ართულ მედიაში ბოლო ორი დღის მანძილზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გერმანია („გერმანია ქართველებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს“) საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში ორი დღეა აქტიურად განიხილავენ, რაც უვიზო მიმოსვლის საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით ბუნებრივია. თუმცა, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, თუ რა სისწრაფით გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ გერმანია (ქვეტექსტით: კიდევ ერთხელ) საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ მნიშვნელოვან მონაპოვარს.
მოთხოვნის ინიციატორები და მათი მოტივები
გერმანიის ერთ-ერთი მხარის, ნორდრაინ-ვესტფალიის საზოგადოებრივი მაუწყებელის (WDR) ინფორმაციით ნორდრაინ-ვესტფალიის მთავრობა ცდილობს გერმანიის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გადახედვას. ეს ინიციატივა დაკავშირებულია ნორდრაინ-ვესტფალიის მთავრობის ინტეგრაციის მინისტრის, იოახიმ შტამპის სახელთან. მინისტრმა უკვე მიმართა გერმანიის ფედერალურ მთავრობას მოთხოვნით, რომ მთავრობამ გადახედოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიზანშეწონილობის საკითხს.
WDR-ის ინფორმაციით აღნიშნული მოთხოვნის მიზეზი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდაა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველებისთვის გერმანიაში ლტოლვილის სტატუსის მიღების შანსი ძალიან დაბალია. ნორდრაინ-ვესტფალიის მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეები ბოროტად სარგებლობენ უვიზო მიმოსვლის შესახებ საქართველოს და ევროკავშირს შორის არსებული ხელშეკრულებით და ლტოლვილის სტატუსის მისაღებად გაკეთებული განაცხადის განხილვისთვის საჭირო დროს კრიმინალური საქმიანობისთვის იყენებენ.
უფრო კონკრეტულად კი ამ ნაბიჯით ნორდრაინ-ვესტფალიის მთავრობამ რეაგირება მოახდინა ქალაქ ორლინგჰაუზენში არსებულ მწვავე კრიმინოგენულ ვითარებაზე. ორლინგჰაიზენის თავშესაფრის მაძიებელთა საცხოვრებელში დაახლოებით 400 მამაკაცი, ქალი და ბავშვი ცხოვრობს. ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის, თუმცა მათ შორის ბევრი ქართველია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით ქალაქში ბოლო დროს საგრძნობლად გახშირდა ქურდობის ფაქტები, რის გამოც თავად მოსახლეობის ინფoრმაციით, ორლინგჰაუზენის მოსახლეობას მუდმივ შიშში და სტრესულ გარემოში უწევს ცხოვრება.
დანაშაულის ზრდის სტატისტიკას, როგორც ადგილობრივი პოლიცია, ასევე მხარის მთავრობა თავშესაფრის მაძიებელთა საერთო საცხოვრებლის ბინადრების კრიმინალურ საქმიანობას უკავშირებს. WDR-ი, მინისტრ შტამპზე დაყრდნობით, განსაკუთრებით ქართველ თავშესაფრის მაძიებლებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ საცხოვრებელში მყოფი ქართველების უდიდეს ნაწილს ლტოლვილის სტატუსის მიღების შანსი არ აქვს და საქართველოში დაბრუნება ემუქრება. მინისტრის ინფორმაციით ქართველები მასიურად არღვევენ უვიზო მიმოსვლის წესებს და ამ პროცესის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის შეზღუდვით იქნება შესაძლებელი. კონკრეტულად ნორდრაინ-ვესტფალიის შემთხვევაში 2017 წლის მიწურულს მართლაც საგრძნობლად გაიზარდა ქართველი თავშესაფრის მაძიებლების რიცხვი (დაახლოებით 400%) წლის დასაწყისთან შედარებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ბოლო 8 წელიწადში მუდმივად მზარდი თავშესაფრის მაძიებლების კლება პირველად დაფიქსირდა. იოახიმ შტამპი ფიქრობს, რომ ქართველი თავშესაფრის მაძიებლები უვიზო მიმოსვლას ძირითადად კრიმინალური საქმიანობისთვის ან გერმანიის გადასახადის გადამხდელთან ხარჯებით მკურნალობისთვის იყენებენ. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანა, ეს პრობლემა მომავალში აქტუალური შესაძლოა საერთოდ აღარც იყოს.
