მიხეილ ჯანელიძე სოფლის მეურნეობაში ევროკავშირის დახმარებამ 500 მილიონ ლარს გადააჭარბა

0
1612

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პირველი ფაზის (2014-2017 წწ) შედეგების შემაჯამებელ კონფერენციას – „სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის“ დაესწრო.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიმართეს.

პრეზენტაციებით წარდგნენ ENPARD-ის ბენეფიციარები, რომელთაც საკუთარ გამოცდილებასა და მათი კოოპერატივების განვითარებაში ევროკავშირის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრეს.

„ეს არის ევროკავშირის უპრეცედენტო საგრანტო დახმარება სოფლის მეურნეობის და სოფლად განვითარების მიმართულებით. უკვე 250 ათასი ბენეფიციარი ჰყავს ამ პროგრამას, ტექნიკური დახმარების, ინფორმაციის გაზიარების, თუ ა.შ. აღნიშნული პროგრამის შედეგად საგრანტო დახმარებამ 500 მილიონ ლარს გადააჭარბა. საუბარია დახმარებაზე, რომელიც ქმნის ახალ ქართულ პროდუქტს, რომელიც უზრუნველყოფს ახალი ქართული პროდუქციის დაშვებას 500 მილიონიან ბაზარზე და ეს არის მაგალითი თუ რა კონკრეტული პრაქტიკული სარგებელი აქვს ევროპული ინტეგრაციის პროცესს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ეს არის ერთი იმ პროგამათაგანი, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხრიდან და რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, გაძლიერებას და ჩვენს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ კონფერენციის დასრულებისას.

აღსანიშნავია, რომ ENPARD-ის პირველი ფაზა 2014-2017 წლებში 150 მილიონი ლარის ბიუჯეტითმიმდინარეობდა. მისი ძირითადი მიზანი ეფუძნება სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სექტორში ჩართული სხვა ინსტიტუციების მოდერნიზებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების ხელშეწყობას, მათ მიერ  ფერმერებისათვის უკეთესი კონსულტაციების  გაწევაში დახმარებას და საქართველოში სოფლის განვითარების ევროპული მოდელის დანერგვას.

კონფერენციის ფარგლებში მოეწყო კოოპერატივების პროდუქციის დეგუსტაცია და ევროკავშირის დაფინანსებული სოფლის განვითარების ინიციატივების ფოტო-გამოფენა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის წარმომადგენლები, ENPARD-ის განმახორციელებელი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. 1tv.ge