პარლამენტი დაუმუშავებელი მიწების შესახებ რეგულაციის გამკაცრებისთვის ემზადება

0
1420

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით დაუმუშავებელი და გამოუყენებელი მიწაა. სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ ორგანული კანონი, რომელიც ჯერ მომზადების ეტაპზეა, ამ საკითხსაც დაარეგულირებს.
აშკარაა, რომ კანონმდებლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გამკაცრდება. როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში ამბობენ, სახელმწიფო უცხოელების საკუთრებაში არსებული აუთვისებელი მიწების ჩამორთმევას არ გამორიცხავს. ამის თაობაზე პირველად კომიტეტის თავმჯდომარემ – ოთარ დანელიამ განაცხადა. ამგვარი მიდგომა სრულიად გასაგებია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში 45-50 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაშია. „აღნიშნულ ინიციატივას მეც ვემხრობი“ – აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ – ლაშა დამენიამ.

ლაშა დამენია: მიუხედავად იმისა, რომ მე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ვარ, ხოლო ოთარ დანელია – „ქართული ოცნებისა“, ამ საკითხში ყველანი ვთანხმდებით: ქვეყანაში წლობით გაჩერებული და მოცდენილი მიწა არ უნდა იყოს. ასეთი მიწა მესაკუთრეს უნდა ჩამოერთვას და ხელახლა გაიყიდოს, ან იჯარით გაიცეს. როდესაც სახელმწიფო მიწას ყიდის, ან იჯარით გასცემს, ეს ნიშნავს, რომ ინვესტორმა ახალი სამუშაო ადგილები უნდა შექმნას, ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმოს და იმ ქვეყანას, სადაც ქონება შეიძინა, დოვლათი შემატოს. თუ მიწის მფლობელი ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, მეც ჩამორთმევის მომხრე

ვარ. მართალია, დაუმუშავებელი მიწები ბევრი გვაქვს, მაგრამ წარმატებული ინვესტორებიც გვყავს, მაგალითად, სამეგრელოში, სადაც უცხოელებმა თხილისა და მოცვის პლანტაციები გააშენეს, კახეთში, სადაც უცხოელებმა მიწები შეიძინეს და ვაზი გააშენეს – მოკლედ, წარმატებული პროექტები გვაქვს და ამ ფონზე სხვებმაც უნდა იაქტიურონ. ბოლოს და ბოლოს, ამ მიწის გადასახადს ხომ იხდიან?“, – განაცხადა დამენიამ.

პარლამენტარის თქმით, ის თავის დროზე პარლამენტის მიერ მიღებული მორატორიუმის წინააღმდეგი იყო, თუმცა, ამ ინიციატივის საწინააღმდეგო არაფერი აქვს: „ჩემი აზრით, უცხოელებს სასოფლო სამეურნეო მიწების შეძენა აკრძალული არ უნდა ჰქონდეთ. ამიტომ, პარლამენტის მიერ მიღებული მორატორიუმის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე მეც ვიყავი, მაგრამ ინვესტორებმა შეძენილი მიწა აუცილებლად უნდა გამოიყენონ. ამიტომ, პრინციპი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაუმუშავებელი მიწა ჩამოერთვას, ან აუქციონზე გავიდეს, ან საქართველოს მოქალაქემ იყიდოს, რომელიც ამ მიწას დაამუშავებს და მატერიალურ დოვლათს შექმნის, სავსებით მისაღებია. მართალია, ეს ჯერ მხოლოდ ინიციატივაა, მაგრამ ჩვენს კომიტეტში მას ყველა მხარს დაუჭერს“, – აცხადებს დამენია.

აგრონომი აკაკი ღლონტი კი მიიჩნევს, რომ წარუმატებელი პროექტები უფრო მეტია, როცა უცხოელებმა მიწა შეისყიდეს, აღარ დაამუშავეს და მერე ეს მიწა გავერანდა.

