ქართველი მსახიობი, რომელიც იტალიელ მოხუცს უვლის, რომის პაპს შეხვდა!

0
3041

– ცისანა ქოთილაიძე “ჯინსების თაობიდან” ვატიკანამდე

– მე ქართველი ვარ!

– ეს, უკვე კარგია.

პირველი ფრაზა იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტ ცისანა ქოთილაიძეს ეკუთვნის, მეორე – რომის პაპს. მათი შეხვედრა 20 თებერვალს ვატიკანში მოხდა, მას შემდეგ, რაც ქალბატონმა ცისანამ რომის პაპს იტალიურ ენაზე დაწერილი საკუთარი ლექსები გაუგზავნა და აუდიენცია ითხოვა. პასუხმა არ დააყოვნა. ვატიკანიდან წერილი მოვიდა, რომ რომის პაპი შეხვედრით დაინტერესებული იყო. ქართველი ხელოვანი პაპთან ხელცარიელი არ წასულა. პაპმა საჩუქრად ხელნაკეთი თეთრი ნაბადი მიიღო, როგორც ერთხელ კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II. ფოტოარქივში ამის დამადასტურებელი მასალაც არსებობს – არცთუ უცნობი ფოტო, რომელზეც საქართველოს პატრიარქს თეთრ ნაბადშემოხვეულს სძინავს. ვაჟა-ფშაველას გამოსახულებიანი ეს ნაბადიც სწორედ ცისანა ქოთილაიძის შექმნილია. ბევრისთვის სიურპრიზი იქნება იმის გაგება, რომ ჩვენი სტატიის გმირი ის ადამიანია, რომლის მონაწილეობით სპექტაკლებზე წლობით ანშლაგი იყო. მათ შორის კი ალბათ, ყველაზე გამორჩეული “ჯინსების თაობაა”. ცისანა სპექტაკლის პირველ შემადგენლობაში გახლდათ და პარტნიორობას ნიკო გომელაურს უწევდა.

– მეოთხე წელია იტალიაში, რომში ვიმყოფები, მაგრამ მიუხედავად დიდი სურვილისა და ინტერესისა, ვატიკანის ნახვა ვერ შევძელი. მეგობრები მეხუმრებიან, სანამ რომის პაპმა არ დაგიბარა ვატიკანში, არ წახვედიო.

– როგორ მოახერხეთ რომის პაპთან შეხვედრა?

– ერთ დღეს დამებადა აზრი, რომ ჩემი ლექსები რომის პაპისთვის გამეგზავნა. დავწერე წერილი, სადაც ვაცნობდი თავს და ვუხსნიდი, რომ ვწერდი ლექსებს იტალიურ ენაზე.

– ლექსების თემატიკა რელიგიურია?

– შეიძლება ასეც ითქვას. შეგვიძლია ვუწოდოთ სარწმუნოებრივ-პატრიოტული, რაც “ენა, მამული, სარწმუნოების” იდეას გულისხმობს. თორემ, საგალობლების ტექსტებს არ ვწერ.

წერილის გაგზავნიდან ძალიან მოკლე დროში მივიღე პასუხი, რომ მას მოეწონა ლექსები და მიწვევდა ოთხშაბათის აუდიენციაზე, წმინდა პეტრეს მოედანზე, სადაც უამრავი ადამიანი იკრიბება. რატომღაც, არ მინდოდა ამდენ ხალხში წასვლა, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ პირადად ვნახავდი და პირადად მასთან მიაღწევდა ჩემი სათქმელი. ამიტომ, სხვა გზას მივმართე.

ყოველთვის ვყიდულობ ყოველკვირეულ ჟურნალს “ჩემი პაპი”, სადაც ამბებია მოთხრობილი ვატიკანის, რომის პაპის შესახებ, აღწერილია კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობები და ა.შ. იქ ამოვიკითხე, რომ რომის პაპის საცხოვრებელთან ახლოს არის პატარა ტაძარი, სადაც ყოველ დილით, სამსახურში წასვლამდე ლოცვებს კითხულობს. სამსახურს იმიტომ ვამბობ, რომ სწორედ ასე ეწერა. მართლაც მომივიდა თანხმობა, რომ სწორედ ამ სამლოცველოში ვიყავი დაბარებული 20 თებერვალს. ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა მხარდაჭერა ვიგრძენი აქაური ქართველების მხრიდან. ვინც კი იგებდა, ყველა დახმარებას ცდილობდა. არ შემიძლია არ აღვნიშნო მილანში არსებული ქართულ-იტალიური საზოგადოება “სამშობლო გულით სატარებელი”-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნუნუ გელაძის მხარდაჭერა, რომელთანაც ყველა დეტალს განვიხილავდი.

