საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების პოზიცია ემიგრანტების უფლებებზე

0
10408

საქართველოს მოქალაქეები დღესაც, ისევე როგორც უკანსკნელი 20 წლის განმავლობაში, არსებული მძიმე ეკონომიკური პირობების, სოციალური მდგომარეობის და უმუშევრობის გამო მასიურად ტოვებენ ქვეყანას ოჯახების გადასარჩენად და მძიმე შრომით მოპოვებული ფინანსური სახსრებით მთელ ქვეყანას ასულდგმულებენ.

ემიგრანტების უფლებების დაცვა, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქის შრომით უფლებებზე ზრუნვა პროფკავშირების საქმიანობის პრიორიტეტია. გაერთიანებას ამ მიმართულებით არაერთი პროექტი მოუმზადებია და კონკრეტული წინადადებებითა თუ მოთხოვნებით ბევრი ქვეყნის ხელისუფლებისა და პროფკავშირებისთვის მიუმართავს.

თუმცა, დავიწყებთ საპენსიო სისტემის ალტერნატიული გეგმიდან, რომელიც პროფკავშირების გაერთიანებამ მოამზადა.

გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ ახალ საპენსიო სისტემაში, სადაც თანხის შეტანა სპეციალურად შექმნილ ფონდშიდამსაქმებელმა, სახელმწიფომ და დასაქმებულმა თანაბრად უნდა განახორციელონ 2-2%-ის ოდენობით, ემიგრანტი ფიზიკურად ვერ ჩაერთვება, რადგან ის არ არის დასაქმებული საქართველოში, შესაბამისად ვერც დამსაქმებებლი და ვერც სახელმწიფო მისთვის შენატანს ვერ გააკეთებს.

ამიტომ, პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა ემიგრანტების მხარდასაჭერად მოითხოვა:

ემიგრანტებს შეუნარჩუნდეთ პენსია ძველი სისტემით (ანუ საბაზისო) და ქვეყანაში საშუალო ხელფასის ზრდის ტემპის მიხედვით, პენსიის ყოველწლიური ინდექსაცია მოხდეს.  

სამწუხაროა, რომ საპენსიო საკითხი გარკვეული პერსონების სპეკულირების თემად იქცა და ისინი 2016 წელს, ერთ ერთი გამოცემის ჟურნალისტის მიერ დაშვებული შეცდომით სარგებლობენ. მის სტატიას, სადაც ირაკლი პეტრიაშვილის პოზიციადაა გასაღებული აზრი, რომელთანაც პროფკავშირებს საერთო არაფერი აქვთ სხვადასხა ვებ გვერდებზე აკოპირებენ და ემიგრანტების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

პროფკავშირების გაერთიანება ემიგრანტების მხარდასაჭრად, როგორ ზემოთ აღვნიშნეთ არა მხოლოდ საპენსიო საკითხებზე მუშაობს. გაერთიანებას და მის თავმჯდომარეს არაერთი შეხვედრა აქვს ქართულ სათვისტომოებთან საზღვარგარეთ, იმ ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პროფკავშირებთან, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი ემიგრანტი ცხოვრობს – სწორედ მათ უფლებებთან სათანამშრომლოდ. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მუშაობდა შრომითი მიგრაციის კანონზე და აქტიურად ითხოვდა და ახლაც ითხოვს, მიგრანტთა შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმების შექმნას, რათა სახელმწიფომ ზედამხედველობა გაუწიოს, თუ რა პირობებში მუშაობენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები საზღვარგარეთ.

პროფკავშირებმა შეძლო კანონში შესულიყო ცვლილებები, თუნდაც ის, რომ დასაქმების კერძო საგენტოების მომსახურება საქართველოში უფასო გამხდარიყო, როგორც ამას შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ადგენს.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები ლიტვის, აზერბაიჯანის, საფრანგეთის და თურქეთის პროფკავშირებთან მიგრანტების უფლებების დაცვის საკითხებზე.

ხელშეკრულებების თანახმად მხარეებმა ვალდებულები აიღეს შესაბამისი დახმარება გაუწიონ ამ სახელმწიფოების მოქალაქეობის მქონე შრომით მიგრანტებს, მიაწოდონ მათ ინფორმაციები ქვეყანაში მოქმედი შრომითი კანონმდებლობით და საერთაშორსო აქტებით მიგრანტებისთვის მინიჭებული უფლებების შესახებ, გონივრულ ვადებში უზურნველყონ მათთვის კონსულტაციების გაწევა და საჭიროების შემთხვევებში მიმართონ ყველა კანონიერ საშუალებას მათი უფლებების დასაცავად.

ჯერ კიდევ 2011 წელს, პროფკავშირებმა პოლონეთში ჩარჩენილი და ექსპოლატირებული 11 ქართველი (6 კაცი და 5 ქალი) ფაქტობრივად შიმშილს გადაარჩინა, პოლონეთის პროფკავშირის – სოლიდარნოსტის დახმარებით, რომელთანაც საქართველოს ასევე აქვს შეთანხმება.


პროფკავშირების გაერთიანების საქმიანობა მთლიანად მიმართულია იქით, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ღირსეული სოციალური და შრომითი პირობები სამშობლოშივე, რათა არ უწევდეთ ემიგრაციაში მძიმე, ხშირად მონურთან გათანაბრებული შრომა, რაც ხშირად მათი უფლებების შელახვის, ჯანმრთელობის და ფსიქოლოგიური სტრესის ხარჯზე ხდება. ასევე ვმუშაობთ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად იმაზე, რომ ემიგრანტების უფლებები იმ ქვეყნებში, სადაც იმყოფებიან მაქსიმალურად იყოს დაცული.

სამწუხაროა, რომ ხელმოცარული და ურეიტინგო, ვითომ პოლიტიკოსები ქულების დაწერას  და მხარდაჭერის მოპოვებას, სხვადასხვა უშედეგო მცდელობის შემდეგ ემიგრანტების ემოციებზე თამაშით, სპეკულაციური გამოხტომებით და პროფკავშირების დისკრედიტაციით, ასევე ცრუ ინფორმაციების ტირაჟირებით ცდილობენ.