ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის სააღდგომო ეპისტოლე.

0
1601

ქრისტესმიერ საყვარელნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, სულიწმიდის მადლში შობილო ძვირფასო სამწყსოვ,

ქრისტე აღსდგა!

გილოცავთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს!

დაე, ამ მოვლენით განცდილმა სიხარულმა განმსჭვალოს ყოველი თქვენგანის გული და გონება, რათა მიიღოთ და განიცადოთ სიმდიდრე სიტკბოებისა, რომელიც ახლავს დღევანდელ დღეს. გიხაროდეთ,

აღსდგა ქრისტე მკვდრეთით, და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა!

აწ უკვე განვლო დიდმარხვის დღეებმა, რომელთა განმავლობაში ეკლესია გვამზადებდა ამ დიდებულ დღესთან შესახვედრად. დადგა ჟამი სიხარულისა. მაშ იხარეთ ყოველთა უფლისა თანა. ნუ შეგიპყრობთ ეჭვი, ნუ შეშინდებით, კაცთმოყვარეა უფალი ჩვენი; ნუ სწუხართ და „ნუ ჰგოდებთ ცოდვათათვის, რამეთუ შემნდობელი ჩუენი აღმობრწყინდა საფლავით“.

აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს!

ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი არის საყოველთაო მნიშვნელობის მოვლენა. ამ თემას ეკლესიის დაფუძნების დღიდანვე ცენტრალური ადგილი უკავია წმიდა მოციქულთა ქადაგებებში, რადგან იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა ქრისტიანული რწმენის საფუძველს წარმოადგენს. ამის ნათელი დადასტურებაა წმიდა მოციქულ პავლეს სიტყვები კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში: „… თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენაც (1 კორ. 15,14).

„თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, კაცთა შორის ყველაზე საწყალობელნი ვყოფილვართ“ (1 კორ. 15,19).

ძვირფასო შვილებო, იესოს მკვდრეთით აღდგომით, დაირღვა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ადამიანს გზა გაეხსნა სიცოცხლისკენ. „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე“ (ინ. 11,25), ბრძანებს ჩვენი ცხოვრების წინამძღვარი. იესო ქრისტეს ამ სიტყვებს ეფუძნება მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატი წმიდა აღდგომის შესახებ; ამაზეა აგებული სააღდგომო ღვთისმეტყველებაც.

წმიდა აღდგომის საიდუმლო, რომელიც მთელი თავისი ძალითა და დიდებულებით წარმოჩინდება აღდგომის ღამეს, უკვე გოლგოთაზე იწყებს გამჟღავნებას, მაცხოვრის ჯვარცმისას, რამეთუ ჯვარი არის არა მხოლოდ სამარცხვინო ძელი, რომელიც დამნაშავისთვის არის განკუთვნილი, არამედ არის გამარჯვებისა და ზეიმის მომასწავებელი ნიშანი: „დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ და ვზეიმობთ, რამეთუ უფალი ჩვენი ჯვარზედ არის ლურსმნებით მისჭვალული“ – ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი (Ioan. Chrysost., Homilia de cruce et latrone. 1). გასაოცარია და ფრიად მეტყველი წმიდა პავლე მოციქულის სიტყვა, რომელიც აღდგომის მსახურებისას იკითხება:

„სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი? სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი? რამეთუ საწერტელ სიკუდილისა ცოდვაი…“ (1 კორ. 15,55-56).

იესო ქრისტემ თავისი ჯვარცმით სიკვდილს გამოაცალა საფუძველი, ცოდვის ტყვეობიდან დაიხსნა ადამის მოდგმა, დაკარგული თავისუფლება დაუბრუნა მას და გზა გაუხსნა ნამდვილი ცხოვრებისაკენ.

„ამიერითგან არღარა ხართ მონა, არამედ შვილ…“ (2 გალ. 4,7).

ამ სიტყვებით შეაგონებს ბრძენი პავლე გალატელ მორწმუნეებს.

