არქიმანდრიტ სინესიოს კალანდაძის მიმართვა ათენში მცხოვრებს ქრიასტიანებს

0
3361

ეფრემ ასურის ლოცვა

ძვირფასო მეგობრებო, როგორც იცით, აღდგომის მარხვაში იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა. ის არის პატარა, მაგრამ დიდად ღრმა ლოცვა. შედგება სამი ნაწილისაგან: პირველში ვთხოვთ უფალს აგვაშოროს 4 ვნება, მეორეში ვთხოვთ მოგვცეს 4 ნიჭი და მესამეში თუ როგორი გვსურს ვიყოთ.
იწყება «უფალო და მიუფეო ცხოვრებისა ჩემისაო»-ეს მიმართვა აღებულია ძველი აღთქმიდან, კერძოდ სიბრძნე ზირაქიდან; «უფალო, მამო და მეუფეო ჩემი სიცოცხლისა» (ზირხ. 23.1). ანუ ვეუბნებით ღმერთს იმას, რომ ის არის ჩვენი ცხოვრების წარმმართველი. რომ უფალო შენ მომიყვანე ამ ქვეყნად და შენვე წამიყვან. არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ახლობლებისა და ყველა ადამიანის სიცოცხლე შენ გეკუთვნის და როცა ჩათვლი საჭიროდ, მაშინ მიგყავართ ამ ქვეყნიდან. (შევადაროთ ფსალმუნი 26.1)
ლოცვა შემდეგნაირად გრძელდება: «სულსა უქმობისასა და მიმომწვლილველობისასა, მთავრობის მოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე «.
პირველი ვნება, რომელსაც ღირსი მამა ასახელებს, არის უქმობის. უქმობა არის სიზარმაცე, არც სურვილის და არც ნების ქონა რაიმეს კეთებისა. არადა უფალი გვეუბნება, რომ «მამაჩემი აქამომდე იღწვის და მეც ვიღწვი» (იონ. 5.17). ადამიანი შექმნილია ღვთის მხგავსად და ხატად და ვალდებულია მუდამ იღვაწოს.
მეორე ვნება არის მიმომწვლილველობისა. ეფრემმა ეს ლოცვა ბერძნულ ენაზე დაწერა. დედანში ვკითხულობთ περιεργίας, ანუ ცნობისმოყვარეობისა. ცნობისმოყვარე ადამიანი ზარმაცის საწინააღმდეგოა უარყოფითი თვალსაზრისით. ის სულ მოძრაობაშია, სულ ეძებს ახალ ჭორებს, ახალ დაპირისპირებებს, მოყვასის სიყვარულის მაგივრად სულ მას უთვალთვალებს და ყველაფერი იცის მის შესახებ: რას ჭამს, რას სვამს, სად მიდის, როდის მოდის და ა.შ. ანუ ზარმაცი არის პასიური, ხოლო ცნობისმოყვარე აქტიური, მაგრამ ორივე უარყოფითი.
მესამე—მთავრობის მოყვარებისა. დიდი სენი ალბათ ყველა ადამიანისა, და განსაკუთრებით ქართველებისა. ყველას პირველობა გვინდა. ეს არის ძალაუფლებისა და უფროსობის სიყვარული. ძალაუფლების მოყვარული ადამიანი ზოგადად მშიშარაა, ცდილობს მოიპოვოს ისეთი რამ, რითაც თავს დაიცავს, მაგრამ მოპოვების შემდეგ უკვე სხვას ჩაგრავს. ჩვენ კი უნდა გვახსოვდეს უფლის სიტყვები: «ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველ და პირველნი-უკანასკნელნი» და «და ვინც თქვენს შორის მოისურვებს პირველობას, თქვენს მონად იქცეს, რადგან ძე კაცისა იმისათვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს» (მთ.20.17, 27-28). აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არიან მადლმოსილი ადამიანები, რომლებიც სხვებზე მეტად იღწვიან, მაგრამ ამავე დროს სხვებზე მეტად იტანჯებიან სიმართლისათვის. ასეთ პიროვნებებს ღმერთი თვითონ გამოარჩევს. ის წყვეტს, თუ როდის და ვინ უნდა განანათლოს სხვებზე მეტად, თუ ვის ექნება უპირატესობა ჭეშმარიტების შეცნობისა. ჩვენ კი ვალდებულნი ვართ დავემორჩილოთ ღვთის ნებას, ანუ დავუჯეროთ და მივყვეთ ასეთ ადამიანებს.
მეოთხე ვნება არის ცუდადმეტყველებისა ანუ ლაყბობისა. «ვინც არა სცოდავს სიტყვით, იგია სრულქმნილი კაცი, რომელსაც ძალუძს დაიურვოს თავისი ხორცი» (იაკ.3.2), «ნურავითარი უგვანი სიტყვა ნუ დასცდება თქვენს ბაგეს, არამედ მხოლოდ კეთილიშესაგონებლად, რათა მადლი მიაგოს მსმენელთ» (ეფეს. 4.29).
აქ ეზოპეს იგავი მახსენდება: ბატონმა დაავალა ეზოპეს: ხვალ ფრიად პატივსაცემი სტუმრები მეყოლება და კარგი სადილი მოამზადეო. ეზოპეც წავა ბაზარში და ენას იყიდის. როდესაც ბატონი ამას გაიგებს გაკვირვებით ეკითხება მას: ეს რა გიყიდიაო. ეზოპე პასუხობს: რაც კი რამ კარგი ხდება ამ ქვეყანაზე ენის დამსახურებაა, ერთმანეთს ვესალმებით, სიკეთეს ვუსურვებთ, რჩევას ვაძლევთ, ახალ ამბებს ვიგებთ და ა.შ. ბატონს პასუხი მოეწონა და ეზოპეც შეაქო. ცოტა ხანში კვლავ დაავალა მას სადილის მომზადება, თან გააფრთხილა: ხვალ ჩემთვის არასასიამოვნო ხალხი მეყოლება სტუმრად და ცუდი რამ იყიდეო. ეზოპემ კვლავ ენა იყიდა. ბატონი განურისხდა: ეს რა გიყიდიაო. ეზოპემ უპასუხა: რაც კი ცუდი რამ ხდება ამ ქვეყნად სულ ენის ბრალიაო, ერთმანეთს ვლანძღავთ, ვაგინებთ, ჭორებს ვუყრით, ომებიც მისით იწყება და ა.შ. ასე რომ ყველაზე ცუდი ამ ქვეყნად ენა არისო. რაღას ეტყოდა ბატონი და ნაყიდი კვლავ მოუწონა.
მართლაც ცუდადმეტყველებით როგორ ვუკლავთ ერთმანეთს გულს და რამდენი ცუდი საქმე კეთდება მისი საშუალებით. არადა დიდი შოთა გვეუბნება: «გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი»…..