ადგილზე მისული, ყოველგვარი ზედმეტი შემოწმების გარეშე შემიშვეს. მოსაწვევი სრულიად საკმარისი იყო იმის ნიშნად, რომ შენ იქ გელოდნენ და ზედმეტად არავინ გაკონტროლებდა. ლოცვას ორმოცამდე ადამიანი ვესწრებოდით. დაახლოებით ოცამდე პიროვნება ღვთისმსახური გახლდათ, დანარჩენები ჩემსავით აუდიენციაზე იყვნენ მოსულები. ლოცვის დასრულების შემდეგ, პაპმა ჩაიცვა თავისი ჩვეული თეთრი სამოსი, გამოვიდა და ხუთი წუთით ჩვენ გვერდით დაჯდა. ისევე ლოცულობდა, როგორც ჩვენ. ამის შემდეგ დაიწყო შეხვედრები. იმდენად აღელვებული ვიყავი, რომ არ მახსოვს რას ვლაპარაკობდი. ერთი მახსოვს, ვუთხარი რომ ქართველი ვარ და მისი პასუხი იყო – ეს, უკვე კარგია. ვლაპარაკობდი საქართველოზე, ჩემი საჩუქრის დანიშნულებაზე, რადგან მე მას ჩემს მიერ შექმნილი თეთრი ნაბადი მივუტანე, რომელზეც ნარუქით შესრულებული მიქელანჯელოს “პიეტაა” გამოსახული. როდესაც ხელი ჩამოვართვი და შევეხე, საოცარი გრძნობა დამეუფლა. უსაზღვროდ დიდი ენერგია და სიკეთე მოდიოდა მისგან, მაგრამ სრულიად განსხვავეული იმ ემოციისაგან, რაც ჩვენს პატრიარქთან შეხვედრისას მიგრძვნია. როდესაც პატრიარქს ვეხები, მე სახლში ვარ, ვგრძნობ რომ ის ჩემია, ჩემიანია. რომის პაპთან შეხებისას კი სტუმრის შინაგანი მდგომარეობა მქონდა, დიდი პატივისცემის გრძნობით განმსჭვალული.

– რატომ მოისურვეთ რომის პაპთან შეხვედრა?

– ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ რომის პაპთან ჩემი შეხვედრა არც პოლიტიკური და მით უმეტეს, არც რელიგიური მიზეზით არ მომხდარა. მე ვარ ერთი ხელოვანი, რომელსაც აქვს პრეტენზია თავისი ქვეყნის ხელოვნების ღირებულებებზე და აქვს პრეტენზია “იყვიროს”, რომ არის ქართველი და სად უნდა “მეყვირა”, თუ არა მსოფლიოსათვის ასეთ მნიშვნელოვან პიროვნებასთან. მივედი იმ ადამიანთან, ვისაც ჩუმად, ჩვეულებრივი ტონით ვეტყოდი, რომ მე ვარ ქართველი და ეს ყვირილზე უფრო მეტი იქნებოდა და მივუტანე ისეთი რამ, რაც გამორჩეულად ქართულია. ვეცადე, გამეცნო ამ ნივთის ისტორია და ფესვები. პაპს შეხვედრაზე გადავეცი დიდი წერილი. წერილში იდო მეხსიერების ბარათიც, სადაც ყველანაირი ინფორმაციაა ნაბდის, თექისა და ნარუქის, ხელოვნური ქაღალდის შესახებ და კიდევ ძალიან საინტერესო რაღაცები, რასაც სამომავლოდ ვგეგმავ.

– უკეთ რომ აგვიხსნათ, რას წარმოადგენს ნარუქი და როგორ დაიბადა მისი შექმნის იდეა?

