ირლანდიის რესპუბლიკამ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება ირლანდიის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო. მინისტრის შესაბამის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ამ კატეგორიაში აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად გადაინაცვლა.
ირლანდია ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მეცხრე ქვეყანაა, იმ თორმეტი სახელმწიფოდან, რომელსაც აღნიშნული კლასიფიკაცია გააჩნია და რომელმაც საქართველოსთან მიმართებაში შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მეტყველებს დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გზით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის აღიარებაზე.
ირლანდიის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას შეამცირებს.
საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარებული აქვს ლუქსემბურგს, ბელგიას, ნიდერლანდებს, საფრანგეთს, ბულგარეთს, ავსტრიას, ლიხტენშტეინს და ისლანდიას.
ირლანდიის რესპუბლიკის აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია მიმდინარე წლის 16 აპრილიდან.