VIII საუკუნის უდიდესი მოღვაწე, ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი, ღირსი იოანე დამასკელი თავის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ნაშრომში („მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა“) წერს: „ყოველი ქმედება იესო ქრისტესი, მის მიერ აღსრულებული სასწაულები, რა თქმა უნდა, დიდებულია, ღვთაებრივია და საკვირველი, მაგრამ ყველაზე საკვირველია პატიოსანი ჯვარი მისი, რამეთუ სწორედ ჯვრით იქნა გაუქმებული სიკვდილი, დაძლეულ იქნა პირველქმნილი ცოდვა, ჯოჯოხეთს გამოსტაცა მსხვერპლი და მიანიჭა მას აღდგომა. …სამოთხის კარი გახსნილია“ (Ioan. Damasc., De fide orth. IV 11).

ახალი აღთქმის ეკლესიის მთავარი იდეაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გაამხნეოს ადამიანები და სიხარულით აღსავსე სიტყვა მიიტანოს მათთან, ახაროს მათ გამოხსნისა და მომავალი აღდგომის შესახებ. ამიტომაც, ახალი აღთქმის ეკლესიისთვის, როგორი სიძნელეების წინაშეც არ უნდა აღმოჩნდეს იგი, უცხოა პესიმისტური განწყობები, უიმედობა. თანახმად წმიდა სახარებისეული სწავლებისა, ჩვენ, სამწყსო ქრისტეს ეკლესიისა, უნდა აღვივსოთ ოპტიმიზმით და თამამად გავუსწოროთ თვალი იმ სირთულეებს, ჩვენი სულიერი და საზოგადოებრივი ცხოვრების წინსვლას რომ აბრკოლებს; აქტიურად დავკავდეთ ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებთან ღირსეული გამკლავებით. იმისთვის არ უღვაწნია ჩვენს სულიერ წინაპრებს, რომ დღეს წარსულს ჩავბარდეთ. ეს არ იქნება, ამას ვერ დავუშვებთ! როცა საფრთხეებზე ვსაუბრობთ, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან შიდა და გარე საფრთხეები, რადგან თუ გარე საფრთხეებს ობიექტური მიზეზები აქვს, შიდა საფრთხეებს სუბიექტური ფაქტორები განაპირობებს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა შიდა და გარე საფრთხეები ერთად იყრის თავს, რაც კიდევ უფრო ართულებს ხოლმე მდგომარეობას. გასულ წელს განვითარებული მოვლენების ჩვენეულმა ანალიზმა დაგვანახა, რომ ასეთი გამონაკლისების რიცხვს მიეკუთვნება, მაგალითად, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე.

… და რადგან ეს საქმე ვახსენეთ, ისიც უნდა ითქვას, რომ, ჩვენი ვარაუდით, ხსენებული სასულიერო პირი სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებლობას; სამწუხაროდ, არ არის ბოლომდე მიყვანილი შესწავლა-გამოკვლევა იმ საქმისა, რომელმაც 2017 წლის თებერვალში (გერმანიაში მკურნალობისას) საფრთხე შეუქმნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიცოცხლეს, და ვფიქრობთ, რომ მიზანი ამ ვერგანხორციელებული ვერაგული ჩანაფიქრისა კიდევ უფრო შორს მიდიოდა და, სავარაუდოდ, გულისხმობდა საქართველოს ეკლესიის მმართველობაში არსებული კონფიგურაციის შეცვლას.

სწორედ იმიტომ, რომ დღემდე არავინ არის ამ საქმეში გამოვლენილი, მიგვაჩნია, რომ საფრთხე კვლავ არსებობს!!! მისი პირობითი სახელია შეთქმულება საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ.
შესაბამისად, ეკლესიის დღეს არსებული ავტორიტეტისა და მისი რეალური გავლენების გათვალისწინებით, საფრთხეშია ქვეყნის მომავალიც. გავიმეორებთ, ამ დასკვნამდე მიგვიყვანა მოვლენების ჩვენეულმა აღქმამ.

ჩვენ ეკლესიის წინაშე არსებული საფრთხეების თემას საგანგებოდ ვეხებით, რადგან მათი გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში გვექნება ასევე გაუთვალისწინებელი და მძიმე შედეგები. ამიტომ საჭიროა, რომ დროულად მოხდეს მოვლენების შეფასება, და მათზე სათანადო რეაგირება.

