ემიგრაციისა და დიასპორის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი პრემიერ -მინისტრს სამ პუნქტიან გეგმას სთავაზობს: ,, მისასალმებელია პრემიერ-მინისტრის ყურადღება დიასპორის მიმართ, ვფიქრობ, ეს პროგრესია ამ მიმართულებით, რომელიც ყველა იმ ჯგუფის ბოლოდროინდელი აქტიურობის დამსახურებაა, ვინც ამ მიზნით ძალ-ღონეს არ იშურებდა და ახდენდა თემის აქტუალიზებას. ჩვენ გვახსოვს წლების მანძილზე მივიწყებული დიასპორა, რომლებსაც არცერთი მაღალჩინოსანი პრაქტიკულად აღარც ახსენებდა, უფრო მეტიც, ქვეყნის პირველი პირები წინასაახალწლო მილოცვებშიც კი ერთი სიტყვით არ ახსენებდნენ 1 700 000-ზე მეტ თანამემამულეს !
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მივესალმები ბატონი ბახტაძის დამოკიდებულებას, ის პრემიერობამდეც ამ საკითხებს უთმობდა ყურადღებას, რისი დადასტურება თავადაც შემიძლია, თუმცა მე მასთან ამ თანამდებობის დაკავების შემდეგ არ მქონია კომუნიკაცია და იმედი მაქვს არ დარჩება იმ არაფრისმთქმელი მიდგომის ფარგლებში, რომელსაც ,,დიასპორასთან ურთიერთობის შენარჩუნება და განმტკიცება ქვია”, ეს არ არის სამართლიანი, სამართლიანია მხოლოდ 3 მიდგომა:
1. მიმღებ ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების ეროვნული მექანიზმების ამოქმედება;
2. 1 პუნქტის კვალდაკვალ, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება-რეინტეგრაციის რეალური და ეფექტური სპეციალური პროექტების ამოქმედება;
3. ათწლეულების და ასწლეულის მანძილზე სამშობლოდან გადახვეწილ დიასპორელებთან იმ ტიპის სახელმწიფოებრივი და საქმიანი ურთიერთობის ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს მათ საქმიან კავშირს სამშობლოსთან, მათ შორის მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში.
თუ პრემიერ-მინისტრს სურს რეალური ნაბიჯების გადადგმა, მზად ვარ ამ ნაბიჯების გადადგმაში აღმოვუჩინო მხარდაჭერა, თუ ის იზიარებს ჩემი და ჩემი გუნდის 3 პუნქტიან პოლიტიკას, მზად ვარ შეხვედრისთვის და სამუშაო ფორმატის ფორმირებისთვის.
ჩვენ, ყურადღებით ვადევნებთ თვალს მის ნაბიჯებს.
მიზანი არის მხოლოდ #comebacktogeorgia ! საქართველოს მოღონიერებისთვის !” – ნათქვამია ირაკლი ღლონტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.