აშშ-ში ქართველი აირჩიეს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრად

0
6082

აშშ-ში ქართველი კანდიდატი აირჩიეს

აშშ-ში, ნიუ იორკში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის წევრი ქვეყნების მე-20 შეხვედრაზე გამართულ არჩევნებში, საქართველოს კანდიდატი, დოქტორი ლია ნადარაია, 2019-2022 წლების ვადით, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრად აირჩიეს.

საქართველოსთან ერთად, კომიტეტში არსებულ 12 ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო 16 ქვეყნის კანდიდატი.

არჩევნების შედეგად, კომიტეტის წევრებად არჩეულ იქნა შემდეგი ქვეყნების მიერ წარდგენილი ექსპერტები: საქართველო, აზერბაიჯანი, ალჟირი, ბულგარეთი, ბურკინა ფასო, ეგვიპტე, ესპანეთი, იაპონია, მავრიკი, პერუ, საუდის არაბეთი, ტრინიდადი და ტობაგო.

ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში შესაბამისი კომპეტენციის მქონე 23 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შედგება და ზედამხედველობას უწევს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის შესრულებას.

აღსანიშნავია, რომ აპრილში საქართველო გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. ასევე, მაისში ქართველი კანდიდატი, ვლადიმერ მკერვალიშვილი ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის წევრად შეარჩიეს.

წყარო:imedinews.ge