ემიგრაციაში წასვლის ძირითად მიზეზად ზვიად კვაჭანტირაძეს ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები მიაჩნია, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პრემიერ-მინისტრის დამტკიცებისას პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა. მისი განცხადებით:,,იმედის მომცემია დიასპორის მიმართ პრემიერ მინისტრის განწყობა, მით უმეტეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ,როგორც მინინუმ, მილიონ ნახევარ ადამიანზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ საქართველო სხვადასხვა მიზეზით. რიგ შემთხვევებში ეს იყო ომის ქარტეხილები, პოლიტიკური მოტივებიც, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ემიგრაციაში წასვლის ძირითადი მიზეზი, მაინც ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები იყო. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, როგორც წინა ხელისუფლებების ძალით თუ უნებლიე მემკვიდრე, ვალდებულნი ვართ ამ ხალხის წინაშე და გვმართებს ადეკვატურად გავიაზროთ და გავითავისოთ ქართული დიასპორისა და ემიგრაციის წინაშე ჩვენი მოვალეობები.
დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ფიქრობს რომ დიასპორის მნიშვნელობის გასააზრებლად საქართველოს პარლამენტის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ხელისუფლება უფრო მოტივირებული უნდა იყოს დიასპორის და ემიგრაციის მიმართ სამთავრობო პოლიტიკის განხორციელებისას:,, საქართველოს პარლამენტმა ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი რამ გააკეთა – საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით, ჩვენს მიერ პირველად ქართული კონსტიტუციების ისტორიაში დაფიქსირდა დიასპორის როლი, სახელმწიფოსა და დიასპორას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და განმტკიცების აუცილებლობა, რაც ხელისუფლებას ავალდებულებს, გაცილებით მეტად მონდომებული და ადეკვატური იყოს დიასპორისა და ემიგრაციის წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
დარწმუნებული ვარ, ქართული დიასპორა და ემიგრაცია დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს დღეს მიმდინარე მოვლენებს, რადგანაც მათი ინტერესი საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ სულ უფრო და უფრო მზარდია, მით უმეტეს, რომ დღეს ჩვეულებრივ და ორდინალურ მოვლენას არ აქვს ადგილი, ვინაიდან საქართველოში იცვლება მთავრობა, იცვლებიან მინისტრები, რომელთაც თავიანთი ხედვები აქვთ და ყველას აინტერესებს ეს საკითხი.
ქართულმა ემიგრაციამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ხელისუფლება, როგოც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი, ადასტურებს, რომ ეს ქვეყანა გულწრფელად მზადაა და სამშობლოს კარი მუდამ ღიაა მათთვის, ვისაც სურვილი და მონდომება გააჩნია დაბრუნდეს საქართველოში.
მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ გაცილებით მეტად მოტივირებულნი, რომ შევქმნათ სათანადო პირობები. შესაბამისად, იმ ინოვაციური გეგმებისა და რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც წარმოადგინეთ ჯერ ფინანსთა მინისტრის და ეხლა – პრემიერ მინისტრის პოსტზე ხუთპინქტიანი გეგმის ფარგლებში, ქართულ დიასპორასა და ემიგრაციას ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მე მხოლოდ სამეცნიერო და ინტელექტუალურ პოტენციალს არ ვგულისხმობ, რომელზედაც თქვენ ისაუბრეთ. ამასთან, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ფულად გზავნილებს, რომლებიც ხშირად საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტოლია და ზოგჯერ აღემატება კიდეც. ეს ფულადი გზავნილები ჩვენი ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. თუნდაც აქედან გამომდინარე ქართული დიასპორა და ემიგრაცია მეტ ყურადღებას იმსახურებს.” – აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.