– ნარუქი არის ხელით ნაკეთი ქაღალდი. თვითონ სიტყვა სულხან-საბას ლექსიკონის განმარტებით ნიშნავს ხელოვნების ახალ სახეს. ანუ პირველყოფილი, პირველქმნილი ხელოვნების ახალ სახეს. იდეა დაახლოებით 14-15 წელიწადს ითვლის და მე და ჩემს დებს, ლიას და გუნას გვეკუთვნის. 2000 წლიდან ვმართავდით თექის ნამუშევრების გამოფენებს. თექაზე მუშაობისას სპეციფიკურ მეთოდს ვიყენებდით. ხის მერქნის ბოჭკოს ზემოდან ვაკრავდით თექას, რომ უფრო მდგრადი ყოფილიყო და დროთა განმავლობაში არ გამოძენძილიყო. ნარუქით პატრიარქის ფოტოც გვაქვს შექმნილი.

– ნარუქზე საავტორო უფლება დამტკიცებული გაქვთ?

– ახლა მუშაობს ჩვენი ადვოკატი ამ საკითხზე. გვინდა საერთაშორისო ღირებულების საავტორო უფლების აღება.

– თქვენი ძირითადი პროფესია მაინც მსახიობობაა, იყავით მარჯანიშვილის თეატრის დასში, მიწვევით თამაშობდით “თავისუფალ თეატრში”…

– ეს იყო 13 წლის წინ. სპექტაკლ “ჯინსების თაობის” პირველ შემადგენლობაში ვიყავი და პარტნიორობას ნიკო გომელაურს ვუწევდი. ნიკო, გია ტაბიძეს თამაშობდა, მე – მის მეუღლეს. ეს იყო საოცრება – დათო ტურაშვილის პიესა, დათო დოიაშვილის რეჟისურა, ნიკა მემანიშვილის მუსიკა და მსახიობთა არაჩვეულებრივი დასი – ნინო ხომასურიძე, ნიკო გომელაური, ჩემი ყოფილი მეუღლე ზურა სტურუა, ირაკლი კონტრიძე და ა.შ. ახლახან 13 წლის იუბილე აღინიშნა და სპექტაკლი ითამაშა პირველმა შემადგენლობამ, ჩემი, ნიკო გომელაურისა და ვაჟა გელაშვილის გარდა, რადგან ნიკო და ვაჟა სამწუხაროდ, აღარ არიან, მე კი საქართველოში ჩასვლა ვერ შევძელი.

– იყავით ლილი იოსელიანის მოსწავლე და თემურ ჩხეიძის რჩეული. წლების განმავლობაში თამაშობდით მარჯანიშვილის თეატრში. არ გაგიჭირდათ თეატრის დათმობა?

– რთულია, მართლაც გულდასაწყვეტია როდესაც ლილი იოსელიანის მოსწავლე საკუთარი გადაწყვეტილების თუ შექმნილი ვითარების გამო, ასრულებს სამსახიობო კარიერას. მით უმეტეს მაშინ, როდესაც თემურ ჩხეიძის რჩეული ხარ. სწორედ თემურ ჩხეიძემ წამიყვანა მარჯანიშვილის თეატრში. მე არასდროს წამოვიდოდი თეატრიდან ჩემი ნება რომ ყოფილიყო. მიყვარს თეატრი, იმიტომ, რომ ჩემს სათქმელს ვამბობდი სცენიდან. თავის დროზე ამიტომაც გადავწყვიტე მსახიობობა.

– ვისზე იყო დამოკიდებული თქვენი თეატრიდან წასვლა?

– პასუხისმგებლობა მაინც ყოველთვის საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ. ვერ ვიტყვი, კონკრეტულად რამ განაპირობა. იმდენად მიყვარდა თეატრი, რომ წარმოუდგენელი იყო, შევლეოდი. მაგრამ უფალმა მომცა სხვა შესაძლებლობები, რომ ჩემი სათქმელი ვთქვა, იგივე, ლექსის საშუალებით. ვწერ პიესებსაც. ჯერ არაფერი გამომიქვეყნებია და ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რომ ლექსებს ვწერ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი და რომის პაპის შეხვედრა ამ ლექსების საფუძველზე მოხდა.

– საუბრისას აღნიშნეთ, რომ იტალიურ ენას კარგად არ ფლობთ, როგორ ახერხებთ ამ ენაზე ლექსების წერას?

