და მაინც, რა ფენომენია ემიგრანტობა?
ემიგრანტები, ხან გმირებად შერაცხეს, რომელთაც ქვეყანა შიმშილისგან იხსნეს, ხან კი, ერის მოღალატეებად, რომელთაც ქვეყანა გასაჭირის დროს მიატოვეს.
საბოლოოდ, მაინც ვერ ჩამოყალიბდნენ…
საკუთარ ქვეყანაში, შენს სოციალურ წრეში, მეტ-ნაკლებად შემდგარი და მიღებული პიროვნება ხარ. ერთ მშვენიერ, ან არამშვენიერ დღეს, იღებ სამშობლოდან წასვლის გადაწყვეტილებას, ირჩევ ქვეყანას, ჩადიხარ და უცებ აღმოაჩენ, რომ იქ, არავინ ხარ და იწყებ მტკიცებას რომ არა, შენ ხარ ვიღაც და იწყება ნულიდან ათვლა.
არჩევანი, გახდე ემიგრანტი, ჩემი აზრით, პიროვნული თვითმკვლელობაა და ამის შემდეგი ეტაპი, ახალშობილის კონდიციაში გადასვლაა.
წარმოიდგინეთ ჩვილი, რომელიც გამოდის კომფორტის ზონიდან და ხვდება მისთვის სრულიად უცხო გარემოში, უცხო შეგრძნებებით. პირველივე რეაქცია ტირილია. თითქოს, ადამიანი ხვდება, რომ ამ ქვეყანაზე ცხოვრება არც ისე იოლია და წინასწარ დარდობს. ყველა ემიგრანტის ემიგრაციული ცხოვრებაც ხომ ტირილით იწყება. ადამიანი წყდება მისთვის ჩვეულ გარემოს და იწყებს ცხოვრებას იქ, სადაც არავის და არაფერს იცნობს. ახალშობილისგან განსხვავებით, ემიგრანტთა უმრავლესობას, სრულიად მარტოს, ანუ დედის, ხელისშემშველებლის და გულშემატკივრის გარეშე უწევს დაწყება და უდიდესი სირთულეების გადალახვა. თავიდან სწავლობს სიარულსა და გზებს, ბოროტისა და კეთილის გარჩევას, თავიდან სწავლობს ლაპარაკს, თავიდან უნდა გაიცნოს ყველა და ყველაფერი და ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენჯერ დაეცემა და ეტკინება, სანამ ასე დამოუკიდებლად “აიდგამს ფეხს” და “ამოიდგამს ენას”.
მე ემიგრაციას მეორედ დაბადებას ვუწოდებ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და ჰო, კი, დიახ, მე მეორედ დავიბადე…
პ.ს. ამონარიდი პირადი ჩანაწერებიდან.
მარად თქვენი ნინა მამუკაძე-სორდინი იტალიიდან.