გერმანიაში პოპულარული ქართველი ბოდიბილდერი

0
1701

ნორა ლობჟანიძის წარმატების ფორმულა

ბოდიბილდინგი საქართველოში დღითი დღე პოპულარული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ეს სახეობა XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა, საქართველოში ის მხოლოდ ბოლო წლებში განავითარეს ქართველმა ენთუზიასტებმა. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართველმა ბოდიბილდერებმა საკუთარი შესაძლებლობები უკვე მსოფლიო ასპარეზზეც წარმოაჩინეს. 26 წლის ქართველი ნორა ლობჟანიძე წლებია, გერმანიაში ამ საქმითაა დაკავებული. ის ფიტნესმწვრთნელი და ბოდიბილდერია. მას ამ სფეროში უკვე დიდი წარმატებები აქვს. როგორც თავად ამბობს, გერმანიაში პოპულარული ადამიანია და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

– საქართველოში დავიბადე და 12 წლამდე თბილისში ვცხოვრობდი. ძალიან მიყვარს ის ადგილი, სადაც გავიზარდე… მერე მშობლებმა გერმანიაში წამომიყვანეს. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ძალიან მიჭირდა მეგობრებისა და ახლობლების გარეშე ყოფნა, მაგრამ მერე შევეჩვიე.

– როგორ მოახერხე უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება?

– თავდაპირველად მტკივნეულად განვიცდიდი ყველაფერს… სკოლაშიც, ასაკის შესაბამის კლასში არ დამსვეს, ერთი წლით უკან დამაბრუნეს, რადგან გერმანული არ ვიცოდი. თუმცა, ჩემი შრომითა და მონდომებით, გიმნაზია წარმატებულად დავამთავრე. ეს ყველაფერი რთული იყო. სხვათა შორის, გერმანიაში ჩასულმა ჩემი საყვარელი საქმიანობა მალევე დავიწყე.

– შენი ოჯახი გაგვაცანი.

– ჩემი მშობლები პროფესიით ინჟინრები არიან. მყავს ერთი ძმა.

– როგორც ვიცი, პროფესიით მოცეკვავე ხარ, არა? მომიყევი შენი საქმიანობის შესახებ. 

– ცეკვისა და სპორტის მიმართ მისწრაფება ბავშვობიდან მქონდა. 6 წლიდან დავდიოდი სპორტულ სკოლაში, მხატვრულ ტანვარჯიშზე. მოგვიანებით, მშობლებმა 89-ე საჯარო სკოლასთან არსებულ, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლში მიმიყვანეს, სადაც ასევე, დიდი წარმატებები მქონდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ სწორედ ცეკვითა და ფიზიკური ვარჯიშით მივაღწევდი იმას, რაც ახლა მაქვს… ძალიან მიყვარს სცენაზე დგომა, მუსიკის ფონზე მოძრაობა. აქტიური ადამიანი ვარ.

– თავის დროზე მშობლებმა საქართველოდან წასვლა რატომ გაწყვიტეს? 

– მაშინ საქართველოში არეული სიტუაცია იყო, ამიტომ მამა სამუშაოდ გერმანიაში წავიდა. ერთი წლის შემდეგ ანუ 2001 წლის ზაფხულში მთელი ოჯახიც იქ ჩავედით.

– ბოდიბილდინგით რა ასაკში დაინტერესდი?

– ბოდიბილდინგმა ბოლო წლებში გამიტაცა. 15 წლის ვიყავი, როცა მოცეკვავედ და ფიტნესინსტრუქტორად დავიწყე მუშაობა. 2009 წელს გავხდი ჩემპიონი `ვიდეოკლიპ-ცეკვაში~. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე წელი ამერიკაშიც ვიმყოფებოდი, სადაც ქორეოგრაფად, მოცეკვავად და ფიტნესმოდელად ვმუშაობდი. პარალელურად დავიწყე სწავლა და დავეუფლე ფიტნესის პერსონალური მწვრთნელის პროფესიას. მალევე, 2014 წელს პირველი ადგილი დავიმსახურე სამხრეთ გერმანის ჩემპიონატზე, ხოლო მესამე ადგილი – გერმანიის ჩემპიონატზე, ბოდიბილდინგში. ამჟამად მაქვს საკუთარი ფიტნეს და ცეკვის სტუდია მიუნხენსა და ჰაგსბურგში. გატაცებული ვარ ფოტო და ფიტნესმოდელიერობით. ადრე ეს ყველაფერი ჩემთვის ჰობი გახლდათ, ახლა კი საყვარელი საქმიანობაა. GzaPress

– ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ შენს პროფესიულ საქმიანობას?

– თავდაპირველად ოჯახის წევრებისგან დიდი წინააღმდეგობა მქონდა, მაგრამ ისეთი ადამიანი ვარ, საკუთარ გადაწყვეტილებებს პატივს რომ სცემს ბოლომდე. ეს ჩემი ცხოვრებაა და ვისაც ვუყვარვარ, კეთილი უნდა ინებოს და ჩემი საქმეც შეიყვაროს. ახლა მშობლები ჩემს საქმიანობას, როგორც ხელოვნებას, ისე უყურებენ. არაფერს მეუბნებიან, რადგან იციან, რომ ეს ყველაფერი საქმეს სჭირდება. თავიდან პრობლემა ჩემი სურათები იყო, რადგან მაინც, ქართულ ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ვარ და დედა ნერვიულობდა, როდესაც ნათესავები, ახლობლები ჩემს სურათებს `ფეისბუკზე~ ნახულობდნენ. თუმცა, ბოლოს ეს პრობლემაც დავძლიეთ… განსაკუთრებით კი ჩემს ძმას ჰქონდა ამ ყველაფერზე გართულება. ამის გამო, რამდენიმე წელი ნორმალურად არც ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს.

– წარმატება შენამდე იოლად მოვიდა?

– თავდაუზოგავი შრომითა და ჩემი პროფესიის დიდი სიყვარულით მივაღწიე წარმატებას.

– გამოდის, რომ დამოუკიდებელი ადამიანი ხარ.

– დიახ, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. ყოველთვის დამოუკიდებლად და თან, მტკიცედ ვიღებ ხოლმე გადაწყვეტილებებს. ამ ყველაფერის გარეშე ცხოვრებაში წარმატებას ვერ მიაღწევ. ჩემი წარმატების ფორმულა დამოუკიდებლობა, მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობაა.

– ამჟამად მიუნხენში ვისთან ერთად ცხოვრობ?

– მარტო ვცხოვრობ.

– რას გვეტყვი შენს თაყვანისმცემლებზე?

– ძალიან ბევრი თაყვანისმცემლები მყავს. ბევრი მათგანი საჩუქრებს მიგზავნის, ბევრიც – წერილებს მწერს… თუმცა, სიმართლე გითხრათ, ნორმალური ადამიანის გაცნობა რთულია. მხოლოდ გარეგნობით გცნობენ და სულაც არ აინტერესებთ, შინაგანად როგორი ხარ.

– და როგორი ადამიანი ხარ?

– ჩამოყალიბებული, განათლებული, საკუთარი საქმის პროფესიონალი და ა.შ. საკუთარ თავზე ლაპარაკი ცოტა არ იყოს, ძნელია (იღიმის).

– ცოტა რამ შენს პირად ცხოვრებაზეც მოგვიყევი…

– პირად ცხოვრებაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. ამჟამად პარტნიორი არ მყავს. ვხვდები, რომ მარტო ყოფნა მირჩევნია ისეთი ადამიანის გვერდით ყოფნას, რომელიც ჩემი ნამდვილი მეორე ნახევარი არ არის და ვინც დიდად არ მაინტერესებს. შეყვარებული არ ვარ.

– შენი ოჯახის წევრები ისევ გერმანიაში ცხოვრობენ? 

