საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებული მორატორიუმის გაუქმებაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხუთ დღეში იურიდიულ ძალას დაკარგავს, შესაბამისად, მიწის გასხვისების საკითხი ახალი კონსტიტუციით დარეგულირდება, – ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ამასთან, გელა ხანიშვილი ვერ აკონკრეტებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სახელმწიფოს მიწების რეგისტრაციის მიზნით რამდენმა ადამიანმა მიმართა.
“ამ ინფორმაციას სხვა უწყებები ფლობენ. რაც შეეხება მოკლე პერიოდში დიდი რაოდენობით მიწების გადაფორმების საკითხს, ეს რელევანტური არ იქნება, რადგან საქართველოს მოსახლეობას კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ მიწების ყიდვა-გაყიდვის საკითხი გადამწყვეტი არ არის სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ ადამიანებთან დაკავშირებით. სწორია აკრძალვა, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს. საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას კონსტიტუციაზე დაყრდნობით იღებს და მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის ბიზნესში ინვესტიციების განხორციელებას ეს აკრძალვა ხელს არ უშლიდა. ვინც დაინტერესებული იყო სოფლის მეურნეობაში ბიზნესით, ამას ახორციელებდა კიდეც“, – განაცხადა ხანიშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელშიც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით შესწორებები შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დაგეგმილი.
საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც იუსტიციის სახლთან დღეს შეიკრიბნენ ცდილობენ არ დაუშვან 16 დეკემბრამდე დარჩენილ დროში მიწების უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე დარეგისტრირება.