ჭარბვალიანობა სიღარიბის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა – ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

0
1689

ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჭარბვალიანობა სიღარიბის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა.

“გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება, რისთვისაც დაგეგმილია: კაპიტალის ბაზრის რეფორმის, საპენსიო რეფორმის, საჯარო კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარების, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ჩამოყალიბება და ხარისხობრივი და ტექნოლოგიის ტრანსფერზე ორიენტირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და მუდამ იქნება უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, მაგრამ ჩვენთვის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებში ჩვენ გავზარდოთ წილი მაღალ ტექნოლოგიური ინვესტიციების“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სოციალურად მდგრადი და ეფექტიანი ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემას.

“ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას, ეს არის სწორედ ის რელევანტური შეფასება, რაც დღეს შეიძლება ჩვენ მივცეთ იმ სიტუაციას, რაც არის ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით. იგი არის სიღარიბის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. იგი, ერთი მხრივ, ამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანები, რომლებსაც შეექმნებათ პრობლემები, ამოვარდნილი არიან აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი მოსახლეობიდან დაახლოებით 630 000 ადამიანი დღეს არის ე.წ. შავ სიაში და ის მოკლებულია განახორციელოს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრება. ამ ადამიანთა რიცხვში არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნესპროექტები, არიან მცირე მეწარმეები, მაგრამ ვერ ავითარებენ თავიანთ პოტენციალს, ვერ ასაქმებენ ხალხს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ შორის უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემამ გამოიწვია მათი ჩამოშორება ეკონომიკური ცხოვრებიდან. ეს რას ნიშნავს, ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 25-30 პროცენტი მოკლებულია იმ საშუალებას, რომ იყოს ჩართული ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ინკლუზიურ ზრდაზე. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. ბევრი კრიტიკა მოვისმინე ამ საკითხზე, სრულიად უსაფუძვლო, მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრება, ეს არის მოსაზრება რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ. ეს არის მხარდაჭერილი ყველა ჩვენი ძირითადი პარტნიორის მიერ და ეს იქნება სწორედ ჯანსაღ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ცვლილება თამაშის წესებში. ყველაფერი, ის რაც მოგახსენეთ მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს, საქართველოს, როგორც საიმედო, კომფორტული და სტაბილური პარტნიორის იმიჯზე. მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენი ეკონომიკისთვის სასიცოცხლო ამოცანის შესრულება, რაც ნიშნავს საქართველოს უფრო ეფექტურ ინტეგრირებას მსოფლიო ეკონომიკაში“, – განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.