უეფა გურამ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის დააჯილდოვებს. #EqualGame უეფას ახალი ჯილდოა, რომელიც პირველად ქართველ ფეხბურთელს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უეფას ოფიციალური ფეისბუქგვერდი ავრცელებს. “ლგბტ საზოგადოების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის, გურამ კაშია #EqualGame-ის პირველ ჯილდოს მიიღებს”, – წერია უეფას განცხადებაში.
UEFA-ს ოფიციალურ გვერდზე გურამ კაშიას სტატიაც მიუძღვნეს. სტატიაში ნათქვამია, რომ გურამ კაშიას ჯილდო ლგბტ თემის საჯაროდ მხარდაჭერის გამო გადაეცა. ეს მოიცავდა როგორც განცხადებებს, ისე მოედანზე ლგბტ-ს ფერებში გაკეთებული კაპიტნის სამკლაურის ტარებას. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ჟესტის გამო კაშია სამშობლოში მკაცრად გააკრიტიკეს.
“კაშიას ჟესტი ნეგატიურად და მტრულად მიიღეს მის სამშობლოში. მათ შორის, ადამიანები ითხოვდნენ, რომ კაშია ეროვნული ნაკრებიდანაც მოეკვეთათ. მიუხედავად ამისა, ის არ შეუშინდა მუქარასა და ლანძღვას და განაცხადა, რომ საკუთარ საქციელს არ ნანობს”, – აღნიშნულია სტატიაში.
UEFA-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ისიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და მისმა თანაგუნდელებმა გურამ კაშია უეფასთან საუბარში ამბობს, რომ ამ ჯილდოს მიღების გამო ძალიან ამაყობს. “ვამაყობ, რომ უეფამ #EqualGame-ის ჯილდო მე გადმომცა. მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, განურჩევლად იმისა, თუ რისი გწამს, ვინ გიყვარს და რას წარმოადგენ… მადლობა უეფას პრეზიდენტს ამ ჯილდოსთვის. სადაც არ უნდა ვითამაშო, ყოველთვის გავაგრძელებ თანასწორობის უფლებების დაცვას”, – ამბობს კაშია.
გურამ კაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანია. ის აქამდე ნიდერლანდების გუნდ ვიტესის კაპიტანი იყო, ახლა კი აშშ-ში, სან ხოსეს ფეხბურთელია.
გასული წლის ოქტომბერში, ფეისბუკზე მისი ფოტოს გამოჩენამ, რომელზეც თამაშის დროს, ლგბტ დროშის ფერებში სამკლაური უკეთია ქართველი მომხმარებლების ნაწილი გააღიზიანა. მოგვიანებით კაშიამ განაცხადა, რომ ძალადობის წინააღმდეგია და არ ნანობს რაც გააკეთა. თავად სამკლაური კი ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილია.