სერბეთის პატრიარქმა დამიდასტურა, რომ მისი ბიბილოვთან შეხვედრა სრულიად არაოფიციალური იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ელჩმა სერბეთის რესპუბლიკაში იოსებ ნანობაშვილმა განუცხადა.
დიპლომატის შეფასებით, პრობლემას ტექნიკური საპასპორტო დეტალები, მათ შორის ზოგიერთი პირის რუსული პასპორტით გადააგილება ქმნის და ამ მიმართულებით სერბულ მხარესთან თანამშრომლობა მიდის. ნანობაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ ანატოლი ბიბილოვი სწორედ რუსული პასპორტით გადაადგილდებოდა.
“ბიბილოვმა გაიარა სერბეთის ტერიტორია, მაგრამ მას არც ერთი ოფიციალური შეხვედრა, საპატრიარქოს ჩათვლით, სერბეთის ტერიტორიაზე არ ჩაუტარებია. დღეს საუბრისას ამ თემას ორივე მხარე შეეხო. სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა აღნიშნა, რომ ასეთი უსიამოვნო ინციდენტები სერბეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. საუბარიც არ არის რაიმე სახის ოფიციალურ შეხვედრაზე, თუმცა ყოველი ასეთი ინციდენტის აღმოჩენისას ამგვარ აქტებს დაგმობენ. სხვა მხრივ, ქვეყნების შორის თანამშრომლობა ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და აქ არანაირი ორაზროვნება არ არსებობს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნანობაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან მაია გოიკოვიჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
როგორც ცნობილია, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალ რესპუბლიკა ”სერბსკაში” 8-13 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა, სადაც ბიბილოვი რესპუბლიკა ”სერბსკას” პრეზიდენტ მილორად დოდიკს და სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ სერბეთის საპატრიარქოში ოფიციალური წერილი 15 იანვარს გააგზავნა.