ქართველი ფეხბურთელის წარმატება შვეიცარიაში

0
1375

ოთარ კაკაბაძე „ლუცერნმა“ დაიმატა – ამის შესახებ შვეიცარიულმა კლუბმა ოფიციალურად განაცხადა და ქართველი ფეხბურთელი წარადგინა. „ლუცერნის“ ცნობით, „ხიმნასტიკიდან“ დამატებულმა საქართველოს ნაკრების მცველმა კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. შვეიცარიული მედიის ცნობით, „ლუცერნს“ ეს ტრანსფერი 500 ათასი ევრო დაუჯდა.„ოთარის ტრანსფერით მარჯვენა ფლანგზე გავძლიერდით. კაკაბაძე ახალგაზრდა და წარმატებაზე მომართული მოთამაშეა. დარწმუნებულნი ვართ, რომ მას თავისი პოტენციალი ჯერ ბოლომდე არ გამოუვლენია“, – აღნიშნა წარდგენისას „ლუცერნის“ სპორტულმა დირექტორმა რემო მეიერმა.

კომენტარი ოთარ კაკაბაძემაც გააკეთა: „ბედნიერი ვარ „ლუცერნში“ გადმოსვლით. მოუთმენლად ველოდები იმ შეხვედრას, როდესაც ამ გუნდში პირველად ვითამაშებ და თანაგუნდელებს დავეხმარები. დიდი მადლობა შესანიშნავი დახვედრისთვის“.

შეგახსენებთ, რომ კაკაბაძის სახელს ზაფხულში ლა ლიგას უკავშირებდნენ და „ხეტაფეს“ ვარიანტიც სახელდებოდა, თუმცა საქართველოს ნაკრების მცველი საბოლოოდ, „ლუცერნში“, ვაკო გვილიასთან ერთად აღმოჩნდა.