ქრისტეს ეკლესია არა თუ დღეს, არამედ არსებობის პირველივე დღეებიდან იყო და არის ბრძოლისა და თავდასხმის სამიზნე. ამის შესაბამისი ცოცხალი გამოცდილება აისახა როგორც კანონიკურ სამართალში, ისე მისი ისტორიის ამსახველ წერილობით ძეგლებში, რომელიც ორიათასი წლის მანძილზე იწერებოდა მოწამეობრივი სისხლით. შესაბამისად, ეკლესიაში დაგროვილი ისტორიული და სულიერი გამოცდილება გვაძლევს საფუძვლიან იმედს და ძალას, რომ სათანადო პასუხი გავცეთ თანამედროვეობის გამოწვევებს, ხოლო ამისთვის აუცილებელია ქმედითი ღონისძიებების გატარება, რაც შეუძლებელი იქნება არსებული მდგომარეობის შეფასებისა და კრიტიკული ანალიზის გარეშე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვყოფთ რამდენიმე მიმართულებით არსებულ პრობლემას და მათი გადაჭრის ჩვენეულ ხედვას. ქვემოთ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ეკლესია, როგორც ინსტიტუცია, უფრო დაცული იყოს და შეძლოს ღმრთის მიერ დაკისრებული მისიის წარმატებით განხორციელება ახალ რეალობაში, რომელშიც თანამედროვე მსოფლიო და, მათ შორის, საქართველო იმყოფება.

I. სტრუქტურული სრულყოფა და ადმინისტრირება

ეკლესია უპირველესად არის ღმერთკაცობრივი ორგანიზმი, მაგრამ ფუნქციონირებს რა წუთისოფელში, კონკრეტულ დროსა და სივრცეში, იგი იმავდროულად არის ორგანიზაცია (ინსტიტუცია) და მას, როგორც ინსტიტუციას, სჭირდება სათანადო სტრუქტურული გამართულობა; ეკლესიის მმართველობის დღემდე არსებული ფორმა, გარკვეული თვალსაზრისით ეფექტური იყო (ეს არის ეპარქიების რიცხვის ზრდა საქართველოსა და უცხოეთში, სამღვდელოების გამრავლება, მრავალი ტაძრის აშენება, მონასტრების დაფუძნება, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამოყალიბება და ა.შ.), მაგრამ თანამედროვე ვითარებაში გამოიკვეთა არსებული ფორმის დახვეწის აუცილებლობა, რაც გულისხმობს როგორც სტრუქტურულ სრულყოფას, ისე ადმინისტრირების საკითხის გადახედვას. აღნიშნული კონტექსტიდან გამომდინარე ვფიქრობთ:

1. აუცილებელია, რომ ეკლესიის მართვაში გაიზარდოს წმიდა სინოდის როლი (სტატუსი). აქ მხედველობაში გვაქვს ეკლესიაში არსებული კრებსითობის პრინციპის აქტუალიზება, რომელსაც ეფუძნება ეკლესიის შეუცდომლობა. ზოგიერთნი სინოდის როლის გაძლიერებას საეკლესიო მმართველობაში, საპატრიარქო მმართველობისათვის საფრთხედ განიხილავენ, რაც ძირეულად არასწორია. ნებისმიერი კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის პრინციპი ეფუძნება კრებსითობას (იგივე სინოდალურობას), რაც გამოხატულია წმიდა კრების არსებობასა და მის სრულფასოვან ფუნქციონირებაში. თვით კრებას (სინოდს) კი ეწოდება წმიდა, რადგან იგი სულიწმიდის მადლით იმართება.

ასეთია მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება და ამან არ უნდა გამოიწვიოს სხვადასხვა უსაფუძვლო და უმართებულო ინტერპრეტაცია.

აღნიშნულ საკითხზე ყურადღების გამახვილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მართლმადიდებლური სარწმუნოების მთავარი პრინციპებიდან გამომდინარე, რადგან, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, უცდომელობის სტატუსით სარგებლობს მხოლოდ და მხოლოდ კრებსითი ხმა წმიდა სინოდისა.

