უორდროპების მამული ქართველებმა აახმაურეს

0
1609

მაგი, რომელიც ოლივერ უორდროპს(1864–1948) საქართველოს წინაშე მიუძღვის, ნებისმიერ ქართველს მადლიერების უსაზღვრო გრძნობას უჩენს. ქართველი ხალხის მეხსიერებაში ამ გამოჩენილი დიპლომატისა და მთარგმნელის, ჩვენი ქვეყნის გულითადი ქომაგის სახელი ამიერიდან კიდევ უფრო მყარად დამკვიდრდება მასზე შექმნილი წიგნებით, მისთვის დადგმული ძეგლით, ასევე თბილისში მისი სახელობის სკვერისა და ქუჩის არსებობით.

1919 წლის ივლისში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორდმა კერზონმა სერ ოლივერ უორდროპს ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის თანამდებობა შესთავაზა ამიერკავკასიაში, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაარსდა. სერ ოლივერ უორდროპი იყო გამოცდილი დიპლომატი, ვინც შეეცადა ქართული  კულტურის ხელშეწყობას და დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვებას ახლად შექმნილი ქვეყნისთვის, რომელიც იმხანად ბოლშევიკური აგრესიის მუქარის ქვეშ იმყოფებოდა. სერ ოლივერ უორდროპი ამიერკავკასიის უმაღლესი კომისრის მოვალეობას 1921 წლამდე, წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობამდე ასრულებდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დიდ ბრიტანეთში დაბრუნებულმა ოლოვერ უორდროპმა, 1930 წელს ჩამოაყალიბა საქართველოს ისტორიული საზოგადოება, რომელიც გამოსცემდა ჟურნალ „გეორგიკას“.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი ნამდვილ სახალხო დღესასწაულად იქცა, რადგან ოფიციალური ღონისძიებების პარალელურად, არც საზოგადოების რიგითი წარმომადგენლები დარჩენილან გულგრილი ამ თარიღის მიმართ. მათ მიერ ორგანიზებულმა საღამოებმა კი მართლაც ფართო რეზონანსი მოიპოვეს. წინამდებარე სტატიიდან თქვენ შეიტყობთ ლონდონში მცხოვრები და Royal Dutch Shell-ში მოღვაწე ცირა კემულარიას მიერ საკუთარი სურვილითა და შესაძლებლობებით გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც მან დამოუკიდებელი საქართველოს დიდი მოამაგის ოლივერ უორდროპის მემკვიდრეობას მიუძღვნა.

მისმა იდეამ, საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავი სევენოუკში, იმ სახლში აღნიშნულიყო, სადაც სერ ოლივერ უორდროპი ცხოვრობდა, უმალ პოვა მოწონება იმათ შორის, ვისაც კი გაუზიარა და ყველა მათგანი თანამოაზრედ აქცია. ცირამ ამ რამდენიმე წლის წინათ, თავისი ინგლისელი კოლეგის, პერ რეიფ–მასგრეივისგან სრულიად შემთხვევით შეიტყო, რომ სახლი, რომლიც ამჯერად მას ეკუთვნოდა, წარსულში ოლივერ უორდროპის მფლობელობაში ყოფილა. ამ ცნობის მერე ცირა კემულარია მუდმივად ფიქრობდა ამ ეზო–კარში რაიმე შეხვედრის გამართვას. მან მორიდებით გაუმხილა თავისი წადილი პერს, რომელმაც თანხმობა განაცხადა, რომ გაზაფხულის ერთ დღეს საკუთარ სახლ–კარს დაუთმობდა წვეულ სტუმრებს. ამ დღედ, 19 მაისი დადგინდა. ცირამ  ეს შეხვედრა საქველმოქმედო შინაარსით დატვირთა და დაპატიჟებულ საზოგადოებას წინასწარ ამცნო, რომ მათ მიერ შემოწირული თანხა მოხმარდებოდა საქართველოს მემკვიდრეობისა და კულტურისადმი მიძღვნილი ლიტერატურის ინგლისურად თარგმნას და გამოცემას დიდ ბრიტანეთში. ეს მართლაც  შესანიშნავი წამოწყებაა, რომელიც გააფართოვებს ინგლისურენოვანი მკითხველს თვალსაწიერს საქართველოს შესახებ.

