დღეს არსებული რეგულაციებით, ქართული მართვის მოწმობით სარგებლობა უცხო ქვეყნებში 6 თვის განმავლობაშია შესაძლებელი, რის შემდეგაც მძღოლი ვალდებულია, კონკრეტული ქვეყნის მართვის მოწმობა აიღოს, რისთვისაც იქ გამოცდა ჩააბაროს.
ქართული მართვის მოწმობებისთვის საერთაშორისო ძალის მინიჭების საკითხზე, შსს ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს სამ ქვეყანასთან აწარმოებს. კერძოდ, უახლოეს პერიოდში ესპანეთში, იტალიასა და უკრაინაში, ქართული მართვის მოწმობის მქონე მძღოლებმა, 6-თვიანი ვადის გასვლის შემდეგაც, შესაძლოა, კვლავ ქართული მართვის მოწმობით ისარგებლონდა მათ ადგილობრივი მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწიოთ.
ქართული მართვის მოწმობების საერთაშორისო მოწმობად აღიარებაზე “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველოს მართვის მოწმობის საერთაშორისო მოწმობად აღიარების კუთხით ვადა 2018 წლის სექტემბრამდე აქვს და შსს აღნიშნულ ვადაში ჩაეტევა.
“პროცედურები რამდენიმე ქვეყანასთან დაწყებული გვაქვს. ახლა ძალიანაქტიურ ფაზაში ვართ შესულები. რეალურად, ასოცირების შეთანხმების მიხედვით დრო გვაქვს 2018 წლის სექტემბრამდე. დროისთვის არ გადაგვიცილებია და ამ დროში აუცილებლად ჩავჯდებით. აქ მიდის ორი მიმართულებით მუშაობა. ერთი – მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ სივრცეში გადმოტანა და ამისთვის უკვე ინფრასტრუქტურის მოწყობა და მარშრუტების იდენტიფიცირება მიმდინარეობს და მეორე მიმართულება არის ქართული მართვის მოწმობების უცხოეთში აღიარება. სამი ქვეყანა გვაქვს ახლა იდენტიფიცირებული, რომლებთანაც მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ესენია: ესპანეთი, იტალია და უკრაინა”
წყარო :allnews.ge