ესპანეთი საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ მისცემს- ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრჟოზეფ ბორელ ფონტელიესი აცხადებს. ესპანური გამოცემა cope.es-ის ცნობით, ეს განცხადება ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თავის ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე გააკეთა.
„ეს ნაკადი უნდა შემცირდეს და ამ ადამიანებმა არ უნდა ხარჯონ დრო და ფული ამოცანებზე, რომლებიც ვერ შესრულდება. საქართველოში ბოლო წლებში სიტუაცია არ შეცვლილა, თუმცა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 40-დან 1000-მდე გაიზარდა, – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება, ის იყო, რომ „საქართველოს მოქალაქეების გულუბრყვილობას ან გაუნათლებლობას ზოგიერთი ადამიანი ბოროტად იყენებს, მათ არასწორ გზაზე აყენებს და ესპანეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას ურჩევს“.