რეალური საშიშროება უვიზო მიმოსვლისთვის?
შტამპის წერილს გამოეხმაურა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლემაც გერმანულ მედიას დაუდასტურა, რომ სამინისტრო უკვე მუშაობს აღნიშნულ პრობლემებზე და პრობლემატურად მიიჩნევს ქართველი თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდას უვიზო მიმოსვლის ამოქმედების მიუხედავად. თუმცა ფაქტია, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ითხოვს არა გერმანიის ფედერალური მთავრობა, არამედ გერმანიის ერთ-ერთი მხარის, ნორდრაინ-ვესტფალიის მთავრობა. უფრო კონკრეტულად კი მხარის მთავრობის ერთ-ერთი მინისტრი, იოახიმ შტამპი. იოახიმ შტამპი წარმოადგენს გერმანიის თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას (FDP), რომელიც მართალია 2017 წლიდან წარმოდგენილია ნორდრაინ-ვესტფალიის მთავრობაში, მაგრამ არა გერმანიის ფედერაციულ მთავრობაში, რომელიც ამჟამად ქრისტიანულ-დემოკრატიული, ქრისტიანულ-სოციალური და სოციალური-დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ თავისუფალმა დემოკრატებმა უარი თქვეს სამთავრობო კოალიციაში შესვლაზე. აღნიშნული პარტია ფედერაციის დონეზე არის არა სამთავრობო, არამედ ოპოზიციური პარტია. შესაბამისად მინისტრ შტამპის მოთხოვნა რეალურად ვერ მოახდენს უშუალო ზეგავლენას გერმანიის მთავრობის პოზიციაზე.
მინისტრის მოთხოვნა საქართველოსთან დაკავშირებით ორლინგჰაუზენში არსებულ მწვავე კრიმინოგენულ მდგომარეობაზე რეაგირება იყო, რაც უშუალოდ შედის მისი, როგორც ინტეგრაციის და ლტოლვილთა მინისტრის კომპეტენციაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე ეხება ერთ კონკრეტულ საერთო საცხოვრებელს, კონკრეტულ ქალაქს და არა გერმანიის მთლიან ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ იოახიმ შტამპს რეალპოლიტიკური მიზნებიც ამოძრავებს. გერმანიაში მემარჯვენე-პოპულისტური ძალების, განსაკუთრებით კი ,,ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაძლიერების და პარლამენტში შესვლის შემდეგ, პოლიტიკური პარტიების ნაწილი ცდილობს მიგრანტებთან დაკავშირებით ეფექტური პოლიტიკური კონცეპტების შეთავაზებით მიიზიდოს ამომრჩეველი. პოპულისტური ძალების გაძლიერების მთავარი მიზეზი ახლო წარსულში გერმანიაში სწორედ მიგრანტთა უკონტროლო შესვლა გახდა. შესაბამისად მინისტრ შტამპის განცხადება ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ.
რეალურად იოახიმ შტამპის და ზოგადად ნორდრაინ-ვესტფალიის მთავრობის პოზიცია ან მოთხოვნა ფედერაციული მთავრობის პოზიციაზე ნეგატიურად ვერ აისახება, რადგან: 1) განცხადების გაკეთების მიზეზი გახდა ლოკალური პრობლემა, რომელიც მხოლოდ ერთ კონრეტულ ქალაქს/მხარეს ეხება 2) მინისტრი წარმოადგენს ოპოზიციურ პარტიას 3) ზოგადად გერმანიაში ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა არ არის იმ განზომილების, რომ ის ამ ეტაპზე გერმანიის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნის საფუძველი გახდეს. თუმცა თუ არ შემცირდება ქართველი თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა, შესაძლოა ახლო მომავალში ეს განვითარება ნეგატიურად აისახოს ფედერალური მთავრობის პოზიციაზე. გარდა ამისა შტამპის განცხადებას უკვე გამოეხმაურა გერმანული მედიასაშუალებები (ნორდრაინ-ვესტფალიის საზოგადოებრივი მაუწყებელი, კიოლნერ შტადტ-ანცაიგერი, ფოკუსი) რაც ასევე ნეგატიურად აისახება საქართველოს იმიჯზე.
