ზვიად კვაჭანტირაძე და მარიამ ჯაში აზერბაიჯანის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

0
1445

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმააზერბაიჯანის ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილი, კომიტეტის წევრი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი და პარლამენტის წევრი სიმონ ნოზაძე ესწრებოდნენ, მხარეებმა აზერბაიჯანის ქართული ისტორიული დიასპორის პრობლემატიკა განიხილეს. საუბარი ქალაქ კახში მოქმედი ანსამბლის „ჰერულას“ ფუნქციონირებისა და პროექტის „ჰერეთის სახლის“ განხორციელების საკითხებსაც შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსების და მათი ხელშეწყობის საკითხს დაეთმო.

შეხვედრაზე განვიხილეთ ჰერელი, ინგილო ქართველების, მათ შორის ახალგაზრდების და სტუდენტების მდგომარეობა საქართველოში. ვიმსჯელეთ მათი ინიციატივით დაფუძნებული „ჰერეთის სახლის“ სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებებზე. არის საკითხები, რომლებსაც აუცილებლად სჭირდება დამატებითი ჩარევა, რადგან სამწუხაროდ, კანონმდებლობით ყველაფერი არ არის დარეგულირებული. ამ ახალგაზრდებს სერიოზული მხარდაჭერა სჭირდებათ. აგრეთვე ვისაუბრეთ აზერბაიჯანის რეგიონში, კონკრეტულად კი კახის, ზაქათალას და ბელაქანის დიასპორის პრობლემებზე და დავსახეთ კონკრეტული ამოცანები, რომელთა გადაჭრაც მოგვიწევს ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად“, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ.

შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს სახელმწიფოს მხრიდან დიასპორასთან ეფექტური თანამშრომლობისთვის გადადგმული ნაბიჯები და ის აქტივობები, რომელიც კულტურული და საგანმანათლებლო კუთხით, ორი ქვეყნის თანამშრომლობის ფორმატში უნდა გადაწყდეს.

დღეს გვქონდა შეხვედრა აზერბაიჯანის ისტორიული ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია ჩვენი დიასპორისთვის. ვისაუბრეთ განათლების საკითხებზე, კულტურის ღონისძიებების ხელშეწყობის მიმართულებებზე, ჯანდაცვის კუთხით განსახორციელებელ აქტივობებზე, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში შესაძლებელია რომ გადაწყდეს“, -განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

შეხვედრაზე დიასპორის წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრას ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე დიმიტრი კაპანაძე, სსიპ „ბავშვთა და  ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ დირექტორი, ირაკლი ჟორჟოლიანი, ისტორიკოსი მკვლევარი-კავკასიოლოგი, პროფესორი,კონსტანტინე ფიცხელაური, ანსამბლის „ჰერულა“ სამხატვრო ხელმძღვანელი, გიორგი პაპიაშვილი, პროქტის „ჰერეთის სახლი’’ დამფუძნებლები, ვასილ პაპიაშვილი და მიხეილ ნუროშვილი და სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ლევან თედიაშვილი ესწრებოდნენ.

წყარო: http://parliament.ge