19 მაისს, თავდაპირველად სევენოუკის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ეზოში შეიკრიბა საზოგადოება, რომელმაც პატივი მოაგო უორდროპების საგვარეულო საფლავს, სადაც განისვენებენ საქართველოსთვის დიდად გარჯილი და–ძმა, მარჯორი და ოლივერი.

ამის შემდეგ სტუმრებმა თავი მოიყარეს მათი ყოფილი სახლის ეზოში, სადაც მოლბერტებზე დახვდათ წარმოდგენილი ოლივერ და მარჯორი უორდროპის საქართველოში ყოფნის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალების ასლები. აქვე იყო საგანგებოდ ამ მოვლენისთვის აგებული ტენტი, სადაც ასამდე მსმენელი შეიკრიბა აკადემიური ნაწილის მოსასმენად.

ცირა კემულარიამ წარმატებით შეძლო ბრიტანელი და ქართველი მეცნიერების, მწერლების, ხელოვნების მოღვაწეების, ასევე ახალგაზრდა თაობის შემოკრება და გაერთიანება ერთი თემის გარშემო, რომელიც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიასა და თანამედროვეობას ასახავდა.

აუდიტორიამ დიდი ინტერესით მოისმინა პროფესორ დონალდ რეიფილდის გამოსვალა, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ბრიტანელი პოლიტიკოსებისა და ისტორიკოსების უილიამ ედვარდ დევიდ ალენისა და დევიდ მარშალ ლანგის ღვაწლს, რომელიც მათ საქართველოს წინაშე თავიაანთი შრომებითა და წიგნებით მიუძღვით. მეოცე საუკუნეში ამ ორმა მეცნიერმა უორდროპების შემდეგ ყველაზე მეტი ინტერესი გამოავლინა საქართველოს მიმართ.

ისტორიის დოქტორმა ბექა კობახიძემ თავის სიტყვაში ოლივერ უორდროპის პოლიტიკური ბიოგრაფია გააცოცხლა. მან ორი წლის წინათ ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოსცა წიგნი „სერ ოლივერ უორდროპი“, რომელმაც ნათელი მოჰფინა საქართველოს წინაშე გაწეულ მის დაუღალავ შრომას. თუ იგი აქამდე მხოლოდ თავისი დის, მარჯორის საქართველოში ჩამოსვლის ინიციატორად და სპონსორად ითვლებოდა და ეს მიეწერებოდა მთავარ დამსახურებად ჩვენი ქვეყნის წიანაშე. ამ წიგნით პირველად გავიცანით იგი როგორც გამოცდილი და გონიერი დიპლომატი, რომელმაც ფასდაუდებელი სამსახური გაუწია საქართველოს დამოუკიდებლობის დეფაქტო აღიარებას 1920 წლის 10 იანვარს ანტანტის ქვეყნების მიერ.

ისტორიკოსმა ნიკოლოზ ალექსიძემ საზოგადოებას მოუთხრო ოქსფორდის ბოდლეანის ბიბლიოთეკაში დაცულ უორდროპების ქართულ კოლექციაზე და თავის წიგნის „GEORGIA: A Cultural Journey through the Wardrop Collection’’ შექმნის შესახებ, რომლის პრეზენტაციაც ოქსფორდში 1 ივნისს გაიმართება. წიგნის ავტორმა მადლიერებით მოიხსენია საქართველოს ელჩი გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი, ვინც მას რეკომენდაცია გაუწია TBC ბანკის წინაშე, რომლის სპონსორობითაც გამოიცა აღნიშნული წიგნი ოქსფორდში.

დოქტორმა ჯილიან ევისონმა ისაუბრა ქართულ წიგნებსა და ხელოვნების ნიმუშებზე, რომელიც საიმედოდ არის დაცული ბოდლეანის ბიბლიოთეკის უორდროპების ფონდში. იგი შარშანდლიდან გამდიდრდა ახალი მასალებით და ამჟამად რვა ათას წიგნსა და 1500–მდე ქაღალდსა და მანუსკრიპტს შეიცავს. უკვე შექმნილია ქართული მანუსკრიპტების ელექტრონული კატალოგი, რომლითაც სარგებლობა ამიერიდან ყველა მსურველს შეეძლება.

