პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 84 ხმით, მხარი დაუჭირა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად: შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური საქმიანობის უფლების გაცემის მექანიზმი; შემუშავდება აღნიშნული სამუშაო უფლების გაცემის კრიტერიუმები; დარეგულირდება საქართველოში უცხოელი ფიზიკური პირების შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა (ისეთი შემთხვევები, როდესაც არ გვაქვს კლასიკური დასაქმება); შემუშავდება კანონმდებლობით დადგენილი ნორმების აღსრულების ახალი მექანიზმები და განისაზღვრება მათი აღმასრულებელი უწყებები; გაიზრდება საჯარიმო სანქცია იმ დამსაქმებლებთან მიმართებაში, ვინც უცხოელს დაასაქმებს სპეციალური სამუშაო უფლების მოპოვების გარეშე; დაწესდება საჯარიმო სანქცია თითოეული შრომითი მიგრანტისთვის, რომელიც საქართველოში სპეციალური სამუშაო უფლების გარეშე ეწევა შრომით/სამეწარმეო საქმიანობას. – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.