ყურადღება! registration.gov.ge-ვინ და რატომ ავსებს ახალ ელექტრონულ ანკეტას საქართველოს საზღვრის კვეთამდე

0
1524

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკარანტინო პირობებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს: ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 5 ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იხსნება იმ პირობით, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში შემოსვლისას უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხი ან აეროპორტში განთავსებულ ლაბორატორიაში, საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან).

ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ საჰაერო გზით ჩამოსვლა, მითითებული 5 ქვეყნიდან გამომგზავრების შემთხვევაში.

საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა – რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზე, სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა. ზემოთ აღნიშნული პირები სასაზღვრო პუნქტებზე ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს, ხოლო 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მათ უტარდებათ PCR კვლევა.

ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 8-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან). რაც ნიშნავს იმას, რომ კარანტინში მყოფ პირს მე-8 დღეს ჩაუტარდება ტესტი, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი, მე-9 დღეს დატოვებს კარანტინს და მე-12 დღეს სავალდებულოდ გამოცხადდება შესაბამის დაწესებულებაში PCR ტესტის განმეორებით ჩასატარებლად (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან).

იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირი საჰაერო გზით ჩამოდის ევროკავშირის იმ ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველო დათქმით ხსნის საზღვარს, ან იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი, აგრეთვე თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს მოგზაურობის ისტორია ხსენებული 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში, ექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი ხარჯით.