მადრიდში კიდევ ერთი ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნება

0
1181

ესპანეთის დედაქალაქში მომავალი თვიდან კიდევ ერთი ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნება. სკოლა ალკობენდასში დაიდებს ბინას, შენობაში, სადაც ქართული ცეკვის აკადემია ფუნქციონირებს. მადრიდში ეს მეორე ქართული საკვირაო სკოლა იქნება, სადაც ქართველ ემიგრანტ ბავშვებს მეცადინეობას გამოცდილი პედაგოგები ჩაუტარებენ.ქართულ ეკლესიასთან არსებული პირველი საკვირაო სკოლა „აისი“ მადრიდში 2012 წელს გაიხსნა. მასში დღეისათვის 30-მდე ბავშვი სწავლობს. კვირაში ერთხელ მათ ქართულ წერა-კითხვას და საქართველოს ისტორიას ესპანეთში მცხოვრები ქართველი პედაგოგები, თამარ მეტრეველი ჩადუნელი, თეა ქურხული და ლელა დიდებაშვილი ასწავლიან.სკოლა ქართველმა ქალბატონმა თამარ მეტრეველმა დააფუძნა, რომელსაც საქართველოს განათლების სისტემაში მუშაობის 24 წლიანი გამოცდილება აქვს. ის ნაძალადევის რაიონის განათლების მეთოდისტი, მოსწავლეთა ცენტრის მეთოდური განყოფილების გამგედ და ბოლოს მე-16 სკოლის დირექტორი იყო. საკვირაო სკოლის დაარსებასა და მის განვითარებაში ქართველ პედაგოგს ესპანეთში მცხოვრები ახალგაზრდების ჯგუფი  (ვასილ ლალიაშვილის ხელმძღვანელობით) დაეხმარა, რომლებმაც მადრიდში ქართული ეკლესია დააარსეს და სკოლისთვის ერთი ოთახიც გამოყვეს. სკოლას დიდ დახმარებას უწევს ეკლესიის წინამძღვარი მამა პიროსი გოცირიძე.

ჩვენი მიზანია, ბავშვებმა, რომლებიც ესპანურ სკოლებში სწავლობენ, ქართული სული და სამშობლოს სიყვარული არ დაკარგონ. შეისწავლონ ქართული ანბანი და წერა-კითხვა,“-აცხადებს საკვირაო სკოლა „აისის“ დამფუძნებელი.

თამარ მეტრეველი ჩადუნელი ესპანური ასოციაცია UNIVERSAL ATENEO-სთანაც აქტიურად თანამშრომლობს და არაერთ საინტერესო პროექტშია ჩართული. გასულ წელს მან ქართული ენის შესწავლით დაინტერესებულ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს 9-თვიანი კურსები წაუკითხა.

„მაქვს ურთიერთობ ამადრიდის არჩვეულებრივ საზოგადოებასთან, სტუდენტებთან, აკადემიკოსებთან, კომპოზიტორებსა და იურისტებთან, რომლებსაც ქართული ენის, შესწავლისა და ჩვენი უძველესი კულტურის გაცნობის სურვილი აქვთ. წელს დავასრულებ სახელმძღვანელოს გამოცემას, რომელზეც ვმუშაობ. ესპანელებისთვის ქართული ენის შესწავლას, საკმაოდ შრომატევადი საქმეა და მსურს წიგნი რაც შეიძლება მალე დავასრულო,”-ამბობს თამარ მეტრეველი-ჩადუნელი.წყარო geoworldnews.ge