საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე ქართული დიასპორის ქართული საკვირაო სკოლების მისამართით განცხადებას ავრცელებს და ახალ სასიხარულო ამბავს ამცნობს საზოგადოებას.
როგორც მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს რამდენიმე თვის წინ გაჟღერებული ინიციატივა წარმატებით განხორციელდა და მისი მხრიდან გაჟღერებული დაპირებაც შესრულდა:
,, ჩვენ შეგპირდით , რომ სასურველი სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველვყოფდით საზღვარგარეთ მოქმედ საკვირაო სკოლებს. ჩვენ შემოთავაზებას გამოეხმაურნენ საკვირაო სკოლების მესვეურები სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათთან თანამშრომლობით განისაზღვრა კონკრეტული საჭიროებანი თითოეული სკოლისთვის.
დღეს, ჩვენ უკვე პრაქტიკულად ვასრულებთ დანაპირებს! თქვენს მიერ მოთხოვნილი სახელმძღვანელოები უკვე სრულად შეძენილია და დაწყებულია მათი სხვადასხვა გზით გადაგზავნა დანიშნულების მისამართებზე. წიგნებს, უახლოეს დღეებში უსასყიდლოდ, საჩუქრად მიიღებენ ის საკვირაო სკოლები, ვინც გამოეხმაურნენ ჩვენი კომიტეტის ინიციატივას, კერძოდ,
1. ისრაელში ქართულ დიასპორულ ორგანიზაცია „მამულთან“ არსებული საკვირაო სკოლა;
2. ნიუ იორკში ქართული კულტურის ცენტრ „ფესვებთან“ არსებული საკვირაო სკოლა
3. ნიუ იორკში, ბრუკლინის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ქართული ენისა და ლიტერატურის შემსწავლელი ცენტრი;
4. ათენის ვახტანგ მეექვსის სახელობის საკვირაო სკოლა;
5. საბერძნეთში ვაჟა ფშაველას სახელობის ქართული საკვირაო სკოლა;
6. მადრიდის წმ. გიორგის სახელობის სამრევლოს საკვირაო სკოლა;
7. ბარსელონას წმ. ნინოს სახელობის სამრევლოსთან არსებული სულიერების, განათლების და კულტურის ცენტრი;
8. მინსკში ქართულ სათვისტომოსთან არსებული საკვირაო სკოლა;
9. გერმანიის ქართული სათვისტომოს ფარგლებში მოქმედი მიუნხენის საკვირაო სკოლა;
10. კარლსრუეს ქართული ბაღი და საკვირაო სკოლა „ფესვები“;
11. შტუტგარტის საკვირაო სკოლა;
12. პარიზში ქართული კულტურის ცენტრი „ლაზი“.
ეს ინიციატივა თავის დროზე დაიბადა დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტში და მას აქტიურად დაუჭირეს მხარი ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა Salome Zourabichvili და კომიტეტის სხვა წევრებმაც.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სპონსორებს, რომელთა შესახებ ცალკე, დამატებით მოგითხრობთ.
ტრანსპორტირების დეტალებზე მომავალი ორშაბათიდან ყველას დაგიკავშირდებით ჩვენი კომიტეტიდან.
ძვირფასო ბავშვებო და მასწავლებლებო, თქვენ გელით კიდევ ერთი დიდი საჩუქარი საქართველოდან და ამ საჩუქრის შესახებ სულ მალე შეიტყობთ.
გისურვებთ დიდ წარმატებებს! – ნათქვამია ზვიად კვაჭანტირაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.