თურქეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებს მენიჭათ უფლება თურქეთში სეზონურად ლეგალურად იმუშაონ.

0
4211

გვინდა, რომ სამუშაო რეგისტრირებული გახდეს და ადამიანები, რომლებიც საქართველოდან თურქეთში სეზონურ სამუშაოზე მიდიან, კანონით იქნებიან დაცული, – ამის შესახებ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფატმა სერენ იაზგანმა Allnews.ge-ის თურქეთში საქართველოს მოქალაქეების სეზონურ სამუშაოებზე წასვლასთან დაკავშირებით განუცხადა.

ელჩის თქმით, თურქეთში სეზონურ სამუშაოზე წასვლა როგორც წესი, ნებადართული არ არის, თუმცა საქართველოსთვის გამონაკლისს უშვებენ.

“თუ ამის საჭიროება არ არის, თუ არ არის ბაზარი, მოთხოვნა და მიწოდება, ასეთი რამ არ მოხდება. რაც მინდა ამასთან დაკავშირებით თურქეთში გაკეთდეს, არის ის, რომ ეს სამუშაო დავარეგისტრიროთ და ადამიანები, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ სეზონურად მიდიან, კანონითა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებით უზრუნველყოფილები იქნებიან, მათი უფლებები დაცული იქნება. ჩვენი ემიგრაციის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გამოაქვეყნა საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც ყველგან გამოაკრეს, ეს არის საინფორმაციო ფურცლები იმ ადამიანებისთვის, ვინც სეზონურ სამუშაოზე თურქეთში მიდიან. როგორც წესი, სეზონურ სამუშაოზე წასვლა ნებადართული არ არის, მაგრამ საქართველოსთვის გამონაკლისს ვუშვებთ. თურქეთში მხოლოდ აჭარიდან არ მიდიან და რასაც ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ, არის ის, რომ ეს გახდეს ოფიციალური, რეგისტრირებული და კომფორტული”, – განმარტა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სეზონურ სამუშაოზე ჩაის და თხილის საკრეფად საქართველოდან ყოველწლიურად ასობით ადამიანი გადადის. მათი დროებითი საქმიანობის დარეგისტრირების მიზნით, თურქეთის მთავრობამ გასულ წელს მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება თურქეთში სეზონურად ლეგალურად იმუშაოს.