2016 წლის 14 აპრილს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მიიღეს რეკომენდაცია, რომ საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, რასაც მხარი არ დაუჭირეს გიორგი კანდელაკმა და ტარიელ ლონდარიძემ, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენება, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „14 აპრილს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს ხვდებიან, ერთი მხრივ, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა, სადაც არიან როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიის წევრები, და, მეორე მხრივ, ევროპარლამენტარები ყველა პარტიიდან. იქ მომხსენებლებად იყვნენ იუსტიციის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, რეინტეგრაციისა და ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრები. სადაც ეს პროგრესი გავაცანით, განიხილეს ევროკომისიის გადაწყვეტილება და ამის შემდგომ გაიმართა დისკუსია, დებატები და მიიღება გადაწყვეტილება/რეკომენდაცია, რომ საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა ევროპასთან. ამ რეკომენდაციას ამ დებატების დროს კენჭისყრისას მხარი არ დაუჭირეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. წარმოდგენილნი იყვნენ ორი წევრით – გიორგი კანდელაკი და ტარიელ ლონდარიძე, ასევე არ დაუჭირა მხარი „ევროპის სახალხო პარტიის“ რამდენიმე წევრმა. ანუ ის, რაც 2015 წლის ნოემბერში პირად შეხვედრებში დააფიქსირეს ევროკომისიის თუ ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წვერები სხვადასხვა შეხვედრის დროს ამას ლობირებდნენ, უკვე საჯაროდ, გადაწყვეტილების დონეზე არ დაუჭირა მხარი მას „ნაციონალურმა მოძრაობამ““.
ბაქრაძის თქმით, „ნაცმოძრაობა“ მმართველ გუნდთან შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში აზიანებდა სახელმწიფო ინტერესებს.
„ასოცირების კომიტეტთან შეხვედრისას გაჟღერდა გარკვეული წინაპირობები. კერძოდ „ევროპის სახალხო პარტიამ“ დაასახელა, რომ ეს გადაწყვეტილება გადადებულიყო არჩევნების შემდგომ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გაჟღერდა რამდენიმე წინაპირობა, რომლებიც, სურდათ, ცვლილების სახით შესულიყო ამ რეკომენდაციაში, როგორც წინაპირობა“, – აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა, „რუსთავი 2“-ის კანონიერი მფლობელის მიერ ტელეკომპანიის საკუთრების უფლებისთვის სასამართლო ბრძოლა შეწყვეტილიყო და ეს ყოფილიყო საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების წინაპირობა.
„ეს იყო „რუსთავი 2“-ის საქმე, ანუ კანონიერი მფლობელის მიერ „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე უფლებისთვის სასამართლო ბრძოლა რომ შეწყვეტილიყო. როგორც შემდეგ საქართველოს სასამართლოებში და სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგინდა, უნდოდათ, ნაძარცვის მძარცველის ხელში დატოვება ყოფილიყო წინაპირობა საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის მიღებისთვის; მეორე – ეს იყო საკითხის გადადება არჩევნების შემდგომ. ანუ საქართველოს მოსახლეობის გეოსტრატეგიული არჩევანის შეფერხება მაშინაც იყო „ოცნებაზე“ ზემოქმედების იარაღი – მმართველ გუნდთან შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში აზიანებდნენ სახელმწიფო ინტერესებს. ამის არგათვალისწინების შესაბამისად, ანუ უპირობოდ, დროულად უვიზო მიმოსვლის მიღებისთვის რეკომენდაციას არ დაუჭირეს მხარი იმის გამო, რომ ეს არ იყო გათვალისწინებული. მიუხედავად ამ მცდელობისა, გადაწყვეტილება უბრალო უმრავლესობით მაინც იქნა მიღებული. დაუჭირა მხარი ასოცირების კომიტეტმა რეკომენდაციას, რომ უვიზო მიმოსვლა, ყოველგვარი პირობების გარეშე, ყოფილიყო უზრუნველყოფილი საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.