ასე რომ, აქ ჩვენ ვსაუბრობთ ეკლესიის შეუცდომლობისა და დაცულობის ხარისხის ამაღლებაზე, რაც ხელს შეუწყობს ეკლესიის ინსტიტუციურ მოწესრიგებას და ამავდროულად შექმნის მყარ წინაპირობას წმიდა სინოდის გადაწყვეტილებების მაღალი ლეგიტიმაციისთვის.

აღნიშნული საკითხი ეკლესიის სასულიერო დასსა და მრევლში გაზრდის პასუხისმგებლობას უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებებისადმი, რომლებიც კრებსითობის პრინციპიდან გამომდინარეობს. აქ ბუნებრივად ჩნდება იმის საჭიროებაც, რომ სინოდის სხდომებს შორის ჩატარდეს წინამოსამზადებელი სამუშაოები, რომლებშიც ჩართული იქნება სინოდთან არსებული სპეციალური კომისიები, რომელთა საქმიანობა ორიენტირებული იქნება ეკლესიის პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე და სინოდის სხდომებისთვის მოამზადებს კომპეტენტურ დასკვნებს შესაბამისი საკითხების შესახებ. ამ კომისიებში გაერთიანებული უნდა იყვნენ თეოლოგები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები და ა.შ.

2. მკაცრად უნდა მიექცეს ყურადღება სწავლა-მოძღვრებით და დოგმატურ საკითხებში კრებსითი ანუ საერთო ეკლესიური პოზიციის (განმარტების) არსებობის აუცილებლობას. აქ ჩვენ უპირველესად ვგულისხმობთ საეკლესიო პოლიტიკის ერთიანობას და იმგვარი ფაქტების გამორიცხვას, როცა ეკლესიის ოფიციალური სწავლების (ან გადაწყვეტილების, ან კიდევ პოზიციის) გამოხატვისას სასულიერო პირები ურთიერთსაპირისპირო ინტერპრეტაციას ახდენენ, რაც მრევლში იწვევს დაბნეულობას, დეზორიენტაციას და, შესაბამისად, ამას მოსდევს კონფრონტაცია. ასე რომ, დასმული საკითხი მნიშვნელოვანია და აუცილებელი თუნდაც იმის გამო, რომ გამოირიცხოს ყველა ტიპის შესაძლო კონფრონტაცია, განსაკუთრებით მაღალ იერარქთა შორის. ამის საწინააღმდეგო შემთხვევა კი შეასუსტებდა სინოდის ერთობას და შექმნიდა შიდა განხეთქილების საფრთხეს. ამდენად, სრულფასოვნად უნდა დაიტვირთოს ეკლესიის სხვადასხვა სამსახურები და კომისიები, რაც შესაძლებელს გახდის მთელი საეკლესიო სტრუქტურის ეფექტურად ფუნქციონირებას და დროულ რეაგირებას სხვადასხვა სახის გამოწვევებზე, რადგან, როგორც წესი, მოვლენებზე დაგვიანებული რეაგირება ნაკლებად იძლევა სასურველ შედეგებს, უფრო ხშირად კი მისი შედეგი საპირისპიროა. ერთი სიტყვით, დასმულ საკითხზე დიდწილად არის დამოკიდებული ეკლესიის მიერ ღვთისგან დაკისრებული მისიის წარმატებით განხორციელება.

3. სასურველია მოხდეს სასულიერო პირთა აღრიცხვიანობის სისტემაში მოყვანა, რაც, ერთი მხრივ, გააუმჯობესებს ეკლესიის მიერ შიდა საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებას, ხოლო, მეორე მხრივ, წინაპირობას შექმნის თუნდაც მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიების შესაქმნელად იმ სამღვდელოების ოჯახებისთვის, რომლებსაც, ჩვენი მრავალი თანამემამულის მსგავსად, მძიმე სოციალური პირობებში უხდებათ ცხოვრება.

