ქართული ბრენდები საერთაშორისო ბაზარზე

0
2849

საქართველოში წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია.

უცხო ქვეყანაში დამკვიდრება კონკურენტული გარემოს ფონზე, უამრავ დაბრკოლებასთანაა დაკავშირებული.

მიუხედავად ამისა, ბევრ ქვეყანაში საქართველოს  სწორედ ადგილობრივი ბრენდების წყალობით იცნობენ.

 ერთ-ერთი ქართული ბრენდი, რომელიც საზღვარგარეთ საკმაოდ პოპულარულია მინერალური წყალი “ბორჯომია”. “ბორჯომის” ექსპორტი მსოფლიოს 15 ქვეყანაში 1961 წლიდან დაიწყო და ამ ქვეყნების რიცხვში აშშ, საფრანგეთი და ავსტრია შედიოდა.

1980-იან წლებში მისმა რეალიზაციამ 400 მილიონ ბოთლს გადააჭარბა. “ბორჯომი” ყველაზე პოპულარული მინერალური წყალი იყო მთელ საბჭოთა კავშირში. დღეს კი, ქართული ბრენდი მსოფლიოს 40 ქვეყანაშია ცნობილი.

კიდევ ერთი ქართული ბრენდი, რომლის ექსპორტიც

აქტიურად ხორციელდება “სარაჯიშვილია”. იგი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბრენდია საქართველოში. კომპანია 1884 წელს დავით სარაჯიშვილის მიერ დაარსდა.

დღესდღეობით საკონიაკე სპირტები სარაჯიშვილის საცავებში ინახება, რომლიდანაც ყველაზე ძველი 1893 წელსაა დაყენებული.

“სარაჯიშვილი” დაახლოებით, 15 ქვეყანაში იყიდება, ძირითადად ეს ევროპის ქვეყნებია, თუმცა, აზიურ ბაზარზე შესვლის პროცესი უკვე დაწყებულია.

საქართველო დანარჩენი მსოფლიოსთვის ძირითადად, ღვინოსთან და ვაზის ტრადიციასთან ასოცირდება.

თუმცა, განსაკუთრებით გამორჩეულია საქართველოს ღვინის კულტურა, ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდით, რომელიც გასულ წელს სხადასხვა პოპულარული და გავლენიანი უცხოური გამოცემის, მათ შორის “ვაშინგტონ პოსტის”, “ბლუმბერგის”, BBC-ის, CNN-ის რეპორტაჟებსა თუ ფურცლებზე არაერთხელ მოხვდა.

მეტიც, ქართული ღვინო 2015 წელს მსოფლიო ყურადღების ერთ-ერთი მთავარი საგანი იყო. ჩინეთში გამართულ ღვინისა და სპირტიანი სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენაში (Interwine Guangzhou 2015) ქართულმა ქარვისფერმა ღვინომ ოქროს მედალი მოიპოვა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა ქართული ღვინო სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზეც.

ერთ-ერთი ბოლო ქართული ბრენდი, რომლის ექსპორტიც ცოტა ხნის წინ დაიწყო და დიდი რეზონანსი გამოიწვია, ქართული კომპანია “დელტას” საბრძოლო ტექნიკის მოდელებია:“დიდგორი”, “ლაზიკა” – ეს ქართველი დიზაინერის ზვიად ციკოლიას მიერ შექმნილი ბრენდებია, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. “დიდგორის” წარმატება უკვე საყოველთაოდ ცნობილია. ეს პირველი სამხედრო პროექტია, რომელიც გავიდა ექსპორტზე და უკვე რამდენიმე ათეული მილიონი მოუტანა საქართველოს.

კიდევ ერთი ქართული ბრენდი AVTANDIL-ი ბევრ ქვეყანაშია ცნობილი. ტანსაცმლის ამ ბრენდის პროდუქცია 6 წელია იყიდება საფრანგეთში, იტალიაში, საუდის არაბეთში, ბაჰრეინში, ყატარში, ქუვეითსა და დსთ-ს ქვეყნებში. ბრენდი AVTANDIL-ი პარიზის, ლონდონის, მონტეკარლოსა თუ ათენის ჩვენებებზე წარმატებით გამოდის. AVTANDI-ი სხვადასხვა პერიოდულობით უცხოური პრესის ფურცლებზეც ხვდება. წყარო allnews.ge