თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, ლოზუნგით – „ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე“, 15 სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენელ 80 ქალს უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა.
აქცია ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკაში ,,ახალი სიცოცხლე“ გაიმართა, სადაც პაციენტებს კვალიფიციური კონსულტაცია და კვლევები კლინიკის პროფესიონალმა ექიმებმა ჩაუტარეს.
ლაბორატორიული კვლევის პარალელურად, პაციენტებმა, საჭიროების მიხედვით, კონსულტაცია შემდეგი პროფილის ექიმებთან გაიარეს: მამოლოგი, მეან-გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, თერაპევტი, ნევროლოგი. ასევე, პაციენტებს, საჭიროების შემთხვევაში, ელექტროკარდიოგრაფიული, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევებიც ჩაუტარდათ.
რიმა ბერაძის განცხადებით, მოქალაქეები ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების თხოვნით წარმომადგენლობას ხშირად მიმართავენ და ამიტომ, სხვადასხვა პროფილის კლინიკებთან თანამშრომლობით, მსგავსმა აქციამ უკვე კამპანიური ხასიათი მიიღეს.
„მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. ამიტომ მოსახლეობისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევას ჩვენ სისტემატურად ვცდილობთ, რადგან დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა ჯანმრთელობის შენარჩუნების საწინდარია“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი უფასო სამედიცინო კვლევები მომავალშიც გაგრძელდება.