“გვინდა ჩვენი მიღწევებით საქართველოს გამოვადგეთ” – რა მეცნიერულ მეთოდს მიაგნო სიმსივნის დასამარცხებლად აშშ-ში მოღვაწე სოხუმელმა ცოლ-ქმარმა?

0
4991

“ვთხოვე საქართველოს ხელისუფლებას, ვიდრე ამ ტექნოლოგიას ამერიკა წაიღებს, იქნებ დანერგოთ კანონი, რაც ექსპერიმენტების დაფინანსებისა და ადამიანებზე – მეოთხე სტადიის მქონე პაციენტებზე მისი ჩატარების საშუალებას მოგვცემს-მეთქი”

ვიდრე სამეცნიერო ცხოვრების გზას აირჩევდნენ და ამერიკაში დასახლდებოდნენ, მათი ერთობლივი ცხოვრება და დიდი სიყვარული სოხუმიდან დაიწყო – ქალაქიდან, რომელიც სასტიკმა ომმა ძალიან ბევრისთვის მიუწვდომელ ნატვრად აქცია.
იმ ომს სხვა ომი მოჰყვა – დევნილობაში ცხოვრება და თვითგადარჩენისთვის ბრძოლა თბილისში… მერე ემიგრაცია და ბოლოს დიდი მიღწევები, წარმატებები და აღიარება… სამშობლოსგან შორს, ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთში, ნიუ-ჰემპშირის შტატის ქალაქ ჰანოვერში. ამერიკიდან დარტმოუთის კოლეჯის ფიზიკის დეპარტამენტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი ირმა შამათავა-შუბითიძე ოჯახსა და ცხოვრებაზე გვიამბობს:

– ჩემი სოხუმური ცხოვრება სოხუმის მე-11 ქართული საშუალო სკოლის მეორე კლასიდან იწყება. მანამდე სოფელ ბაბუშერაში, ბებიის სახლში ვცხოვრობდით. ჩვენს სკოლაში გაძლიერებულად ისწავლებოდა ფიზიკა-მათემატიკა და საუკეთესო დირექტორი და პედაგოგები გვყავდნენ. დღეს, სამწუხაროდ, აღარც ის სკოლა არის სოხუმში და აღარც ქართველები ვართ იქ… ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი და არ მომკლებია თეატრალური წრე, სიმღერა, გუნდი, ცეკვა. კარგად მახსოვს, მგონი, მესამე კლასში ვსწავლობდი, ჩვენი 50-ბავშვიანი გუნდი თბილისში, ოლიმპიადაზე რომ წაგვიყვანეს და ოქროს მედალი მივიღეთ. 

ოღონდ ოქროს მედლები მხოლოდ აფხაზებს დაურიგეს, ჩვენ კი მხოლოდ სერთიფიკატები გადმოგვცეს… სამწუხაროდ, თავიდანვე და მერეც, ომის პერიოდში, ბევრი შეცდომა დაუშვა ჩვენმა სახელმწიფომ აფხაზეთში. 21 წლის ვიყავი ომის დროს, ხოლო, არეულობა რომ დაიწყო, პირველ კურსზე ვსწავლობდი. პრინციპში, ყველამ დავაშავეთ. ახლა, იმ წარსულს რომ ვიხსენებ, ბევრ რამეს სხვაგვარად ვაფასებ. თუნდაც, რატომ არ უნდა ვიცოდე აფხაზური ენა? რატომ არ იყო ხელისუფლების ნება, რაღაც დონეზე მაინც, აფხაზური რომ გვესწავლა?

არადა, აფხაზი მეგობრებიც მყავდა და მეზობლებიც, თანაც – ძალიან კარგი ხალხი, მაგრამ ერთმანეთს რუსულად ველაპარაკებოდით. თუმცა აფხაზების უმეტესობამ ქართულიც იცოდა, ხოლო მეგრული – ფაქტობრივად, ყველამ. მახსოვს, 1989 წელს, აფხაზეთის უნივერსიტეტის პედაგოგები და სტუდენტები რომ გავიფიცეთ და უნივერსიტეტის ქართული ნაწილის გამოყოფას ვითხოვდით, ჩემთან დედაჩემის თანამშრომელი მოვიდა და მითხრა, რა გინდათ, მაინცდამაინც სისხლი უნდა დაიღვაროსო? სულ ვფიქრობ, ამ გაფიცვას, არ სჯობდა, ახლობელი ადამიანები ერთმანეთს დავლაპარაკებოდით, გვემსჯელა და იქნებ ეს უბედურებაც აგვეცილებინა თავიდან?!

