საქართველოში ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა 332.1 მლნ ლარია

0
2640

2018 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 135.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 332.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14.8%-ით (17.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკიდან ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6% იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

„იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 94.2% მოდიოდა. 2018 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.9 მლნ აშშ დოლარი (43.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.8 მლნ აშშ დოლარისა (42.8 მლნ ლარისა) გასული წლის ივნისში,” – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზვიად კვაჭანტირაძის შეფასებით: ,, ფულადი გზავნილები ჩვენი ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ჩვენი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები ამით დიდ დახმარებას უწევენ  საკუთარ ოჯახებს და ქვეყანას” .