ანგელა მერკელი – ევროკავშირის ქვეყნები საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხზე კვლავ ვერ თანხმდებიან

0
1366

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხზე ერთიანობას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
„ამ საკითხთან მიმართებაში არსებული პოზიციები არ შეცვლილა“, – განაცხადა მერკელმა.

მისივე თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების წინაშე დგას „ნათელი ამოცანა“ – 2018 წლის ივნისამდე გააგრძელონ მუშაობა ამ პრობლემის მოგვარებაზე.

ევროკავშირის წევრი 28 ქვეყანა უკვე რამდენიმე წელია ვერ თანხმდება რიგ საკითხებზე, რომლებიც მიგრანტთა პრობლემებს ეხება. ყველაზე დიდ დავას იწვევს ის საკითხი, თუ როგორ უნდა აღმოუჩინონ დახმარება ახალი საიმიგრაციო კრიზისის შემთხვევაში ქვეყნებს, რომლებიც მიგრანტთა ძირითად მასას მიიღებენ.

ევროკომისია და ზოგიერთი ქვეყანა მხარს უჭერს გადანაწილების ისეთ ვარიანტს, რომელიც მიგრანტთა მიღების აუცილებლობას ითვალისწინებს. პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთი კი ამ საკითხში დაძალების ნებისმიერ ფორმას ეწინააღმდეგებიან.