რას უნდა მოელოდნენ თავშესაფრის მაძიებელი ქართველები ევროკავშირის ქვეყნებში

0
2401
უვიზო რეჟიმით ევროპაში წასული და თავშესაფრის მოთხოვნით ჩაბარებული ქართველების დეპორტაციები გახშირდა. ამის მაგალითი ჯერ მხოლოდ მაისში დეპორტირებული ქართველების რიცხვია, როდესაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან 100-მდე ქართველის დეპორტაცია განხორციელდა. ევროპული სახელმწიფოებიდან სპეც-რეისების დამატება, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს და თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ევროპიდან გამოდეპორტირებული ქართველებით სავსე თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში თვეში ორჯერ, ან სამჯერ ეშვება.
ქართველები ბოლო თვეების განმავლობაში გერმანიიდან, ირლანდიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან გამოაძევეს. ქართველებს ყველა სახის თავშესაფარზე უარი უკვე დაჩქარებული წესით ეძლევათ. გადაწყვეტილების მთავარი მოტივი კი, საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ევროპისგან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო სახელმწიფოდ აღიარებაა. 29 მაისს ბარსელონაში მიტოვებული ინსტიტუტის შენობიდან 119 ადამიანი გაასახლეს, მათ შორის 79 საქართველოს მოქალაქეა. გავრცელებული ცნობით, ამავე შენობას თავს ქართველი კრიმინალები აფარებდნენ. ესპანური გამოცემა წერს, რომ მიტოვებულ შენობაში რამდენიმე ოჯახი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. როგორც პოლიციაში განაცხადეს, შენობაში მდებარეობდა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების თავშესაფარი. გამოძიების მიხედვით, აღნიშნული პირები ეჭვმიტანილები არიან 70-ზე მეტი სახლის გაქურდვაში. ესპანური მედიის ცნობით, მიტოვებული ინსტიტუტის შენობიდან გამოსახლებაში 200-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა.
სულ გამოსახლებას დაექვემდებარა 119 ადამიანი. საქართველოს 79 მოქალაქიდან 28 საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის გამო დააპატიმრეს. აპრილში ამავე შენობაში ჩატარებული სპეცოპერაცის დროს დააკავეს 53 ადამიანი, რომელთაც „ქართველი კანონიერი ქურდების ბანდის წევრობაში ადანაშაულებდნენ”. დაკავებების დროს კი სავარაუდოდ, ერთ ქალბატონს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მასთან სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
პოლიციამ მათ ტელეფონები ჩამოართვა და ახლობლებთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევდა. ოჯახების ნაწილი თავშესაფრის მოლოდინშია, ნაწილი კი სკოლაში იმ მიზეზით ცხოვრობს, რომ მათ ბინის ქირის გადახდის საშუალება არ აქვთ.არ არის გამორიცხული, საქართველოს მოქალაქეების ნაწილის ქვეყნიდან დეპორტაცია მოხდეს. ამ დროისთვის ქართველებს საკონსულოს წარმომადგენლები არ დაკავშირებიან. „პოლიციის ალყა იყო და განუცხადეს იქ მცხოვრებ ოჯახებს, რომლებიც თავს აფარებდნენ ამ სკოლის შენობას, რომ შენობა უნდა დაეტოვებინათ. ამ წუთამდე, ისინი ემზადებოდნენ და ბარგს ამზადებდნენ, ბოლომდე არავის არ სჯეროდა, რომ მართლა ასე გაწირავდნენ, მაგრამ ახლა ვესაუბრე სოციალურ მუშაკებს და მითხრეს, რომ ამ ოჯახებს, ვისაც განაცხადი აქვთ შეტანილი წითელ ჯვარში, თუ რომელიმე სოციალურ ორგანიზაციაში, გადაანაწილებენ იმ დაწესებულებებში, სადაც სოციალურად მიუსაფარი ოჯახები არიან გადანაწილებული. “ვისაც არ აქვს არანაირი განაცხადი წარდგენილი, მათ არ ვიცი, გაუშვებენ და ალბათ თვითონ მოძებნიან რამეს… დაახლოებით 20-მდე ბავშვია და მაქსიმუმ 10 ოჯახი იქნება” – განაცხადა ესპანეთში ორგანიზაცია “ემიგრანტების სახლის” დამფუძნებელმა, დიანა ციხისთავმა.
„ესპანეთი საქართველოს განიხილავს, როგორც ქვეყანას პოლიტიკური პრობლემების გარეშე, ამიტომ ამ მოტივით საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ მისცემს”- განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟოზეპ ბორელმა თავის ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე 28 იანვარს. ბორელმა განაცხადა, რომ ეს ნაკადი უნდა შევამციროთ და ამ ადამიანებმა თავიანთი დრო და ფული არ უნდა ხარჯონ განუხორციელებელ ამოცანებზე. საქართველოში ბოლო წლებში სიტუაცია უცვლელია, თუმცა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 40-იდან 1000-მდე გაიზარდა.
რა უჯდება ამა თუ იმ ევროპის ქვეყანას ქართველების გამოდეპორტება – სტატისტიკა ამის შესახებ არ არსებობს. თუმცა ფაქტია, რომ ევროკავშირის ქვეყნებს, ქართველების დ სხვა ქვეყნის მიგრანტების შენახვაზე ფულის დახარჯვა აღარ უღირთ. 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მხოლოდ გერმანიიდან 6.613 ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა, უმეტესობა კი, საქართველოში, ალბანეთსა და იტალიაში გაუშვეს. ექსპერტები კი აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ რათა გაიგონ, რომ თუ ევროპაში წასვლასა და თავშესაფრის მოთხოვნას გადაწყვეტთ, გაითვალისწინონ, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის გამო ისინი დეპორტირებულების სიაში აუცილებლად მოხვდებიან. ამას გარდა, პრობლემები შეექმნება ევროპასთან მოპოვებულ განძს – უვიზო რეჟიმს და ქვეყნის რეპუტაციაც შეილახება. მაშინ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ეს პობლემა გადაჭრას და ჩვენი მოქალაქეების ევოპაში გადინების რიცხვი შეამციროს. რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ქართველების მასობრივი დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოდან მასობრივად გაზრდილმა მიგრაციამ განაპირობა. მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვში მეორე ადგილზეა, პირველზე კი ალბანეთია. ამიტომაც, რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა საქართველო დაჩქარებული წესით უსაფრთხო ქვეყნად აღიარა, რადგანაც ქართველების უკან სამშობლოში დაბრუნების პროცედურები გაადვილებული ყოფილიყო.