II. საეკლესიო და რელიგიური განათლების პოლიტიკის საკითხები

ეკლესიის მისიონერული საქმიანობიდან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა აქვს მრევლის რელიგიური განათლების საკითხებს. როცა რელიგიური განათლების საკითხებს ვეხებით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოსტსაბჭოთა ქართული საზოგადება ხასიათდება კრიტიკული აზროვნების დიდი დეფიციტით, რომლის აღმოფხვრაც გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს. ამის საჭიროებას გრძნობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და სწორედ ამიტომ მიუთითებდა სკოლებსა და სხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმ დისციპლინების (მაგალითად, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის) ინტენსიური სწავლების აუცილებლობაზე, რომლებიც ღრმა, კრიტიკულ აზროვნების უნარ-ჩვევებს ავითარებენ. საბჭოთა ტოტალური მემკვიდრეობის შედეგად დამკვიდრდა მეტისმეტად მავნე შეხედულება, რომ კრიტიკა ნიშნავს მტრობას. საჭიროა, რომ ჩვენ სწრაფად განვთავისუფლდეთ საბჭოთა მემკვიდრეობის ამ მავნე გადმონაშთისგან. როგორც წესი, მრევლის რელიგიური ცნობიერების ამაღლებას და, შესაბამისად, მის სულიერ განვითარებას ემსახურება სასულიერო პირი, რომელიც ამასთანავე არის საზოგადოებრივი აზრის ლიდერი; ამ კონტექსტში უაღრესად აქტუალურია და გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს განგრძობადი განათლების პროგრამების განხორციელება.

III. ეკლესიის სოციალური დოქტრინა

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საზოგადოებრივი ფუნქციის უკეთ გამოკვეთის მიზნით აუცილებელია ეკლესიის სოციალური მისიის შემუშავება. აქ, ჩვენ უწინარეს ყოვლისა, უნდა ამოვიდეთ აღმოსავლური ქრისტიანობის ტრადიციიდან და მთავარი პრინციპებიდან, თუმცა ასევე საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსაც. ეს საკითხი გულისხმობს ეკლესიის მხრიდან არა მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, არამედ პირდაპირ კავშირშია ევანგელიზაციის პროცესთან, ასე ვთქვათ, მისიონერობის ახალი ტალღის დაწყებასთან. სწორედ ეკლესიის მისიონერული საქმიანობიდან გამომდინარე ხდება აუცილებელი სოციალური დოქტრინის შემუშავება, მით უფრო პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში, სადაც ნათლად უნდა გამოიკვეთოს, რომ ადამიანთა სოციალური უფლებების დამცველი არა მარტო სახელმწიფოა, არამედ ეკლესიაც.

სოციალური დოქტრინა უნდა მოიცავდეს ეკლესიის ფუნდამენტურ შეხედულებებს ომის, ტერორის, ეკოლოგიის, ეკონომიკის, ბიოეთიკის, ადამიანის უფლებების და ა.შ. შესახებ. ვფიქრობთ, საჭირო იქნება წმიდა სინოდის შესაბამისი კომისიის ფარგლებში შემუშავდეს სოციალური დოქტრინის მონახაზი, რომლის განხილვას მიეძღვნება წმიდა სინოდის სპეციალური სხდომა.

ქრისტიანული ზნეობის პრინციპებზე დაყრდნობით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური დოქტრინის შემუშავება, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი მრევლის, ჩვენი ქვეყნის საჭირბოროტო პრობლემების გადალახვის პროცესში. ეკლესიის სოციალური მოძღვრების განვითარების წინაპირობას ვხედავთ წმიდა წერილში, სადაც იესო ლოცვით მიმართავს მამას:

„არ გევედრები, რომ წუთისოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ, რომ დაიცვა ბოროტისაგან“ (იოანე 17,15),

და კიდევ:

„როგორც შენ მომავლინე წუთისოფელში, მეც ასევე მივავლინე ისინი წუთისოფელში“
(იოანე 17,18).

ვფიქრობთ, რომ ზემოთ დასმული პრობლემების გადაჭრა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ ღირსეულად გაუმკლავდეს თანამედროვეობის გამოწვევებს და კვლავაც წარუძღვეს თავის სულიერ შვილებს მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვართან შესახვედრათ. დღეს კი, დღეს, საყოველთაო სიხარულია ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, რამეთუ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!“

აწ გიხაროდეთ, შვილნო ღმრთისანო,
ქრისტე აღსდგა!

გრიგოლი
მიტროპოლიტი ფოთისა და ხობისა

ბრწყინვალე აღდგომა
2018 წელი, 8 აპრილი.