ფულადი სოციალური დახმარების პროგრამა საქართველოში

0
2965

 ოჯახს რომელსაც სურს მიიღოს სოციალური  დახმარება უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შეავსოს დადგენილი ფორმის განაცხადი და დარეგისტრირდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ყველა წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, განაცხადის შევსება შესაძლებელია ოჯახის საცხოვრებელ ადგილზე (სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტის დროს).

განაცხადის შესავსებად დაგჭირდებათ:

  • ოჯახის სრულწლოვანი წევრ(ებ)ის პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო არასრულწლოვანი წევრ(ებ)ის შემთხვევაში, დაბადების მოწმობა სადაც მითითებულია პირადი ნომერი,
  • მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება, თუ განცხადება შეაქვს პირს, რომელიც ოჯახის წევრი არ არის.

განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ ოჯახში სააგენტოს უფლებამოსილი პირის (სოციალური აგენტი) ვიზიტის დროს, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შეივსება “ოჯახის დეკლარაცია”, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. დეკლარირებული ინფორმაცია დასტურდება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით. დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში განთავსებისა და დადგენილი მეთოდოლოგიით დამუშავების შემდეგ ოჯახს მიენიჭება სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობაც განსაზღვრავს ოჯახის უფლებას რაიმე სახის ბენეფიტზე (ფულადი სოციალური დახმარება, და სხვა).

 რა შემთხვევაში ინიშნება ფულადი სოციალური დახმარება?

მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის შემდეგი ოდენობები:

  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.

ფულად დახმარებას ოჯახი მიიღებს, საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურის განხორციელების შემდგომ, მინიჭებული სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლიდან მეორე თვეს.

ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება:

  • სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა,
  • იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი,
  • ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას სამ დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში),
  • ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი,
  • სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი,
  • სპეციალიზებულ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი.

 სად უნდა მივიღოთ კუთვნილი ფულადი სოციალური დახმარება?

თანხის მისაღებად, მიმართეთ სს “ლიბერთი ბანკს”, სადაც ანგარიშის გახსნისა და პლასტიკური ბარათის დამზადების შემდეგ, ყოველთვიურად ჩაგერიცხებათ კუთვნილი ფულადი დახმარება.

ფულადი დახმარების მისაღებად სს “ლიბერთი ბანკში” ანგარიშის გახსნა უფასოა.

ოჯახს არ აქვს უფლება, საარსებო შემწეობასთან ერთად, მიიღოს დევნილის ყოველთვიური შემწეობა.

რა შეიძლება გახდეს ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი?

 ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზები შეიძლება იყოს:

  • ოჯახის განცხადება,
  • ოჯახის სარეიტინგო ქულის ცვლილება,
  • ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება.

რა შემთხვევაში შეიძლება ოჯახს შეუწყდეს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია?

 მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტა და/ან განმეორებითი რეგისტრაციის მოთხოვნის აკრძალვა გამოიყენება სააგენტოსათვის ყალბი ან არასწორი მონაცემების მიწოდების ან/და ოჯახის მიერ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის (მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული ან/და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის თაობაზე, სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდება და სხვა) შეუსრულებლობის შემთხვევაში.

ფულადი საარსებო შემწეობის მიღების მსურველი ოჯახის უფლებამოვალეობანი:

  • მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით დღე – ღამის განსაზღვრულ პერიოდში (დილის 8:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე) დაუბრკოლებლად შეუშვას სააგენტოს უფლებამოსილი პირი თავის საცხოვრებელ ბინაში, მისცეს მას საშუალება სრულად დაათვალიეროს ოჯახის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართობი თუ საერთო სარგებლობის სათავსები, შეამოწმოს ყოფითი პირობები,
  • ობიექტური პასუხები გასცეს უფლებამოსილი პირის შეკითხვებს და არ დაამახინჯოს ფაქტები, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო დოკუმენტები, ხელი მოაწეროს გამოკითხვის შედეგად შევსებულ დოკუმენტს, განსხვავებული აზრის არსებობისას დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნები,
  • სააგენტოს უფლება აქვს ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას,
  • ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში,
  • მიეცეთ მოპოვებული ინფორმაცია სხვა სოციალური დახმარების დამნიშვნელ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რაც მიმართული იქნება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ,
  • სოციალური დახმარების დანიშვნის ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი სხვა შეღავათებით სარგებლობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, ოჯახის მიერ სოციალური დახმარების (შეღავათის ან სხვა სახის სარგებლის) მიღების თაობაზე ინფორმაცია გახდეს საჯარო,
  • ამ წესის მიზნებისთვის განსაზღვრული, ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი ამ წესით გათვალისწინებული პირობებით დარეგისტრირდეს „სამუშაოს მაძიებლად” შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge,
  • ოჯახს უფლება აქვს გაეცნოს მონაცემთა ბაზაში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას, მოითხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემებში ცვლილებების (შესწორებების) შეტანა, მოითხოვოს ამონაწერი მონაცემთა ბაზიდან, ასევე, ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.