„ადამიანი, სულ ერთია, უცხოელია ის, თუ ქართველი, მიწას რომ შეიძენს, კიდეც უნდა გამოიყენოს. სამწუხაროა, რომ ყოველთვის ასე არ ხდება: მე ვიცი ძალიან ბევრი მაგალითი, როცა უცხოელებმა მიწები შეიძინეს, მაგრამ არ გამოიყენეს და წლების განმავლობაში ეს მიწები გაველურდა. წარმატებული ინვესტირების მაგალითები ზღვაში წვეთია, მე მხოლოდ ერთეული ფაქტები მახსენდება, როცა უცხოელი ინვესტორი საქართველოში შემოვიდა, აქ მეურნეობა ააწყო და ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმა. პირველ რიგში ასეთ ინვესტორად „ფერეროს“ ასახელებენ, რომელიც სამეგრელოში თხილის ბიზნესს აწარმოებს, მაგრამ ეს უმდიდრესი ორგანიზაციაა: მას უცხოეთში 3-მილიარდიანი კაპიტალი აქვს, თანაც, ჩვენთან თხილის ფასი დაბალია, ევროპაში კი – გაცილებით ძვირი ღირს, ამის გამო „ფერერო“ მოგებას ნახულობს, თუმცა, გასულ წელს ამ კომპანიამაც წაგება ნახა“, – აცხადებს ღლონტი.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და თუ გამოიკვლია ვინმემ, რატომ არის ეს მიწები დაუმუშავებელი, აღმოაჩენს იმას, რომ ჩვენი აგრარული სექტორი არაკონკურენტუნარიანია.

„ბევრჯერ ითქვა, რომ ჩვენი ფერმერები კონკურენციას ვერ უწევენ იაფ, მაგრამ საეჭვო ხარისხის იმპორტირებულ პროდუქციას. როდესაც რაღაც ძალიან დაბალ ფასად იყიდება, როგორ დავუმტკიცო მყიდველს, რომ ჩემი ნაწარმი ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა, მისი კი – შხამქიმიკატებით გაჯერებული? უბრალო საკითხი ვერ მოგვიგვარებია: ჩვენს ბაზრებში კონტროლს 1 საათზე იწყებენ, ამ დროს ყველაფერი უკვე გაყიდულია და შემოწმებას რა აზრი აქვს? ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ქართველმა გლეხმა თავის მიწაზე სარგებელი ვერ ნახა და უცხოეთში გაიქცა, იქ მუშაობს, ჩვენი მიწები კი, დაუმუშავებელი და გავერანებულია, სამწუხაროდ, დაუმუშავებელი მიწები საქართველოს ნებისმიერ კუთხეში გვხვდება. თავის დროზე ეს მიწა ჩალის ფასად იყიდეს იმ მიზნით, რომ მერე გაეყიდათ, ვეღარ გაყიდეს და დარჩათ. მე მახსოვს 1 კვ.მ. ფართობი მიწა 17-20 თეთრი რომ ღირდა, 1 ჰექტარი მიწის შეძენა 1700-2000 ლარი უჯდებოდათ და რატომ არ შეიძენდნენ?

ჩემი აზრით, დაუმუშავებელ მიწების მფლობელები უნდა დაიბეგრონ – მაღალი გადასახადის დაწესება ამ პრობლემას ძალიან სწრაფად მოაგვარებს. კერძო საკუთრებას ასე ადვილად ვერ ჩამოვართმევთ, მაგრამ თუ დაუმუშავებელ ფართობზე გადასახადი 15-20-ჯერ მეტი იქნება, მისი მეპატრონე ამ მიწას თავისთავად დათმობს. ასეთ ხალხს უნდა შევახსენოთ, რომ მიწა სიმდიდრეა, სიმდიდრეს კი – გაფრთხილება და გონივრული გამოყენება სჭირდება“ – აცხადებს აკაკი ღლონტი.

ხათუნა ჩიგოგიძე

წყარო: სააგენტო ბიზნესპრესნიუსი