2017 წელს ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი, 2016 წელთან შედარებით, 35%-ით გაზრდილია.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას, რადგან ევროკავშირის იმ ქვეყნებს, რომლებიც ისედაც სკეპტიკურად უყურებდნენ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას, საბაბი ეძლევათ, რომ ჩვენთვის გამარტივებული პროცედურები გააუქმონ.
აღნიშნული მონაცემები ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა დახმარების ოფისმა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებული ზრდა გასული წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებშია.
ჯამში 2017 წელს ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფარი 10,455 საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა, ხოლო 2016 წელს – 7,555-მა. რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელ ქართველთა რიცხოვნობას თვეების მიხედვით, მონაცემები ასე გამოიყურება: იანვარი – 616, თებერვალი – 635, მარტი – 753, აპრილი – 634, მაისი – 818, ივნისი – 781, ივლისი – 798, აგვისტო – 788, სექტემბერი – 808, ოქტომბერი – 1 062, ნოემბერი – 1 297, დეკემბერი – 1 465 მოქალაქე.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ ეს რიცხვი 50%-ს გადააჭარბებს და ქვეყნებიდან აღიარების მაჩვენებელი 3-4% იქნება, რის გამოც აქედანვე ზომების მიღებაა საჭირო, რათა მზარდი ტენდენცია არ შენარჩუნდეს.
პოლიტოლოგი, თსუ-ის პროფესორი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” საუბრისას მზარდი ტენდენციების მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, ეს, პირველ რიგში, ინფორმაციის ნაკლებობამ და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია.
“პირველ ეტაპზე, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ხალხს სწორი ინფორმაცია არ ჰქონდა. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში 2017 წლიდან სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, ამან კიდევ უფრო გაზარდა იმ ხალხის რიცხვი, ვინც ქვეყნის დატოვება მოინდომა.
“ეს ადამიანები ვერ პოულობენ სამსახურებს და გაუჩნდათ ერთგვარი ცდუნება, რომ დასაქმების პრობლემა მოაგვარონ თუნდაც ევროკავშირის ქვეყნებში.
ამასთან, ამ საკითხზე უამრავი მითი არსებობს და არ არის გასაკვირი, რომ მოსახლეობის რაღაც რაოდენობას მსგავსი სურვილი გაუჩნდა. შედეგად, მივიღეთ ის მზარდი ტენდენცია, რაც დღეს გვაქვს”, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.
კითხვაზე, რა საფრთხის შემცველია მზარდი ტენდენციის შენარჩუნება და რა უნდა გაკეთდეს ამის შესაჩერებლად? – პოლიტოლოგი ამბობს, რომ ამით გარკვეული საბაბი ეძლევა იმ ქვეყნებს, რომლებიც ისედაც წინააღმდეგი იყვნენ საქრთველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებისა, ამიტომ აუცილებელია ქვეყანაში სოციალური პირობების გამოსწორება და მოსახლეობის ინფორმირება.
“პირველ რიგში, ეს ძალიან ცუდია ქვეყნის იმიჯისთვის და ამან შეიძლება, ყველაზე უარეს შემთხვევაში, გამოწვიოს ის, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება მოხდეს.
“ჯერ შეიძლება, გაგვაფრთხილონ, მაგრამ თუ ეს ტენდენცია კიდევ უფრო მზარდი აღმოჩნდა, ევროკავშირის ის წევრი ქვეყენები, რომლებიც აქამდეც წინააღმდეგნი იყვნენ და სკეპტიკურად უყურებდნენ ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას (გვახსოვს, დააყოვნეს კიდეც ეს პროცესი), საბაბი მიეცემათ და ისინი უბრალოდ შეგვიჩერებენ ამ პროცესს.
“ეს არა მარტო იმ მხრივ იქნება ცუდი, რომ იმ უპირატესობებით ვეღარ ვისარგებლებთ, რაც ვიზალიბერალიზაციას აქვს, არამედ, მთლიანობაში, ქვეყნის ევროინტეგრაციის სწრაფვას ჩრდილს მიაყენებს.
“თუ ჩვენ იმას ვერ ვარეგულირებთ, რომ აქედან უკანონო ემიგრაცია არ მოხდეს, მაშინ რა გარანტია აქვთ ევროკავშირის ქვეყნებს, რომ სხვა ვალდებულებებს, რომლებიც ჩვენ ავიღეთ, მათ შორის, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შევასრულებთ? ამიტომ ეს იქნება ძალიან არასასურველი სცენარი”, – აცხადებს კორნელი კაკაჩია, რომელიც იმედოვნებს, რომ მზარდი ტენდენცია მომავალში აღარ შენარჩუნდება.
“მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ მსგავსი ტენდენციები მომავალში აღარ გაგრძელდება. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება ქვეყანაში. თუ სიტუაცია გამოსწორდება, რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანაში წასვლა არავის ენდომება, ყველას ურჩევნია, საკუთარ ქვეყანაში დასაქმდეს და ოჯახს მოწყვეტილი არ იყოს.
“მაგრამ, თუ არსებული ეკონომიკური ტენდენციები შენარჩუნდა, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ჩვენთვის ძალიან ცუდი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს”, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.