– არ ვიცი, მე თვითონ მიკვირს. იტალიური ენის მცოდნემ რომ მომისმინოს, როგორ ვსაუბრობ იტალიურად, გაეცინება. ძალიან უნიჭო ვარ უცხო ენების შესწავლის მხრივ. ერთი წლის და სამი თვის ჩამოსული ვიყავი, როდესაც პირველი ლექსი დავწერე. თავადაც ვერ ამიხსნია როგორ ვწერ იტალიურ ენაზე. როდესაც ჩემი ლექსები სპეციალისტს მივუტანე კორექტურის გასაკეთებლად, გაოცდა. მხოლოდ რამდენიმე, იტალიური ენისათვის დამახასიათებელი გრამატიკული შეცდომა და სასვენი ნიშანი ჩაასწორა. ტექსტი სრულად გამართული იყო. სულ ვამბობდი, რომ სასწაულები ხდება. და, ჩემი აზრით სასწაულია, რომ ენაზე, რომელსაც შეიძლება ითქვას ვერ ვფლობ, ვწერ ლექსებს.

– ძალიან რთულია ემიგრაციაში ყოფნა, იმ რუტინული და უმძიმესი სამუშაოს შესრულება, რაზეც ძირითადად მუშაობენ ქართველები. ხელოვანი ადამიანისთვის კი ორმაგად რთული მგონია. თქვენ როგორ უმკლავდებით?

– ყოველთვის ვამბობდი, რომ უცხოეთში არ წავიდოდი. თავისთავად შეიქმნა სიტუაცია და ყველაფერი ერთ კვირაში გადაწყდა. მე აქ მხოლოდ გაჭირვების გამო, ფულის დასაგროვებლად არ ვარ წამოსული. მიკვირს კიდეც, აქ ფულს როგორ აგროვებენ და ქონებას როგორ იძენენ. ემიგრაციაში წამოსვლა ისევ და ისევ ჩემმა საქმემ გადამაწყვეტინა. სულ მქონდა ამბიცია, რომ ის, რასაც ვაკეთებდი, ევროპაში ჩამომეტანა. ჯერ არაფერი გამიკეთებია განსაკუთრებული, მაგრამ ყველაფერი წინ არის. მიმაჩნია, რომ ეროვნული ფასეულობების საზღვარგარეთ გატანა და მსოფლიოსათვის გაცნობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ხომ უდიდესი ეროვნული ფასეულობების პატრონები ვართ. ჩემდა გასაკვირად აქ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან საქართველოს არსებობის შესახებ. რაღაცნაირად ვბრაზდები და მწყინს, თუმცა ესენი რა შუაში არიან, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, თანაც საუკეთესო კუთხით. მე ჩემს წილ გასაკეთებელს, ვეცდები რომ გავაკეთო.

რაც შეეხება აქ ჩემ ყოფას… ნამდვილად მიჭირს, მაგრამ არა იმიტომ, რომ იტალიაში ვერ ვძლებ და მოხუცს ვუვლი. არა, ნებისმიერ ქვეყანაში ასე ვიქნებოდი, რადგან ჩემი შვილებისგან ვარ შორს.

ვერ მოვიტყუები და ვერ დავიწყებ ცუდად ლაპარაკს იმ მოხუცზე, ვისთანაც ვმუშაობ. ეს არის ქალი, რომელმაც ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, იტალიური მასწავლა. ის მე სრულ თავისუფლებას მაძლევს. საღამოობით შემიძლია ტელევიზორის წინ საწერკალამით და ფურცლით ვიჯდე და ჩემთვის ვიფიქრო, ფიქრშიც კი არ მიშლის ხელს. ეს მოხუცი თავის ყველაზე უახლოეს ადამიანად მთვლის. ჩემზე ახლობელი მას არავინ ჰყავს. ის მე არ მთრგუნავს. ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ მყავს ადამიანი, რომელსაც შემიძლია ყველაფერი ვკითხო და მაქვს სახლის გასაღები, რაც დიდი ნდობის ნიშანია. ალბათ, ესეც უფლის ნება იყო, რომ მე ჩემს პროექტებზე მეფიქრა და განმეხორციელებინა. გეტყვით, რომ ყველა ასე არ არის. მე ვხვდები, რომ ამ ადამიანში გამიმართლა. იშვიათად ხდება, რომ “ბადანტეს” სახლის გასაღებს ანდობდნენ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან აქ ქართველები, დანევროზებული და ჯანმრთელობა განახევრებულნი.

– როდის აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

– არ ვიცი. ჩემი ოცნებაა, რომ ერთ დილით თვალს გავახელ და გვერდით ჩემს ორ შვილს, ელენესა და ბარბარეს და შვილიშვილ გაბრიელს დავინახავ. ოცნებები ხდება.

ნინო მამუკაძე

იტალიიდან