რამდენად დგას საქართველო უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის წინაშე ? -მარიამ გრიგალაშვილი, “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ანალიტიკოსი

0
2575

23 აპრილს რადიო თავისუფლების “დილის საუბრების” სტუმარი იყო მარიამ გრიგალაშვილი, “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა პოლიტიკის დოკუმენტზე, რომლის მიზანია იმის გაანალიზება – რამდენად დგას საქართველო უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის წინაშე და რამდენად სამართლიან შეფასებას ეყრდნობა სტატისტიკა, რომელსაც ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ჯგუფები შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების პირობად ასახელებენ. მთავარი აქცენტი პოლიტიკის დოკუმენტში გერმანიაზე კეთდება, რადგან ის არის ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ქვეყანა, თუმცა, არა კერძოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ ზოგადად, მიგრაციის საკითხის მიმართ: “არცთუ არგუმენტმოკლებულ სტატისტიკის ანალიზს ეყრდნობიან გერმანელი პოლიტიკოსები, თუმცა, არის რამდენიმე შემთხვევა, როცა ეყრდნობოდნენ რიცხვების გადაჭარბებულ შეფასებას და გარკვეულ წარმოდგენებს საქართველოზე”, – ამბობს მარიამ გრიგალაშვილი.

“საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომლის თანაავტორები არიან მარიამ გრიგალაშვილი და მიხეილ სარჯველაძე, წაიკითხავთ:

“2011 წლის შემდეგ გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი კატასტროფული მაჩვენებლით იზრდებოდა, რასაც, ბუნებრივია, გერმანიის პოლიტიკური პარტიებისგან გარკვეული რეაქცია მოჰყვა.

რაც შეეხება ეჭვმიტანილების რაოდენობას, 2015 წელს გერმანიაში ბინის ქურდობასთან დაკავშირებულ დანაშაულზე დაკავებულ უცხოელ ეჭვმიტანილთა შორის საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობამ 6,4%-ი შეადგინა. ხოლო 2015 წელს, მთლიანად − ყველა სახის დანაშაულზე დაკავებული 911 864 უცხოელი ეჭვმიტანილიდან საქართველოს მოქალაქე მხოლოდ 0.9% იყო. ამ მაჩვენებლით საქართველო უცხოელ ეჭვმიტანილთა სიაში 24-ე ადგილს იკავებდა, მაშინ, როცა სიაში მის წინ მყოფი 23 ქვეყნის რიგებში იყო ევროკავშირის წევრი ხუთი სახელმწიფო: რუმინეთი, პოლონეთი, იტალია, ბულგარეთი და საბერძნეთი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის შეფასებით, 2015 წელს ქართველი კრიმინალების მიერ ბინების ქურდობით გამოწვეული ზარალი 500 მილიონ ევროს შეადგენდა.

გერმანიაში მიმდინარე შიდა საუბრების დროს მთავარი არგუმენტი სწორედ აღნიშნული დინამიკა გახლდათ −რომ ქართველები დიდი რაოდენობით დანაშაულს კი არ ჩადიოდნენ, არამედ ამ დანაშაულით გამოწვეული ზარალი იყო დიდი”. პოლიტიკის დოკუმენტის ავტორები საქართველოს მთავრობას სთავაზობენ რეკომენდაციებს და ყურადრება გამახვილებულია მოკლე ვადაში გადასადგმელ ნაბიჯებზე, რომლებიც შეამცირებდა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხეს.

 

წყარო:https://www.radiotavisupleba.ge