გერმანია 1 მარტიდან საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას დაიწყებს

0
64060

პირველი მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება შეეძლებათ. გერმანიის საელჩო თბილისში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც კვალიფიციურ პერსონალს პროცედურის დაწყება უკვე შეუძლია.

გერმანიის საელჩოს მონაცემებით, გერმანიაში მუშაობის დასაწყებად ვიზა დაგჭირდებათ, რისთვისაც თბილისში გერმანიის საელჩოს ან გენერალურ საკონსულოს უნდა მიმართოთ. დროებითი ბინადრობის მისაღებად [6 თვე] გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს თანხმობაა საჭირო. ამ თანხმობის მისაღებად რამდენიმე პირობა არსებობს, მაგალითად, ხელშეკრულება, რომელიც გერმანელ დამსაქმებელთან უკვე გააფორმეთ, ასევე უმაღლესი განათლების ან ორწლიანი პროფესიული განათლების დამადასტურებელი მოწმობა . გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, პროფესიული განათლების ხანგრძლივობა მინიმუმ ორი წელი უნდა იყოს.

ორწლიანი პროფესიული განათლების პროგრამები საქართველოში მოქმედ პროფესიულ სასწავლებლებში არსებობს, თუმცა ბათუმის პროფესიული კოლეჯის „ბლექსის“ ხელმძღვანელმა, მაია თოიძემ გვითხრა, რომ ამ ხანგრძლივობის პროგრამებს ნაკლებად ირჩევენ. ორწლიანი პროგრამები მხოლოდ დუალურია, ანუ როცა, მაგალითად, ტურიზმის მიმართულებით ადამიანი მუშაობის პარალელურად სწავლობს.

თუ თქვენ გაქვთ უმაღლესი განათლების დიპლომი და არ გსურთ რეგლამენტირებულ პროფესიაში მუშაობა, მაშინ შესაძლებელია საკმარისი იყოს, რომ თქვენი უმაღლესი განათლების დიპლომი მოცემული იყოს Anabin-ის მონაცემთა ბაზაში,“ – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიზის მიღება ასევე შესაძლებელია, თუკი გერმანიაში გამგზავრება სასკოლო ან პროფესიული განათლების მისაღებად გსურთ. შესაძლებელია პროფესიული განათლებისთვის მოსამზადებელი ენის კურსების გავლაც. პროფესიული განათლების კურსებზე მონაწილეობისთვის საჭიროა მინიმუმ B1-დონეზე გერმანული ენის ცოდნის დადასტურება, თუმცა ეს არ არის საჭირო, თუ ენის ცოდნის მიღება დაგეგმილია მოსამზადებელ კურსებზე, ან ეს ცოდნა დადასტურებულია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. სწავლის პარალელურად ნებადართულია მუშაობა კვირაში მაქსიმუმ 10 საათი.

კვირაში 10 საათით მუშაობის უფლება გექნებათ მაშინაც, თუკი გერმანიის საელჩოს ეტყვით, რომ გერმანიაში სამუშაო ჯერ არ გიპოვიათ და გამგზავრება სამსახურის მოსაძებნად გსურთ. ამ პერიოდში თქვენ გამოსაცდელი ვადით მუშაობის უფლება გექნებათ.

გამორიცხულია საქმიანობა დამხმარედ ან შეგირდად,“ – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თუკი სამუშაო ადგილი გერმანიაში უკვე იპოვეთ და თქვენი კვალიფიკაციაც დადასტურებულია, საელჩოს ან საკონსულოს პირველი მარტიდან დაჩქარებული ვიზის მოთხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ. ეს გულისხმობს იმას, რომ ვიზა სამ კვირაში უნდა მიიღოთ. ვიზის საფასური 75 ევროა.

წყარო : http://emigrantebi.org/