი, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ასმეტრიანი ხიდის მშენებლობა და გამოყოფილია 16 მლნ ლარი. ეს გზა საშუალებას მისცემს სოფლების ძეძილეთისა და ნოღის მაცხოვრებლებს უსაფრთხო და იოლი გზით გადაადგილდნენ, გაზრდის ტურისტული ნაკადის შემოდინებას და რუკაზე გაჩნდება სხვადასხვა ლოკაციები. აღნიშნული გზით სარგებლობის საშუალება მიეცემათ სვანეთისა და ლეჩხუმის მოსახლეობასაც, რაც რა თქმა უნდა ჩვენს ეკონომიკაზე დადებითად აისახება. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის, რომლის სატენდერო ღირებულება 17 მილიონი ლარია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო ტენდერს სექტემბრის თვის ბოლოს გამოაცხადებს, რაც შეეხება ქვედა ზონის განვითარებას, მკოლაპარაკება გვაქვს პოლონეთის მსხვილ კომპანიასთან მოცვის პლანტაციების გაშენებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც. ხონის ნიადაგების ლაბორატორიული სინჯებით დადგინდა, რომ მოცვის კულტურის გასაშენებლად შესანიშნავი პირობებია ჩვენთან. ამავე დროს დაგეგმილია აგროკონსულტაციები. 200 ჰექტარზე გაშენდება მოცვის პლანტაციები, გაიხსნება სამაცივრე მეურნეობა, სადაც მიღებული პროდუქტი ყველა სტანდარტის დაცვით შეინახება და მეურნეს, გლეხს არ მოუწევს პროდუქციის გატანასა და გაყიდვაზე ზრუნვა. 

-სოფლის მეურნეობის ამ მიმართულების განვითარება ხონს ცალსახად განსაკუთრებულ მნიშვნელობას შესძენს , მაგრამ თუ არსებობს უკვე განხორციელებული პროექტი ამ მიმართულებით და რამდენად ინფორმირებულია თავად სოფლად მაცხოვრებელი ჩვენი მოქალაქეები?

ჩვენ 2017-2018 წლებში უკვე გვაქვს მუნიციპალიტეტში სოფლებში ჯიხაიშსა და გუბში კენკროვანი პლანტაციების მაყვალისა და ჟოლოს გაშენების მაგალთები. მოსახლეობას აქტიურად ვაწვდით ინფორმაციებს სოფლის მეურნეობის კუთხით სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შესახებ და ვცდილობთ აქტიურად დავაინტერესოთ, ხელი შევუწყოთ და დავაკვალიანოთ.
ჩვენი მაცხოვრებლები სარგებლობენ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ , ჩაის რეაბილიტაციისა და „აწარმოე საქართველოს“ მიკრო და მცირე მეწარმის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებით.
მაღალმთიან დასახლებებში როგორც ზემოთ ავღნიშნე ტურისტული ზონის კიდევ უფრო განვითარებით ვუწყობთ ხელს ეკონომიკის ზრდას. ხოლო ბარის სოფლებში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობითა და სხვადასხვა საწარმოების გახსნით.

– ბ-ნო ლადო ახლა ჩვენ სოციალურად დაუცველ ბავშვებს გადავეცით სასკოლო ჩანთები, ამდენი განხორციელებული საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის მიუხედავად სახელმწიფოს მაინც ყავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და მათ შორის ხონიც არ იქნება ბუნებრივია გამონაკლისი, რა ნაბიჯებს დგავს სახელმწიფო ამ მიმართულებით და რა სამუშაო სრულდება ხონის მუნიციპალიტეტში? 

-სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია სოციალური პროგრამები და პროექტები. ადგილობრივ დონეზე ვცდილობთ, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად მოქნილი პაკეტები შევთავაზოთ მოქალაქეებს.  გარდა სახელმწიფო პროგრამებისა, ხონის მუნიციპალიტეტის მერიას შემუშავებული აქვს სოციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სხვადასხვა სახის დახმარებას.
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი სახის პროგრამებს: ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვას, მზრუნველობამოკლებული მოქალაქეების კვებით უზრუნველყოფას – 2 უფასო სასადილო 250 ბენეფიციარზე, ერთჯერად ფულად დახმარებას, კომუნალური გადასახადების შეღავათებს, სამედიცინო თანადაფინანსების პროგრამას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალურ დახმარებას და სხვა.
ყოველწლიურად იზრდება ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბიუჯეტი. 2018 წელს შეადგენს – 950 000 ათას ლარს.

-ხონის მუნიციპალიტეტში თქვენს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, თავისავად მომავალი თაობებისთვის განსაკუთრებულად ხელშესახები იქნება ვინაიდან დღეს მიმდინარე ვიტყოდი სტრატეგიული ურთულესი სამუშაო სრულიად სხვა ფუნქციას და პერსპექტივას უქმნის მას, ამასთან საინტერესოა რა კეთდება სწორედ ჩვენი პატარა თანამემამულეებისთვის?

-ქ.ხონში ფუნქციონირებს სამხატვრო სკოლა, რომელიც წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა რეგიონულ და რესპუბლიკურ ფესტივალებსა და გამოფენებში. გასულ წელს გარემონტდა სკოლის პირველი სართული და მეორე სართულის ¼ ნაწილი, რამაც საშუალება მისცა სკოლას საგამოფენო სივრცის არსებობისა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სასწავლო, აღმზრდელობითი და შემოქმედებითი პროცესის განმტკიცებასა და განვითარებას. იგეგმება სამხატვრო სკოლის მეორე სართულისა და გარე ფასადის რეაბილიტაცია.
ქ.ხონში ფუნქციონირებს ა(ა)იპ კომპლექსური სასპორტო სკოლა და ა(ა)იპ სპორტულ -გამაჯანსაღებელი ცენტრი. ა(ა)იპ კომპლექსურ სასპორტო სკოლაში ფუნქციონირებს 9 სახეობის სპორტული ჯგუფი- 321 – აღსაზრდელით. ფეხბურთის – 4 ჯგუფი, კალათბურთის – 3 ჯგუფი, ჭიდაობის – 5 ჯგუფი, ჭადრაკის – 3 ჯგუფი, მძლეოსნობის – 1 ჯგუფი, კრივის – 1 ჯგუფი, რაგბის – 2 ჯგუფი, კარატეს – 4 ჯგუფი და ძალოსნობის – 1 ჯგუფი, რომლებიც წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა რეგიონალურ და რესპუბლიკურ ტურნირებში. 2015 წელს მოხდა სასპორტო სკოლის სრული რებილიტაცია. 2017 წელს სკოლის ეზოში მოეწყო ქუჩის სავარჯიშო მოწყობილობები.
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 20 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ აღზრდას გადის 850-მდე ბავშვი.
ხელოვნებისა და განათლების სფეროს განვითარებას ემსახურება სხვადასხვა დაწესებულებები ხონის სამუსიკო სკოლა, სამხატვრო სკოლა, ბიბლიოთეკების გაერთიანება, ვეტა ჩხენკელის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი, ინფორმატიკის ცენტრი, ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლი, 150 წლის ისტრიის მქონე კულტურის ცენტრი. აღნიშნულ დაწესებულებებში მოზარდები სხვადასხვა სახის კულტულურ და საგანმანათლებლო სფეროებში სრულიად უფასოდ იღებენ ცოდნას. ბევრი სპორტული ღონისძიება ტარდება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისათვის. აქტიურად ვუწყობთ ხელს განათლებასა და კულტულურ-შემოქმედებით ცხოვრებაში მათ ჩართვას. მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების მეტი დახვეწისთვის, ახალგაზრდების ჩართულობით განხორციელებისთვის დადეგმილია მათთან შეხვედრები. ეტაპობრივად ბევრ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ მუნიციპლაიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს.

