ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიასპორის დღე არის დამოუკიდებლობის დღის შემდეგი დღესასწაული და ჩვენ ორივე ფაქტს ერთად ვზეიმობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში უკვე იქ ცხოვრებას თუ აქ ცხოვრებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შეიძლება ერთობლივად, თუნდაც გეოგრაფიულად მოშორებული იყო, მაგრამ არსებობს უამრავი ახალი საშუალება, ინტერნეტი არსებობს და ძალიან ბევრი სხვა კავშირის საშუალება. აღარ არის ის დისტანცია, რაც ადრე არსებობდა. აღარ არსებობს კედლები და ჩვენ შეგვიძლია, სახელმწიფოსთვის ერთობლივი საქმის კეთება. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მთავარი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნიდან მოქალაქეების ემიგრაციის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძირითადი მიზეზი სოციალურ-ეკონომიკურია.
„დამოუკიდებლობამ მოიტანა ეს დიდი ემიგრაცია, რაც ადრე იყო გამონაკლისი. ქართველები არ ტოვებდნენ საქართველოს, სამშობლოს, თუ არ ჩავთვლით პოლიტიკურ ემიგრაციას, რომელიც იყო მცირე რიცხობრივად. დამოუკიდებლობის შემდეგ დაიწყო ეს ტალღა ქვეყნიდან გასვლისა, რომელსაც აქვს უამრავი მიზეზი, პოლიტიკურიც, მაგრამ ძირითადად, სოციალური და ეკონომიკური, და გაიშალა საქართველო მსოფლიოში. ამას აქვს ძალიან დიდი ძალა, ამას აქვს თავისი უარყოფითი მხარე, მაგრამ ძალა არის, რაც გვაინტერესებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, დიასპორის წარმომადგენლებით იცნობენ დღეს საქართველოს.
„დღეს საქართველოს იცნობენ თქვენით. დღეს თქვენ იღებთ ძალიან დიდ წვლილს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც იმყოფებით. ყველა მიმართულებით, იქნება ეს კულტურა, სპორტი, პოლიტიკა თუ ეკონომიკა. მაგრამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რეალურად, ჩვენ გავხდით ერთი. ადრე თუ იყო ის მიდგომა, რომ აქ სახელმწიფო, იქ თქვენ და როგორ შეიძლებოდა ამ კავშირების დამყარება, დღეს უკვე დამყარებულია. ჩვენი მომავალი არის ერთი. შეიძლება, ნაწილი ამ დიასპორის მართლა დაფუძნდეს იქ, სადაც ცხოვრობს. იმედია, დიდი ნაწილი დაბრუნდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში დისტანციას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან არსებობს კომუნიკაციის უამრავი ახალი საშუალება.
ჩვენ შორს ვართ ფიზიკურად, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ, ახლოს უნდა დავრჩეთ და უნდა ვიმუშაოთ ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, პრეზიდენტმა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე ისაუბრა და უვიზო მიმოსვლის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შედეგებზე ინფორმაციის სწორად გავრცელების მხრივ დიასპორული ორგანიზაციების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მინდოდა, მეთქვა ორი სიტყვა ვიზალიბერალიზაციაზე, რადგან ემიგრაციას, თქვენ დიასპორულორგანიზაციებს, გაქვთ საშუალება, სწორად გაავრცელოთ ინფორმაცია, რომ ვინც იყენებს არაკეთილსინდისიერად ამ არაჩვეულებრივ საშუალებას, ვნებს არა მხოლოდ სხვა ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომელსაც ხვალ ექნებათ სურვილი, გაეცნონ ევროპას, მოინახულონ ყველა კულტურული ღირსშესანიშნაობა და ეკონომიკური საშუალებები, არამედ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ისინი უშლიან ხელს საქართველოს სურათს საზღვარგარეთ. იმას, რასაც მთელი საზოგადოება, ჩვენ ვაშენებთ ყოველდღიურად, საფრთხე ექმნება რამდენიმე ადამიანის გამო, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იყენებენ ამ არაჩვეულებრივ საშუალებას, რომელიც გამოყენებული იქნა, რაც შემოვიდა ვიზალიბერალიზაცია, ნახევარი მილიონი ადამიანის მიერ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ამ პერიოდში 750 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც საქართველოსთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა.
„ეს არის არაჩვეულებრივი გახსნა საქართველოსი ევროპისკენ, სანამ ჩვენ შევალთ ბოლომდე ევროპაში და ევროპის გახსნა ჩვენი მხრივ, ის უზარმაზარი ტურისტული ტალღა, რაც ბოლო წლებში ვითარდება, საქართველოსთვის არის საშუალება, გაიხსნას კავშირები მსოფლიოსთან“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
წყარო: https://1tv.ge/news/775546/