“ქართული ყველის” საბერძნეთის ბაზარზე გატანა, ქართველ ფერმერებს ემიგრაციაში წასულმა ბებიამ და შვილიშვილმა დაასწრეს

0
2744

 იმედის კვირის რეპორტაჟის თანახმად  იმერული ყველის და მეგრული სულგუნის საბერძნეთის ბაზარზე გატანა, ქართველ ფერმერებს ემიგრაციაში წასულმა ბებიამ და შვილიშვილმა დაასწრეს.

ირინა როსტიაშვილისა და ფოთოლა ორველაშვილის წარმატებული ბიზნესის ისტორია სამი წლის წინ, ერთი ძროხით დაიწყო. ამჟამად ქართულ – ბერძნულ საოჯახო ფერმაში, ჰოლანდიიდან და გერმანიიდან ჩამოყვანილი ძროხების რძით, ყველს ქართული ტექნოლოგიით ამზადებენ. ისომაში ქართული საუბარი, მზის პირველი სხივის ამოსვლისთანავე იწყება, დასავლეთ საბერძნეთის პატარა სოფელში უკვე კარგად იციან, რომ იქ ბერძნულ – ქართული ოჯახი ცხოვრობს.

ოჯახის უხუცესი წევრი დილას ფერმაში ვიზიტით იწყებს. გერმანიიდან და ჰოლანდიიდან ჩამოყვანილ ძროხებს 71 წლის ფოთოლა ორველაშვილი უკვე სამი წელია უვლის, მცირე ფერმის გაკეთება და საბერძნეთში ქართული ყველის გაკეთება სწორედ მისი იდეა იყო. ფერმაში ირინა როსტიაშვილი, მისი მეუღლე ანდრეა ცაცური და ბებია ფოთოლა ორველაშვილი პატრონობენ. ანდრეა საქონელს საკვებით ამარაგებს, ფოთოლა ბებოს ფუნქცია კი ძროხების მოწველაა. ირინა როსტიაშვილი: საბერძნეთში უკვე მე-11 წელია ვარ და წამოვედი როგორც ემიგრანტი. ვმუშაობდი ჩვეულებრივ, როგორც ყველა საქართველოდან წამოსული ემიგრანტი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გავთხოვდი, ბერძენი მეუღლე მყავს. ჩემს მეუღლეს ძალიან მოსწონდა სოფელი, ამიტომაც გადმოვედით საცხოვრებლად სოფელში. თავიდან მოზვრები გვყავდა, მერე ერთი ძროხა ვიყიდეთ. ისომაში ჩამოსვლამდე, ფოთოლა ორველაშვილი სართიჭალაში ცხოვრობდა. ირინას საბერძნეთში წამოსვლის შემდეგ, სოფელში მარტო ყოფნა გაუჭირდა და შვილიშვილს ჩააკითხა. ფოთოლა ორველაშვილი: ადვილი არ იყო, ჩემი გული ორად გაიყო, საქართველოშიც დამრჩა შვილები. რა ვქნა, ცხოვრება ასეთი ყოფილა. ძროხა, რომელიც თავიდან ჰყავდათ, დღეში 40 ლიტრს იწველებოდა და ოჯახს რძე რჩებოდა კიდეც. ფოთოლა ორველაშვილი: ერთ დღესაც ირინას ვუთხარი, იქნება სადმე იყოს სოფელში ყველის შესაყენებელი, ე.წ. კვეთის ძებნა დავიწყე. სასაცილოდ არ ეყო, აქ რა უნდა კვეთსო. თავიდან არ მიდიოდა და რო იტყვიან ძალით გავაგდე, მოიტანა. შევაყენეთ ყველი, დავინახეთ ყველას სასწაული გვეგონა. ახლა ფერმაში 20 სული საქონელი ჰყავთ.