გოგოლაშვილი ამბობს, რომ ევროპას მიგრანტების და თავშესაფრის მაძიებელი ადამიანების შენახვა საკმაოდ ძვირი უჯდება და ამიტომაც ამ ხარჯების გაღება აღარ უღირს. მისი განცხადებით, მართალია არ არსებობს ამის სტატისტიკური კვლევა, თუმცა არსებობს მონაცემები, იმის შესახებ თუ რა თანხებს გამოჰყოფს ქვეყანა მიგრანტების შესანახად- მაგალითისთვის გერმანიამ 2018 წლის ბიუჯეტიდან თავშესაფრის მსურველებისთვის 23 მილიარდი ევრო დახარჯა. „სამწუხაროდ ბოლო თვეების განმავლობაში და განსაკუთრებით 2018 წელს, ქართველების რიცხვი, რომლებიც ევროპაში თავშესაფარს ითხოვენ, ძალიან გაზრდილია.

მსოფლიოში რიცხობვრივი მონაცემებით, ალბანეთის შემდეგ მეორე ადგილას ვართ. ამიტომაც ევროპის ქვეყნებმა საქართველოს უასფრთხო ქვეყნად აღიარება სწრაფად დაიწყეს, რადგანაც ჩვენი თანამოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცედურები გაუადვილდეთ. “ევროპის ქვეყანაში ლტოლვილად ჩაბარებიდან 2-3 კვირაში საემიგრაციო სამსაუხრში ქართველების დეპორტაციის პროცესს იწყებენ. ე.წ. პოზიტივს იგივე თავშესაფარს თითქმის აღარავის აძლევენ. პროცედურა ბევრ ბიუროკრატიას მოიცავს, ჩაბარების დღიდანვე ქართველებს ეძლევათ საბუთი, რომელიც მათ აცნობს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და მათი მოთხოვნა თავშესაფარზე არ იქნება დაკმაყოფილებული. “დეპორტაციის ხარჯების გადახდაც წესით ქართველებს ეკისრებათ, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოდან ევროპაში გაქცეულებს უკან დაბრუნება არ სურთ, უცხოელი პოლიციელები მათ ძალით გამოძევებას იწყებენ, ამ შემთხვევაში კი ხარჯებს ადგილობრივი მთავრობები ფარავს”, – აცხადებს გოგოლაშვილი

„რეზონანსთან”. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ რთული დილემის წინაშე დგას. ფაქტია, რომ საზოგადოების ინფორმირება ამ კუთხით მხოლოდ საკმარისი არ არის. თუმცა, გოგოლაშვილი ალბანეთის მსგავსი კანონის შემოღების მოხმრეც არ არის, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლას აკონტროლებს. მისი აზრით, პირველ რიგში ეს არა ეფექტური და არაკონსტიტუციური იქნება. ასევე პოლიტიკურად არა მომგებიანი პროცესია. ხელისუფლება, რომელიც თავის მოქალაქეს ვერ უქმნის ისეთ ეკონომიკურ პირობებს, რომ ის ქვეყნიდან არ გავიდეს და ამის პარალელურად გასვლასაც უკრძალავეს, ეს ქვეყნის შიგნით სიტუაციას დაძაბავს და დემოკარტიის შეზღუდვად აღიქმება. გოგოლაშვილი ამბობს, რომ ასევე შესაძლებელია მესამე ქვეყნის მეშვეობით ევროპაში გასვლაც. ამ პროცესს კი ხელისუფლება საერთოდ ვერ გააკონტორლებს.

„ფაქტია, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური პრიობების გამო ადამიანები იძულებეულები არიან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვონ. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ როდესც არ ხარ რეალურად პოლიტიკური დევნილი და შენს სიცოცხლეს შენს ქვეყანაში საფრთხე არ ემუქრება, თავშესაფარს არავინ მოგცემს. “მაშინ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლა არ შეგვიჩერონ და ჩვენი მოაქლაქეების ასეთ მძიმე სიტუაციაში ყოფნა თავიდან ავირიდოთ. პირველ რიგში, აუცილებელია რომ შევისწავლოთ ის რეგიონები საიდანაც მოსახლეობის მასობრივი გადინება ხდება. “დავიწყოთ გარკვეული ინვესტიციების და რესურსების ამ კუთხით მობილიზება. ასევე უცხოური ინვესტიციებიც მოვიზიდოთ, რომ ჩვენი მოსახლეობის დასაქმება მოხდს. შევიმუშაოთ გარკვეული პროგრმები, რომ ასეთ მასობრივ გადინებას ხელი შეუშალოთ. სხვაგვარად სიტუაცია კიდევ უფრო გართულება. მხოლოდ პოლიციური რეჟიმის გამკაცრება და ხალხის დაკავება გამოსავალი არ არის”.

ავტორი:  ჟანა  მეგრელიშვილი