ქართული მედია საშუალება www.ambebi.ge იტალიურ www.leccenews24.it ზე დაყრდნობით იუწყება რომ: ,,იტალიაში დააკავეს ორი ქართველი მამაკაცი, რომლებსაც არალეგალი მიგრანტების უკანონო გადაყვანაში ედებათ ბრალი. სააგენტოს ცნობით იტალიელმა სამართალდამცველებმა ტრეფიკიორები 18 ოქტომბერს, გამთენიისას დააკავეს, მაშინ როცა 14-მეტრიანი ნავით, იტალიის საზღვაო საზღვარი გადაკვეთეს, ლეჩეს პროვინციაში ქალაქ გალაპოლში შევიდნენ და სანაპიროდან უახლოესი დასახლებისაკენ აიღეს გეზი. ნავში 71 არალეგალი იმყოფებოდა, რომლებიც დაუდასტურებელი ინფორმაციით პაკისტანელები არიან. შემთხვევის შესახებ იტალიური მედია წერს.
კარაბინერებისა და ფინანსური პოლიციის ერთობლივი ოპერაციის შედეგად, მოხდა ნავის კონფისკაცია და მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრში გადაყვანა, სადაც ამჟამად მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს.” – იუწყება საინფორმაციო სააგენტო.
იტალიაში კარაბინერების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ბრალს არ აღიარებენ და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.