– ომმა ათასი საშინელება მოიტანა, თუმცა… ნოდარ დუმბაძის ზურიკელასი არ იყოს, ქვეყანა ინგრეოდა, თქვენ კი სწორედ მაშინ იპოვეთ დიდი სიყვარული და მართლაც, “ომში” დაოჯახდით…

– ომი რომ დაიწყო, ძალიან შეყვარებული ვიყავი ჩემს თანაკურსელ ფრიდონ შუბითიძეზე, ვინც დღესაც ჩემი მეუღლე და კვლავ ჩემი დიდი სიყვარულია. რატომღაც გამომარჩია კურსზე და მეორე კურსზე ყოფნისას სიყვარულიც ამიხსნა. საუკეთესო სტუდენტი იყო და მეორე კურსის შემდეგ უნივერსიტეტში გამოცდას აღარ აბარებინებდნენ, ისე გადაჰყავდათ მომდევნო კურსზე – შენზე დროს ვეღარ დავკარგავთო. ზოგადად, კურსიც ძლიერი გვქონდა, ომის შემდეგ ყველა წამოვიდა აფხაზეთიდან და უმეტესობა დღემდე წარმატებული პედაგოგია. თანაკლასელებიდან კი მხოლოდ ერთი – ნონა სანაია დარჩა იქ, რადგან ტყვედ ჩავარდა და როცა გაათავისუფლეს, აფხაზმა შეირთო ცოლად. ადრე სოხუმში თანაკლასელი გარდაგვეცვალა და დღემდე ნონა უვლის მის საფლავს…

– ომიც მალე დაიწყო… როგორი იყო ომი, სიყვარული და რომანტიკა?
– ფრიდონი მზადყოფნაში იყო, რომ გამოიძახებდნენ. მე და ჩემი და სენაკის რაიონში, მამიდასთან, სოფელში წავედით, მშობლები სოხუმში დარჩნენ. ფრიდონმა დამირეკა, რომ თავის სოფელში – ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში, ოჯახისა და სოფლის დასაცავად მიდიოდა. მოუთმენლად ველოდი ხოლმე მის წერილებს, რისთვისაც კილომეტრების გავლა მჭირდებოდა სენაკის ფოსტამდე.მთავარი იყო გამეგო, რომ ცოცხალია, რადგან ვიცოდი, მასაც იარაღი ეკავა ხელში.მერე მიამბო, ერთხელ ერთმანეთის პირისპირ მე და ჩემი აფხაზი თანასოფლელი ვიდექით, დავუმიზნე, უნდა მომეკლა, მაგრამ ვერ გავიმეტე – ბავშვობაში სულ ერთად ვთამაშობდით და როგორ მესროლაო? პირველად აფხაზებმა კოჩარა აიღეს და, შესაბამისად, ფრიდონიც პირველი დევნილთაგანი გახდა. 
მან ფოთში ჩემი ნათესავის მისამართი იცოდა, მეც ფოთში ჩავედი და ერთმანეთს იქ შევხვდით. სოხუმში დაბრუნების იმედი აღარ გვქონდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, საბუთები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოგვეტანა, მეხუთეკურსელები ვიყავით და დიპლომზე უნდა გვემუშავა. სულ მეშინოდა, თუკი სწავლას არ გავაგრძელებდით, ფრიდონი ომში დაბრუნდებოდა. თუმცა მერე მითხრა, მე ადამიანს ვერ მოვკლავ, ომში ჩემი ადგილი არ არისო. 

