2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,194,433-ით (18.8%) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის ტურიზმის მაჩვენებლები შეაჯამა.
მისი ინფორმაციით, იანვარი – დეკემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 3,478,932 შეადგინა, რაც 757,962-ით მეტია 2016 წლის იანვარი – დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +27.9%).
2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან 1,718,016 (+14.8%), აზერბაიჯანიდან 1,694,998 (+11.2%), რუსეთიდან 1,392,610 (+34.1%),თურქეთიდან 1,246,745 (-0.8%) ირანიდან 322,938 (+118.3%) შედგა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – დეკემბერში გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო (39.9%), ნიდერლანდები (31.1%), ესპანეთი (29.9%), საფრანგეთი (29.6%) და გერმანია (25.7%). განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია (316.1%), საუდის არაბეთი (164.6%), ქუვეითი (154.3%), ირანი (118.3%), ინდოეთი (64.1%), ჩინეთი (54%) და სხვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს 600,004 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 113,402-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +23.3%).
დეკემბრის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 234,969 შეადგინა, რაც 56,591-ით მეტია 2016 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +31.7%).
2017 წლის I-III კვარტლის ჯამური მონაცემებით, უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შემოსავალი შეადგენს 2,174,481,448 დოლარს (ზრდა +29%), რაც 489 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2017 წლის I-III კვარტლის ჯამური მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7% შეადგინა – ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%.
2017 წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,927,566 ათასი ლარი შეადგინა. აქაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +30.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2017 წელს საქართველოს ცნობადობის ამაღლების და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
- მონაწილეობა 21 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში.
- ონლაინმარკეტინგული კამპანია 19 მიზნობრივ ქვეყანაში.
- სარეკლამო კამპანიები : BBC, Euronews, Discovery , Tripadvisor, Expedia.
- 99 საერთაშორისო პრესტური (საქართველოს ესტუმრა 683 უცხოური მედიის წარმომადგენელი)
- 14 ინფოტური (საქართველოს ეწვია 239 ტუროპერატორი)
- საქართველოს შესახებ სტატიები მოამზადეს შემდეგმა მედიასაშუალებებმა: BBC, National Geographic, National Geographic Traveller India, Forbes, Le Monde, The Independent, The Guardian, Elle, Observer, Birdwatching Magazine UK; Thrilist, Conde Nast; Daily Mail, Vogue; Huffington Post და ა.შ.
“შემოსავლების ნაწილში გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა. თუ 2016 წელი იყო პირველი წელი, როდესაც შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 2 მილიარდი აშშ დოლარს მიაღწია, 2017 წლის ბოლოს ქვეყანამ უკვე 2.7 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მივაღწევთ 2 მნიშვნელოვან ციფრს: პირველად გვეყოლება 8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გადააჭარბებს 3 მილიარდ აშშ დოლარს”-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.