საბერძნეთში პირველები იყვნენ, ვინც იმერული ყველის შეყენება და შემდეგ გაყიდვა დაიწყეს. სოფელში უკვე ყველამ იცის, რომ ფერმა ქართულ-ბერძნული ოჯახისაა.სადაც ჰოლანდიური და გერმანული ძროხების რძით, შუაგულ ევროპაში იმერულ ყველს და მეგრულ სულგუნს ამზადებენ. რძის სისუფთავეზე, საგულდაგულოდ ზრუნავენ. შემდეგ ტრადიციული ქართული მეთოდით დამზადებულ ყველის დედას ურევენ. რამდენიმე საათის შემდეგ, ბებია და შვილიშვილი იმერული ყველის ამოყვანას იწყებს. ამბობენ, რომ აქ პატარა საქართველო აქვთ. ყველის ამოსაყვანი ჭურჭელიც კი, სამშობლოდან სპეციალურად ჩამოიტანეს. ირინა როსტიაშვილი: აქ ჩემი პატარა საქართველო მაქვს, შეიძლება სამშობლოდან შორს ვარ, მაგრამ ყველაფერი ქართული მაქვს. ყველაფერს ქართული სული აქვს. ქვაბებიც, ჯამებიც საქართველოდან არის გამოგზავნილი, ისე იმერული ყველი, ქართული ჯამის გარეშე როგორ იქნება. იმერული ყველის შემდეგ, ბებიამ და შვილიშვილმა მეგრული სულგუნის წარმოებაც დაიწყეს. ირინა როსტიაშვილი: მინდოდა, რომ აქაურებისთვის, ჩემი, ქართული დამენახვებინა, არ მინდა, რომ საბერძნეთში ჩამოსული ქართველები მარტო მომვლელებთან ვასოცირდებოდეთ. ყველს ათენში ყოველ შაბათს, ომონიაზე ქართველი ემიგრანტები მოუთმენლად ელოდებიან, და არა მხოლოდ ემიგრანტები. სოფელ ისომადან, ათენამდე ორი საათის გზაა, ყველი ირინას და თავის ქმარს მიაქვთ. ქართველებთან შეხვედრის ადგილი ომონიაა. ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ ირინას ყველი მათ ქართულ გემოს ახსენებთ. მათი ნაწილი ყველის შესაძენად ომონიაზე გარეუბნებიდან სპეციალურად მოდის. ირინას დიდი გეგმები აქვს, ოცნებობს დიდ ფერმაზე, სადაც 100 სული საქონელი ეყოლება და იმერული ყველით და მეგრული სულგუნით ბერძნებიც უფრო დაინტერესდებიან. ბებიის და შვილიშვილის მცირე ბიზნესი სავარაუდოდ მომავალი წლიდან გაფართოვდება, ირინა ფერმის განვითარების შემდეგ, ფერმაში ქართველი ემიგრანტების დასაქმებას გეგმავს.

2012 წლიდან ძალაში შევიდა შეთანხმება ევროკავშირის ზონაში ქართული პროდუქციის დაცვის შესახებ. ევროკავშირმა დაასრულა  საქართველოსთან გაფორმებული „სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთდაცვის შესახებ“  შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა პროცედურა.

ამ რეპორტაჟის შემდგომ ჩნდება კითხვები თუ რამდენად ეს ყველაფერი მიზანშეწონილია და რემდენად ემსახურება ქვეყნის ეკონიმიკური განვითარების ინტერესებს? რამდენად ვნებს ეს საქართველოში წარმოებლებს,და როგორ და რა მექანიზმებს ითვალისწინებს ევროკავშირთან  შეთანხმება ასეთი მაგალითების პრევენციას?

შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე.  შეთანხმების ფარგლებში დაცული არის ქართული პროდუკციის  37 სახეობა  მათ შორის ქართული ყველის სახეობები, როგორიც არის სულგუნი ,იმერული ყველი ,ტენილი დამპალხაჭო და სხვა მრავალი ტრადიციული ქართული რეცეპტით დამზადებული ყველი.

2012 წლიდან ქართულ მხარეს კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი  აქვს, რათა აღკვეთოს ზემოაღნიშნული დასახელებების არამართლზომიერი გამოყენება, რაც ქართული პროდუქციის მაღალი ხარისხის შენარჩუნებისა და ფალსიფიკაციისგან დაცვის საშუალებას მისცემს.

შეთანხმება ითვალისწინებს, აგრეთვე, მხარეების მიერ წარმოდგენილი დასახელებების ჩამონათვალის გაზრდის შესაძლებლობას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველო განაგრძობს ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციას და ბოლო პერიოდში დარეგისტრირებული დასახელებები ევროკავშირს უახლოეს თვეებში გადაეცემა.