თბილისის უნივერსიტეტმა მე, ფრიდონი და ჩვენი რამდენიმე კურსელი, რომ იტყვიან, გულში ჩაგვიხუტა. ლაბორანტებადაც კი გაგვაფორმეს, საჭმლის ფული რომ გვქონოდა. ჩვენ ჯერ არ ვიყავით შეუღლებულები და ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, ჩემი მშობლები კი კვლავ სოხუმში რჩებოდნენ – დედა ექთანი იყო და დაჭრილები გადაჰყავდა, მამა – სოხუმს იცავდა. უნივერსიტეტის არდადეგები რომ დაიწყო, ფოთში წავედი. ფრიდონმაც ჩამომაკითხა და დაიჩემა, ომში უნდა დავბრუნდეო. კატეგორიულად ვუთხარი, თუ წავიდოდა, ცოლად არ გავყვებოდი. წინათგრძნობა მქონდა, უკან ვეღარ დაბრუნდებოდა და მოვთხოვე, ან ცოლად მოვეყვანე, ან სამუდამოდ დავშორებულიყავით. რაღას იზამდა? დაურეკა სამტრედიაში თავის მამიდას და უთხრა, ცოლს ვირთავ და შენთან ჩამოვალთო. მამიდამ გაიხარა და ასე, სპონტანურად, არავინ იცოდა და, “ელექტრიჩკით” გავემგზავრეთ სენაკში. იქ მისი ნათესავები დაგვხვდებოდნენ მანქანით და სამტრედიაში წაგვიყვანდნენ. კომედია იყო, როდესაც იმავე “ელექტრიჩკაში” სოხუმიდან სენაკისკენ მიმავალ ჩემს მშობლებს შევხვდით – ჩვენი ერთად დანახვით გაოგნებულებს, ფრიდონმა მოკლედ აუხსნა: ირმა თქვენი იყო და ახლა მე მიმყავსო!

მე და ფრიდონი შევუღლდით, მერე კი ომის “პერიმერიაც” გამოცხადდა. ყველანი აფხაზეთში დავბრუნდით და ჩვენ ფრიდონის დის ოჯახში დავსახლდით, თუმცა ერთ კვირაში ყველას – ფრიდონის დას სამი ბავშვით, მამაჩემს, რომელმაც მე – ფეხმძიმე არ მიმატოვა და ფრიდონს გამოქცევა მოგვიხდა – ამჯერად ჭუბერით.

დედაჩემი და უმცროსი და მამამ ძლივს შეტენა თვითმფრინავში და სენაკში გაამგზავრა. მოგვიანებით მათ გაუგიათ, რომ ჩვენ ჩაგვხოცეს და დარდისგან თავადაც ცოცხალ-მკვდრებად იქცნენ… ჩემი და ფრიდონის თაფლობის თვე კი აფხაზეთის ბომბების წვიმით დაიწყო და გაგრძელდა ძარცვისა და სიკვდილის შიშით, გზაზე დაყრილი გაყინული გვამებისა და მშიერ-მწყურვალი ადამიანების გვერდიგვერდ, ჭუბერის უღელტეხილით ზუგდიდამდე… ჩვენი “სიცოცხლის საშვი” ფრიდონის ჯადოსნური სიტყვები იყო – ჩვენ ჩხეტიანებისგან (ფრიდონს ენათესავებოდნენ) ვართო, ომიდან გამოყოლილ თუ სვან “მოროდიორებთან” ეს “საშვი” ჭრიდა. სიცოცხლის ძალას კი ჭუბერის სვანების სიკეთე და სტუმართმოყვარეობა გვმატებდა, თორემ ხელისუფლებისგან არაფერი მახსენდება, გარდა აქა-იქ, ტალახში ჩამოყრილი პურებისა! ასე გავიარეთ საშინელება, ჯოჯოხეთი, რომელსაც სასწაულებრივად დავაღწიეთ თავი… ცოტა ხანს სამეგრელოში დავრჩით და მერე თბილისში წამოვედით, ისევ უნივერსიტეტში, ფრიდონმა მუშაობაც დაიწყო, ბაგებში საცხოვრებელი მოგვცეს და ნელ-ნელა, ავად თუ კარგად, ერთმანეთის იმედით და წვალებით რაღაცას ვახერხებდით. მერე, 1994 წელს თორნიკეც გაჩნდა, სალომე და გიორგი კი მოგვიანებით, ამერიკაში დაიბადნენ…

