“დღეს, უზბეკეთის პროფესიულმა ფეხბურთის ლიგამ და ფეხბურთის ფედერაციამ, წლის საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად დამასახელა. მადლობა ყველას, პირველ რიგში კლუბს და ფეხბურთელებს, ასევე მათ ვინც საუკეთესოდ დამასახელა და ვინც ამ პრიზის მოგებაში დამეხმარა” – ეს პოსტი საკუთარ სოციალურ გვერდზე ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა შოთა არველაძემ გაავრცელა.
იგი უზბეკეთში დღეს აღიარეს. ქართველის გარდა, უზბეკეთის პროფესიულმა ფეხბურთის ლიგამ და ფეხბურთის ფედერაციამ წლის შემაჯამებელი ღონისძიებაზე წლის საუკეთესო უცხოელ მწვრთნელის ნომინაციაში დაასახელეს ალექსანდრე ხომიაკოვი (“მაშალი”) და მირკო ელიჩიჩი (“ლოკომოტივი”), საუკეთესოდ კი ქართველი აღიარეს.
არველაძის აღიარება გასაკვირი არაა: მან ტაშკენტის “ფახთაქორი” ზაფხულში სავალალო მდგომარეობაში ჩაიბარა – ამ დროს, უზბეკეთის ყველაზე ცნობილი საფეხბურთო გუნდი მე-13 ადგილზე იმყოფებოდა. საბოლოოდ კი, არველაძემ გუნდი “დაქოქა” და “ფახტაკორი” მე-3 ადგილზე გავიდა და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.