ამჟამად გერმანიაში ე.წ. „დიდი კოალიციის“ ჩამოყალიბების მიზნით კავშირს (ქრისტიანულ-დემოკრატიული და ქირისტიანულ-სოციალური პარტიები) და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. წინასწარი ცნობით გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ქრისტიანულ-სოციალური პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ჰორსტ ზეეჰოფერი გახდება. სწორედ ქრისტიანულ-სოციალური პარტია აკრიტიკებდა თავის დროზე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას. გერმანული მედიის ცნობით აღნიშნული პარტიის წარმომადგენელი მინისტრის (გერმანიის ერთ-ერთი მხარის ბაიერნის შინაგან საქმეთა მინისტრი) იოახიმ ჰერმანის პროტესტის საფუძველზე არ ამოქმედდა ვიზალიბერალიზაცია 2016 წლის გაზაფხულზე, არამედ ერთი წლის შემდეგ. ჰერმანი ევროკავშირს აფრთხილებდა, რომ ქართული ორგანიზებული კრიმინალი უვიზო მიმოსვლას საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებდა. შესაბამისად საქართველო გერმანიაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდგომ შესაძლოა აღნიშნულ კონტექსტში უფრო მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდეს არამხოლოდ მხარეების, არამედ უკვე ფედერალურ დონეზე.
გერმანია – აღთქმული ქვეყანა
უვიზო მიმოსვლის შემდეგ (2017 წლის მარტი) მართლაც გაიზარდა საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელების რიცხვი, რასაც ვერ ვიტყვით გერმანიაზე. ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გერმანიაში 2017 წელს 2016 წელთან მიმართებით პირიქით შემცირდა. 2016 წელს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან 3771 ადამიანს შეადგენდა, 2017 წელს კი 3462 ადამიანს. გერმანიაში ლტოლვილის სტატუსის მიღების მიზნით 2017 წელს 222.683-მა ადამიანმა გააკეთა განაცხადი. ამ რაოდენობის დაახლოებით 1,5%-ით საქართველო არ არის იმ ქვეყნების ათეულში, საიდანაც ყველაზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა გერმანიაში 2017 წელს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის ბოლო თვეებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთან რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა წლის პირველი ნახევრისგან განსხვავებით. 2017 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და იანვრის სტატისტიკის მიხედვით საქართველო თავშესაფრის მაძიებელთა წარმოშობის ქვეყნების ათეულში მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.
2017 წელს გერმანიის მიგრაციის სამსახურმა განიხილა 6340 განაცხადი, რომლებიც ქართველ თავშესაფრის მაძიებლებს უკავშირდებოდა და ამ 6340 შემთხვევიდან 4279 განაცხადზე თავშესაფრის მაძიებლებს უარი ეთქვათ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე და 1931 განაცხადის განხილვა ფორმალური მიზეზების გამო (მაგ. განაცხადზე უარის თქმა, გარდაცვალება, ქვეყნის დატოვება და ა.შ.) შეწყდა. დარჩენილი 130 განაცხადიდან ქართველმა თავშესაფრის მაძიებლებმა რეალურად ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ 15 შემთხვევაში მიიღეს, სხვა შემთხვევებში მხოლოდ ქვეყანაში დარჩენის უფლება (მაგ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო). ზოგადად კი ქართველი თავშესაფრის მაძიებლების მხოლოდ 2%-ს აქვს შანსი მიიღოს ლტოლვილის სტატუსი ან სხვა სტატუსით (დარჩენის უფლება ლტოლვილის სტატუსის გარეშე მაგ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო).
გერმანიის ფედერალურ კრიმინალურ სამსახურს 2017 წლის სტატისტიკა ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია. რაც შეეხება 2016 წლის კრიმინალურ სტატისტიკას, 2016 წელს გერმანიაში უცხოელ ეჭვმიტანილთა რიცხვი 953.744-ს შეადგენდა. ქვეყნების მიხედვით სიის ოცდახუთეულის ბოლო ადგილზე უკრაინაა ეჭვმიტანილთა საერთო რაოდენობის 0,8%-ით (7907 ეჭვმიტანილი). მართალია საქართველო არ შედის ოცდახუთეულში (2016 წლის მონაცემებით), თუმცა ქართველი ეჭვმიტანილების რიცხვი 2017 წელს ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რაოდენობასთან შეფარდებით მაინც მაღალია და 7598-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა ამ ეტაპზე არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც შესაძლოა გერმანიამ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვოს.