თბილისში 5 წელიწადს ვიცხოვრეთ. ფრიდონმა დისერტაცია დაიცვა, უნივერსიტეტი ლექციებს კითხულობდა, უცხოურ პროექტებში მონაწილეობდა და ა.შ. მაგრამ მომავალი, თითქოს, არ ჩანდა. ამ დროს ფრიდონს საბერძნეთში შესთავაზეს სამეცნიერო სამსახური და მარტო წავიდა 2 წლით. პროფესორი უზუნოღლუ, რომელთანაც დღემდე ვმეგობრობთ, ისე მოიხიბლა ფრიდონის მუშაობით, ჩემი და თორნიკეს ჩაყვანაც მოითხოვა და ყველანაირად გვიწყობდა ხელს, ფრიდონს მასთან რომ ემუშავა, საქართველოში მიმოსვლასაც ყოველთვის ვახერხებდით.ამერიკაში მოგვიანებით წავედით, უკვე სალომეზე ვიყავი ფეხმძიმედ და თანხით თავად ოზუნოღლუ დაგვეხმარა. ინგლისურიც კი არ ვიცოდი. ამერიკის ჩრდილოეთში, ძალიან პატარა და ლამაზ ქალაქში დავსახლდით, ჰანოვერი ჰქვია და ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს. ახალი ჩასულები რომ ვიყავით, მახსოვს, ერთხელ თორნიკეს სკოლის ავტობუსზე დააგვიანა, ჩვენ კი მანქანა არ გვყავდა და ამიტომ სკოლაში ვერ მივიყვანე. ატყდა ერთი ამბავი, სკოლიდან დაგვირეკეს და ძლივს ავუხსენი, რატომ ვერ მიმყავდა. შუადღეს უკვე მთელი სკოლა იდგა ჩვენს ჭიშკართან, ვინ რა დახმარებას გვთავაზობდა და ვინ – რას. მერე ავეწყვეთ იქაურ ყოფას. ამერიკელებს ასეთი გამოთქმა აქვთ – “ჰეპი ვაიფ – ჰეპი ლაიფ” ანუ “ცოლი თუ ბედნიერია, ოჯახიც ბედნიერიაო”, ამიტომ ჩვენი ამერიკელი პროფესორი მუდამ ცდილობდა, ფრიდონისთვის ყველანაირად შეეწყო ხელი. ფრიდონი პროფესორია, ფიზიკის დოქტორი და სტუდენტებთანაც მუშაობს დარტმოუთის კოლეჯში. იმასაც გეტყვით, რომ რა მეთოდსაც აქ, სტუდენტებთან ძალიან წარმატებით ვიყენებთ, პირველად საბჭოთა პერიოდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემუშავდა და მას ჰქვია “დამხმარე წყაროების მეთოდი”.

ვიდრე ამერიკის მოქალაქეობას მივიღებდით, ყოველი მორიგი სამწლიანი კონტრაქტის მიწურულს ვაპირებდით საქართველოში გადმოსვლას, მაგრამ აქედან არ გვიშვებდნენ. აქაურმა უნივერსიტეტმა დაასაბუთა, რომ ჩვენი ამერიკაში ცხოვრება ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, ამიტომ დღეს უკვე ახლა ორმაგი მოქალაქეობა გვაქვს და ძალიან ხშირად დავდივართ საქართველოში, ვატარებთ კონფერენციებს, საზაფხულო სკოლებს და ა.შ.

ტექნოლოგიური კომპანიის 25%-იანი წილის მფლობელები ვართ და ძალიან მნიშვნელოვან პროექტებზე ვმუშაობთ. ერთ-ერთია ჩვენ მიერ შექმნილი პროგრამული პაკეტებით მიწისქვეშა აუფეთქებელი ჭურვების აღმოჩენა და გაუვნებელჰყოფა, რომელსაც ამერიკის სამხედრო სამსახური აფინანსებს.

ამ კუთხით ექსპერტების წოდებაც კი მოგვანიჭეს. პარალელურად, წყალქვეშა გემებითაც დავინტერესდით. ძალიან მინდოდა, სამხედრო პროექტი საქართველოშიც წამოგვეღო. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, ალასანიას ნიუ-იორკში შევხვდით, განვიხილეთ ყველაფერი, მაგრამ ამას გაგრძელება არ მოჰყოლია. მერე შევიტყვეთ, რომ სააკაშვილმა რაღაც აღმოჩენები იყიდა, თუმცა ყველაფერი ყალბი გახლდათ და, სხვათა შორის, მსოფლიო დონის აფერადაც კი აღიარეს. ახლანდელ ხელისუფლებასთანაც ვცადეთ ბედი. შარშან პარლამენტარებსაც შევხვდი, სალომე ზურაბიშვილს ველაპარაკე და მხოლოდ ახლახან საქართველოდან დასტური მივიღეთ – ჩვენი ქართული საგრანტო სამეცნიერო პროექტი აუფეთქებელი ჭურვების აღმოჩენის ტექნოლოგიებზე დაფინანსდა!

