საქართველოს ეკონომიკური ატაშეების შერჩევა-დანიშვნის პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა “ინტერპრესნიუსის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ზალკალიანი აცხადებს, ეკონომიკური ატაშეების შერჩევის პროცესი სამთავრობო ცვლილებების გამო გაჭიანურდა.
“პროცესი მიმდინარეობს. გარკვეული სამთავრობო ცვლილებების გამო გაჭიანურდა, გახანგრძლივდა, მაგრამ სავარაუდოდ, პროცესი მალე დასრულდება”,- განაცხადა ზალკალიანმა.
ცნობისთვის, კომერციული ატაშე ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით ინიშნება. შესაბამისი ცვლილება ”დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში” 2016 წელს შევიდა, რომლის მიხედვითაც, დიპლომატიურ წარმომადგენლობებში კომერციული ატაშეს ინსტიტუტი შეიქმნა. განსაზღვრულია 6 მიმართულებაც, თუმცა ატაშეების შერჩევის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.