ჟურნალისტმა და ისტორიკოსმა  ერიკ ლიმ თავისი გამოსვლა მიუძღვნა  დასავლეთის სიახლოვეს საქართველოს მენშევიკურ მთავრობასთან. მან შარშან ლონდონში გამოსცა ღრმა და ხანგრძლივ კვლევაზე დაფუძნებული წიგნი სახელწოდებით: „ექსპერიმენტი– საქართველოს მივიწყებული რევოლუცია, 1918–1921“. წლეულს ეს წიგნი ქართულადაც დაბეჭდა თბილისურმა გამომცემლობა „პოეზიამ“(მთარგმნელი ქეთი ქანთარია, სამეცნიერო რედაქტორი გიორგი მამულია). ეს 300 გვერდიან წიგნი მართალც შესანიშნავი მიძღვნაა საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეოდ. ავტორმა იმდროინდელ წყაროებზე დაყრდნობით დამაჯერებლად ასახა დემოკრატიული სოციალიზმის ბრწყინვალე ექსპერიმენტი საქართველოში, რომელიც სამ წლის არსებობის შემდეგ ბოლშევიკურმა აგრესიამ ულმობლად გააჩანაგა.

მწერალმა დათო ტურაშვილმა საქართველოს მიერ 1991 წელს მეორედ მოპოვებულ დამოუკიდებლობის ხანას გადაავლო თვალი და თავისი დაკვირვებები გაუზიარა საზოგადოებას დღევანდელ საქართველოზე.

ლონდონის კორთოლდის ინსტიტუტის დეკანმა ანტონი ისტმონდმა ისაუბრა საქართველოსთან საქმიან კონტაქტებზე და მისი კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციის სპეციალისტების მომზადებაში კვლავაც დახმარება აღუთქვა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზი–სმიტმა ქართულად მიმართა აუდიტორიას. მან მაღალი შეფასება მისცა ურთიერთობებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბდა და სულ უფრო მჭიდრო და მზარდი ხდება.

დამსწრე საზოგადოებამ ინტერესით მოისმინა „ვეფხისტყაოსნის“ ფრაგმენტები დედანსა და ინგლისურ თარგმანში, ვიდეო კოლაჟში ორიგინალს მწერალი დათო ტურაშვილი კითხულობდა, თარგმანს კი  მსახიობი თამარ ბზიავა რომელიც ვენერა ურუშაძის მიერ არის შესრულებული.

„ვეფხისტყაოსანი“ დღესაც რომ ცოცხალი და მოქმედი წიგნია, ამის დასტურად გამოდგება ის ვიდეო ნამუშევარი, სადაც თბილისის ევროპული სკოლის მოსწავლეები საკუთარ ცხოვრებაში რუსთაველის პოემის გავლენასა და მნიშვნელობაზე ლაპარაკობენ.

ფრაგმენტები მარჯორი უორდროპისა და ილია ჭავჭავაძის მიმოწერიდან მოვისმინეთ ლონდონის პირველი საკვირაო სკოლის(დირექტორი ლიანა ჯიქია–გოგრიჭიანი) მოსწავლეების ლიზი კუხალეიშვილისა და ანრი ქიქავას მხატვრული კითხვით. დიდ ბრიტანეთში დაბადებული და გაზრდილი ყმაწვილები შესანიშნავად  გრძნობენ ქართული ენის სიმდიდრესა და სინატიფეს და ამასვე განაცდევინებენ მსმენელს.

სევენოუკში, უორდროპების ყოფილ მამულში იმ დღეს ქართული მუსიკაც აჟღერდა მადიდიდან საგანგებოდ ჩამოსული ქართველი საოპერო მომღერლის ლალი ჭილაიას მიერ, რომელმაც ბრწინვალედ შეასრულა თამარის კავატინა დიმიტრი არაყიშვილის ოპერიდან „თქმულება შოთა რუსთაველზე“. მანვე დიდი შთაგონებით შეასრულა ალექსი მაჭავარიანის, რევაზ ლაღიძის, ბიძინა კვერნაძისა და დავით თორაძის სიმღერები. აღსანიშნავია, რომ მომღერალს აკომპანიმენტს უწევდა მადრიდში მოღვაწე პიანისტი იური ანანიევი, რომელიც ბათუმში არის დაბადებული და აღზრდილი. იგი კარაგად იცნობს ქართულ კულტურას და ამიტომაც იყო მისი პიანოს ბგერები ასე გულში ჩამწვდომი და მგრძნობიარე.

საღამოს სევენოუკში ესწრებოდნენ ოლივერ უორდროპების შთამომავლები: დევიდ და ჯერემი უორდროპები, ჰილარი უორდროპ–გრანდი. დევიდ უორდროპმა მადლობა გადაუხადა ქართველებს, რომლებსაც დღემდე ახსოვთ საქართველოზე შეყვარებული მისი წინაპრები.