-მიუხედავად იმისა რომ ხონი არ არის დიდი მუნიციპალიტეტი, თქვენი მერობის პერიოდში თუ მოახერხეთ და შეძელით საერთასორისო თანამშრომლობის ფორმატიც შეგექმნათ ?

– მინდა გითხრათ მიუხედავად ჩვენი მუნიციპალიტეტის სიმცირისა მოხერხდა და  აქტიურად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ინვესტორებთან. ვადგენთ მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, რაც მთლიანობაში მოგვცემს რესურსს იმისა, რომ მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდეს. ასევე საინტერესოას რომ , გზების რეაბილიტაციის პროექტების მიმართულებით მოლაპარაკებები ხვადასხვა უცხოურ კომპანიებთან დაიწყო და აქტიური თანამშრომლობის ფორმატიც გაჩნდა, მაგრამ განსაკუთრებით  მინდა გამოვყო ქართულ-გერმანული პროფესიული განათლების დუალური სასწავლებლის პროექტი. კიდევდაკიდევ ვეძებთ ახალ გზებს, ვარიანტებს, ინვესტიციებს, რომ სრულიად შევცვალოთ ხონი. გაჩნდეს მეტი მოტივაცია ხონში დარჩენისა და ქალაქი გადავაქციოთ ეკონომიკურად ძლიერ, პერსპექტიულ, მომავლის ქალაქად. ამის შესაძლებლობას ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა და ის ტურისტული პოტენციალი გვაძლევს რაც გაგვაჩნია. ვფიქრობ სწორედ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც არა თუ ხონისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია არის #9 პროფესიული განათლების დუალური სასწავლებელი, გერმანული მოდელით. პროფ სასწავლებელი მოამზადებს ვიწრო სპეციალობის ადამიანებს, რომელთაც მიენიჭებათ კვალიფიკაცია, დამსაქმებელსა და სასწავლებელს შორის გაფორმდება მემორანდუმი და ყველა კურსდამთავრებულს ექნება გარანტირებული სამუშაო ადგილი. აღნიშნული პროექტი დიდწილად შეამცირებს უმუშევრობას, სწორედ ამიტომ აქვს ჩვენის მხრიდან დიდი ხელშეწყობა და ამიტომაც იქნება რეგიონული მასშტაბის პროფსასწავლებელი.

– და ბოლოს რას ეტყოდით DIASPORA.GE – ს საშუალებით ჩვენს თანამემამულეებს ვინც უცხოეთში ცხოვრობენ?

– უპირველესად მინდა წარმატებები მინდა ვუსურვო DIASPORA.GE -ს, რომელსაც განსაკუთრებული და მე ვიტყოდი სპეციფიური მისია აქვს, მოუთხროს მკითხველს   მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების შესახებ, და ჩვენი სამშობლოს წარმატებები ახაროს მათ – ვფიქრობ მნიშვნელოვანი მისიაა და ამიტომ მინდა წარმატებები გისურვოთ. რაც შეეხება ჩვენს თანამემამულეებს, არ მიწყენთ თუ განსაკუთრებულად მოვიკითავ ჩემს ხონელებს. მინდა ვუთხრა მათ რომ ჩვენ  ყოველდღიურად ვფიქრობთ და ვცდილობთ დღევანდელზე უკეთესი ხონი დაგახვედროთ როცა ჩამოხვალთ, ჩვენ ძალიან გვინდა ჩვენი სამშობლოს ნებისმიერი ქალაქი იყოს ისეთი ძლიერი და ეკონომიკურად გამართული რომ არც ერთ ჩვენთაგანს სამშობლოს დატოვება არ მოუწიოს.

  • დიდი მადლობა საინტერესო და გულწრფელი საუბრისათვის ბატონო ლადო .

ესაუბრა : თათია ჯიშკარიანი.