მეორე თემაც ძალიან საინტერესოა – ჰიპერთერმია. იმავე მეთოდით – ელექტრომაგნიტური ველების დასხივებით სიმსივნურ კერას ვეძებთ, შემდეგ კი ორგანიზმში შეგვყავს თხევადი მეტალები, ვახურებთ 46 გრადუს ტემპერატურაზე, რაც სიმსივნურ უჯრედებს კლავს, ოღონდ ქიმიისგან განსხვავებით, სხვა უჯრედებს სრულიად არ აზიანებს. ამით ბევრნაირ სიმსივნეს შეიძლება ვუშველოთ. მისი პატენტი გვეკუთვნის ჩვენ, დარტმოუთის კოლეჯს. 5 წელიწადია, საავადმყოფოში ძაღლებზე უკვე ჩატარდა ექსპერიმენტები და ცხოველები არ მომკვდარან, მაგრამ ამერიკაში ადამიანებზე მის დასანერგად ძალიან დიდი დროა საჭირო. ვთხოვე საქართველოს ხელისუფლებას, ვიდრე ამ ტექნოლოგიას ამერიკა წაიღებს, იქნებ დანერგოთ კანონი, რაც ექსპერიმენტების დაფინანსებისა და ადამიანებზე – მეოთხე სტადიის მქონე პაციენტებზე მისი ჩატარების საშუალებას მოგვცემს-მეთქი. მაგალითად, ჩემს მამიდას აქვს მეოთხე სტადიის სიმსივნე და სიამოვნებით ჩავატარებდი მას ექსპერიმენტს, მაგრამ უკანონოდ ეს ვერ მოხდება. საქართველოში კი ჯერჯერობით ამ კუთხით არაფერი იძვრის. რამდენიმე ქვეყანა გვეხვეწება, მაგრამ ეს ექსპერიმენტი ან ამერიკაში უნდა ჩატარდეს, ან საქართველოში. გვინდა ჩვენი მიღწევებით საქართველოს გამოვადგეთ…

– თქვენი შვილები რას საქმიანობენ?

– ჩემი უფროსი ვაჟი – 23 წლის თორნიკე საინჟინროზე სწავლობს, თამაშობს ჭადრაკსა და ჩოგბურთს და ძალიან ინტერესდება სოფლის მეურნეობით. კახეთში, სოფელ მანავში ვიყიდეთ ნაკვეთი, სადაც ვაზი იყო გაშენებული. დამატებით კიდევ გავაშენეთ რქაწითელი და მანავის მწვანე, გავაკეთეთ მარანი დიდი ქვევრებით, დავამზადეთ ძველი, ტრადიციული მეთოდით ორგანულად სუფთა ღვინო, სამსართულიანი სახლიც ავაშენეთ და იქაურობის მიხედვა ახლობელ ცოლ-ქმარს ვთხოვეთ. თორნიკე რთველზე წამოვიდა კახეთში და სამი თვით იქ დარჩა. სამომავლოდ შეიძლება ბიზნესის კუთხით განაგრძოს საქმიანობა.სალომე 17 წლისაა და კოლუმბიის უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას. პარალელურად, ბალეტს ცეკვავს და კარგადაც გამოსდის. ყოველწლიურად, ძირითადად, ზაფხულში ჩამოდის თბილისში და 3 თვის განმავლობაში პრიმა-ბალერინასთან, მაია ზურაშვილთან მეცადინეობს. წლევანდელ “თბილისობაზე” სალომემ ნიუ-იორკში პუანტებზე ნინო ანანიაშვილის “ლეკურიც” კი იცეკვა.
უმცროსს – გიორგის ძალიან დიდი მიდრეკილება აქვს ტექნოლოგიებისადმი. თვეების იყო, “იუთუბიდან” “აი-პადზე” რაღაცებს რომ ტვირთავდა. მაინც თანამედროვე ბავშვია და რობოტებითა და კომპიუტერების აწყობით ინტერესდება. სამივე შვილი ძალიან მუსიკალურია, სალამურზეც კი უკრავენ და კონცერტებზეც ხშირად გამოდიან. ვნახოთ, სამომავლოდ რას გააკეთებენ. kvirispalitra.ge