კახა მასხულია პროფესიით შემდუღებელია. ხელობა საქართველოში, პროფესიულ კოლეჯში შეისწავლა და პატარა სახელოსნოში დასაქმდა, თუმცა, მაღალი ანაზღაურებისა და უკეთესი გამოცდილების მიღების მიზნით, მაინც საზღვარგარეთ მუშაობა გადაწყვიტა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისგან გაიგო, რომ დროებით საზღვარგარეთ დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საქართველოში დამსაქმებლები კანდიდატების ასარჩევად ჩამოდიოდნენ.
პირველად, 2017 წლის ნოემბერში წავიდა პოლონეთში და ვოლვოს სატვირთო ავტომანქანების ქარხანაში დასაქმდა. სამი თვის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ახლა ისევ უკან მიდის. იხსენებს, რომ ჩასვლისას დამსაქმებლები მატარებლის სადგურში დახვდნენ და სახლამდე მიიყვანეს, რომლის ქირის საფასურსაც, პირველ ეტაპზე, ისინი იხდიდნენ.
“მეგონა, რაღაც ვიცოდი და როცა ჩავედი, სამი დღე გამოცდებს ვაბარებდი”, – ჰყვება კახა და ამბობს, რომ იქ ძალიან მაღალ დონეზე, ხარისხიანად ითხოვენ ყველაფერის ცოდნას. ფიქრობს, რომ ასეთი უნარები უკვე თავადაც გამოიმუშავა.
6-თვიანი სამუშაო ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ გეგმავს, რომ კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივოს პოლონეთში მუშაობის პერიოდი. ამბობს, რომ ერთი წლის შემდეგ უცხოეთში გაჩერებას აღარ აპირებს, რადგან მისი სამომავლო გეგმები საქართველოს უკავშირდება.
“იქ ყოფნის დროს ისეთი გამოცდილება შევიძინე, რომ საქართველოში თუ რაიმე სერიოზული კომპანია გაიხსნება ამ მიზნით, თავისუფლად შემიძლია მუშაობა, თუმცა, ჯერ აქ არ არის არც ისეთი სამსახური და არც ხელფასი, რომ… ახლაც, თუ რამე გამოჩნდა და 1 500 ლარი მაინც რომ იყოს ხელფასი, არც დავფიქრდებოდი, 370 ლარი მაქვს ბილეთში გადახდილი, მაგრამ არაუშავს, გადავაგდებდი”.
(C) on.ge