თანამშრომლობა გერმანიასთან
ჯერ კიდევ 2014 წელს საქართველოს და გერმანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ, რომლის რატიფიცირება გერმანულმა მხარემ 2017 წელს მოახდინა. ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესვლამდე განსაკუთრებით გაძლიერდა თანამშრომლობა ორივე ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის. ჯერ კიდევ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე საქართველოს შსს-მ ბერლინში, საქართველოს საელჩოში პოლიციის ატაშე მიავლინა ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.
მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად შეუძლებელია სრულად მოხერხდეს გაკონტროლება, თუ ვინ გეგმავს ვიზალიბერალიზაციის გამოყენებას იმ მიზნით, რომ გერმანიაში ლტოლვილის სტატუსის მისაღებად გააკეთოს განაცხადი ან განცხადების განხილვის პერიოდში კრიმინალური საქმიანობით დაკავდეს. საქართველო რეადმისიის კუთხით სამაგალითოდ თანამშრომლობს, მათ შორის გერმანიასთან და თითქმის 100% დაკმაყოფილებულია გერმანული მხარის მოთხოვნა. არსებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით უნდა ვივარაუდოთ, რომ ვიზალიბერალიზაციით ბოროტად სარგებლობს ქართული ორგანიზებული კრიმინალი. სხვა შემთხვევებში კი უვიზო მიმოსვლის მეშვეობით გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლად ჩასვლა როგორც წესი საქართველოში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთანაა კავშირში.
დასკვნა
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ქართველების მიერ გერმანიაში ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა არ არის იმ განზომილების, რომ ის გერმანიის მიერ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნის საფუძველი გახდეს. განსაკუთრებით უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ქართველებისთვის გერმანიაში ლტოლვილის სტატუსის მიღების შანსი მინიმალურია.
მართალია გასულ წელთან მიმართებაში თავშესაფრის მაძიებლების რიცხვი საქართველოდან ოდნავ შემცირდა, მაგრამ 3462 განაცხადი 2017 წელს უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ფონზე საქართველოს კრიტიკის საშუალებას აძლევს უვიზო მიმოსვლისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკურ ჯგუფებს. ქართველების მიერ ჩადენილ დანაშაულთა და ქართველ ეჭვმიტანილთა რიცხვი მაღალია ზოგადად ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობასთან შეფარდებით და შესაძლოა ეს საკითხი სამომავლოდ პრობლემატური გახდეს ქართული მხარისთვის. პრობლემატური პირველ რიგში არა მისი განზომილების გამო საერთო გერმანულ კონტექსტში, არამედ უვიზო რეჟიმის გათვალისწინებით მისი მარტივად ინსტრუმენტალიზების შესაძლებლობის გამო.
პოპულისტური ძალების გაძლიერება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში ე.წ. ტრადიციულ პარტიებს აიძულებს უფრო მკაცრ რიტორიკას მიმართოს მიგრანტთა საკითხებში, ვიდრე მაგ. 3 წლის წინ. უმთავრეს მიზანს ამ შემთხვევაში პოპულისტების სასარგებლოდ დაკარგული ხმების დაბრუნება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, საქართველო მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ მარტივად არ გახდეს თავდასხმის ობიექტი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება. გერმანია ევროკავშირში საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ბერლინი აქტიურად ეხმარება საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის პროცესში.
მხოლოდ კონტროლის გამკაცრება მათ მიმართ, ვინც უვიზო მიმოსვლის წესებს გამიზნულად არღვევს სამომავლო პერსპექტივაში საკმარისი არ იქნება. რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ზომები მაგ. რიად მისიის ხარჯის დამრღვევებისთვის დაკისრება ან გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრება დიდი ალბათობით შეამცირებს დამრღვევთა რიცხვს, თუმცა აღნიშნული ზომები უვიზო მიმოსვლის დარღვევის ძირითად გამომწვევ მიზეზებს – სიღარიბეს, უმუშევრობას, განათლების სისტემაში არსებულ სოციალურ უთანასწორობას და ზოგადად სოციალური დაუცველობის პრობლემას ვერ გადაჭრის. ავტორი :მიხეილ სარჯველაძე