ცირა კემულარიას უნდა ვუმადლოდეთ დიდი ბრიტანეთში მცხოვრები შესანიშნავი ქართველების ქეთი და ზეზვა მაღლაკელიძეების გაცნობას, რომლებმაც თავი დაგვამახსოვრეს უაღრესად თავაზიანი მასპინძლობითა და უგემრიელესი საჭმელებით, რომელსაც იქვე, ჩვენს თვალწინ ამზადებდნენ. გარდა იმისა, რომ ისინი თავისი საქმის ნამდვილი ოსტატები არიან, ქველმოქმედის ბუნებითაც დაუჯილდოვებია განგებას. მათ სრულიად უსასყიდოდ მოიტანეს პროდუქტები და მთელი საღამოს განმავლობაში თავიაანთი ხელით შექმნილ დელიკატესებს უფასოდ სთავაზობდნენ საქველმოქმედო საღამოს მონაწილეებს.

ამ შთამბეჭდავი პროექტის სრულყოფაში ბევრი ადამიანის ხელი და გული ურვია და ამიტომ შევეცდები ყველა მათგანის გვარისა და სახელის ჩამოთვლას. ესენი არიან: პერ და მადელეინ რეიფ–მასგრეივები(სევენეოკის სახლის ახლანდელი მფლობელები), რობერტ სკალონი, პროფესორი დონალდ რეიფილდი, საქართველოს საელჩო გაერთიანებულ სამეფოში, ფილოლოგიის დოქტორი ია ღადუა და თეა თვალავაძე(გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი), თამუნა კირვალიძე, თამუნა მოდებაძე, გოგა თხელიძე და ნიკა ქურდიანი (TBC ბანკი), ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეანის ბიბლიოთეკა, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ლიანა ჯიქია–გოგრიჭიანი(ლონდონის პირველი ქართული საკვირაო სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი), მაკო აბაშიძე(ბრიტანულ–ქართული სავაჭრო პალატის დირექტორი), მიხეილ ჭკუასელი(„Geoplant–გურიელი ჩაის“ გენერალური დირექტორი), ანა თბილელი (Spice & Walnut–ს მფლობელი),  ეკატერინე კოქსი (Taste of Georgian Wines–ს თანადამფუძნებელი), გიგა კუხალეიშვილი, რამაზ კარტოზია, გუკა თავბერიძე (წვენების კომპანია „Savse’’-ს დამფუძნებელი და დირექტორი), თამუნა ლაცაბიძე, ანი და გიორგი ავალიანები, ნიცა ჩოლოყაშვილი, Friends of Academic Research in Georgia (FaRiG), ვახტანგ გოგრიჭიანი, ნატო სარჯველაძე, ნანა ელიოტი, ნათია ჯალაღონია, გიორგი კალანდია (საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი), Catalyst Café, მაკა მამისეიშვილი („წიგნის სახლი ბახტრიონზე“).

და ბოლოს, შეუძლებელია საგანგებოდ არ აღვნიშნო ცირა კემულარიას, როგორც საქველმოქმედო საღამოს ავტორისა და მისი სულის ჩამდგმელის თავგანწირული შრომა, მან ბოლო სამი თვის განმავლობაში ძალზე დაძაბული გრაფიკით იცხოვრა აღნიშნული პროექტის სისრულეში მოსაყვანად. თუმცა, ამაღლებულმა ატმოსფერომ, რაც 19 მაისს, სევენოკში სუფევდა, მისი ყველა ღელვა და დაძაბულობა დაჩრდილა. ეს იყო მართლაც უნაკლოდ ორგანიზებული საღამო. ყველაფრიდან ჩანდა, თუ როგორი სიფაქიზით, სიყვარულითა და პასუხისმგებლობის გრძნობით იყო შესრულებული ყველა დეტალი თუ ნიუანსი. ასეთ დამოკიდებულებას ადამიანები უმალ ამჩნევენ, რაც  მათშიც უანგარობისა და სასიკეთო საქმეებისთვის მხარდაჭერის გულწრფელ სურვილს ბადებს. ამას მოწმობს შემოწირული თანხა 1450 ფუნტი, რომელიც მეტად საჭირო წამოწყებას – ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი ლიტერატურის ქართულიდან ინგლისურად თარგმნასა და გამოცემას მოხმარდება.

 

 

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

 

წყარო:http://eunews.ge/