– დიახ, ჩემი მშობლებიც გერმანიაში ცხოვრობენ… მინდა გითხრათ, რომ შრომის გარეშე ვერსად ვერაფერს მიაღწევ, უცხო ქვეყნაში მით უმეტეს, ბევრად მეტი მონდომებაა საჭირო დასახული მიზნის მისაღწევად… მიზნის გარეშე კი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მიუხედავად დიდი სირთულეებისა და წინააღმდეგობებისა, არჩეული გზიდან არასდროს გადამიხვევია. დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და როცა გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, ამაზე ყოველთვის დიდხანს ვფიქრობ. თითოეულ გადაწყვეტილებას შეუძლია, მთელი ცხოვრება შეცვალოს, ამიტომ ვიდრე რაიმეს მოიმოქმედებ, კარგად უნდა დაფიქრდე.

– ამბობ, რომ საკუთარი ფიტნესსკოლა გაქვს. ბევრი მოსწავლე გყავს? ეს ყველაფერი ალბათ, დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს შენგან…

– საკმაოდ ბევრი მოსწავლე მყავს. ნებისმიერი პროფესია დიდ ენერგიასა და შრომას მოითხოვს. მთავარია, სიყვარულით აკეთო შენი საქმე და ყველაფერი გაიოლდება.

– თავისუფალ დროს როგორ ერთობი?

– ვცეკვავ… ძალიან მიყვარს ცეკვა და მეგობრებთან ერთად დროს გატარება, ახალ იდეებზე, ცხოვრებასა და საერთოდ, მომავალზე საუბარი. დედიკოსთან ერთად მკითხაობაც მიზიდავს – ამით ყოველთვის ძალიან კარგად ვერთობი. მიყვარს ჩემი ოჯახი. ერთი პერიოდი მე და დედას ცუდი ურთიერთობა გვქონდა, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე, მას ჩემი პროფესია არ მოსწონდა, მაგრამ ახლა მხარში მიდგას და ამისთვის მადლობელი ვარ.

– შენი პროფესია გაძლევს იმის საშუალებას, რომ მატერიალურადაც დამოუკიდებელი იყო?

– როგორც მოგახსენეთ, მარტო მოცეკვავე არ ვარ, მაქვს რამდენიმე პროფესია, დასაქმებული გახლავართ სხვადასხვა ადგილას, ასევე, გარკვეული შემოსავალი მოაქვს ფოტო და ფიტნესმოდელიერობას. ამასთან ერთად, ვხელმძღვანელობ ორ საკუთარ ფიტნეს და ცეკვის სტუდიას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მატერიალურადაც დამოუკიდებელი ვარ.

– გერმანიაში ალბათ, დიდი პოპულარობით სარგებლობ. ასეა?

– დიახ, აქ ძალიან პოპულარული ვარ. უამრავი ფანი მყავს, თუმცა ვცდილობ, მათთან დისტანცია დავიცვა, რაც ადვილი ნამდვილად არ არის. საერთოდ, გულახდილი ადამიანი ვარ. მიყვარს, როცა საჭიროების შემთხვევაში, ხალხს ვეხმარები. მიხარია, ჩემს მოსწავლეებს ძალიან რომ ვუყვარვარ და ამ ყველაფრის გამო, მათთან დისტანციის დაჭერა ცოტა არ იყოს, მიჭირს. თუმცა, ამას როგორღაც ვახერხებ (იცინის).

– ბევრს ვარჯიშობ იმისთვის, რომ ასეთ შესანიშნავ ფორმაში იყო?

– იმისთვის, რომ კარგ ფორმაში იყო, ბევრი ვარჯიში საკმარისი არაა. სწორი კვების რეჟიმი და დისციპლინაც აუცილებელია!

– საქართველოში სტუმრად არ ჩამოდიხარ ხოლმე? არ გენატრება სამშობლო, ახლობლები?

– რა თქმა უნდა, ყველა მენატრება, მაგრამ იმდენად დატვირთული ვარ საქმეებით, რომ საქართველოში ჩასვლას ვერ ვახერხებ. თუმცა, ამას უახლოეს მომავალში ვაპირებ.

სოფო ჭონიშვილი

წყარო :ჯურნალი გზა