ილია მეორე:მრავალი ქართველი ადამიანი დღეს იმყოფება ციხეში ქურდობისთვის ან სხვა უარყოფითი საქმისთვის უცხოეთში,სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ჩვენი ქართველები კარგად მოიქცევიან

0
1162

უცხოეთში დღეს მრავალი ქართველი იმყოფება ციხეში ქურდობისთვის ან სხვა უარყოფითი საქმისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღმოიფხვრას ეს უარყოფითი მხარეები, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დიასპორის მოქმედება და საქმიანობა ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე. ილია მეორის თქმით, სავიზო რეჟიმი გაიოლდება, „თუ ქართველები კარგად მოიქცევიან“.

პატრიარქი სთხოვს ხელისუფლებას, ქართველებს სამშობლოში ჩამოსვლა გაუადვილოს.

„გულითადად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიის სახელით. დღეს ჩვენ წინაშე დგას მნიშვნელოვანი საკითხი – რა სახის მონაწილეობა უნდა მიიღონ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოს განვითარებაში. უნდა ითქვას, რომ მათი მოღვაწეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ბევრს აკეთებენ საქართველოსთვის. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მრავალი მეცნიერი, მრავალი ადამიანი ემსახურება საქართველოს და იმედია,  ეს მათი მოღვაწეობა იქნება მეტად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ არის უარყოფითი მხარეებიც. მრავალი ქართველი ადამიანი დღეს იმყოფება ციხეში ქურდობისთვის ან სხვა უარყოფითი საქმისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღმოიფხვრას ეს უარყოფითი მხარეები.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დიასპორის მოქმედება, საქმიანობა ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე. სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ჩვენი ქართველები კარგად მოიქცევიან. იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება.

გულითადად მივესალმები უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს ქართველებს. მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიებს, ტაძრებს რომლებიც ჩვენ გავხსენით უცხოეთში. ყოველ ეკლესიასთან არის შექმნილი საკვირაო სკოლა, სადაც ასწავლიან ქართულ ენას, ლიტერატურას, ისტორიას, სადაც ასწავლიან ქართულ ტრადიციებს. მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, რომ გავუადვილოთ ჩამოსვლა ქართველ ადამიანებს სამშობლოში. ყველას ვლოცავ, დალოცვილი იყავით შინ და გარეთ. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს.

ფორუმი, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.

ღონისძიების ფარგლებში საუბარი შეეხება მაღალპროფილური დიასპორის ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებასა და დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამების ირგვლივ მსჯელობას.

წყარო:1tv.ge