ქ. ვენა – მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, ეუთო-ს 24-ე მინისტრთა საბჭოს ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნების (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, რუმინეთი, პოლონეთი, ლიტვა, შვედეთი, ჩეხეთი, ლატვია და ესტონეთი) მიერ გაკეთდა ერთობლივი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში უკვე მეორეჯერ კეთდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ.
განცხადებაში მეგობარი ქვეყნები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, გამოთქმულია საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ სწრაფვისადმი მხარდაჭერა და დადებითადაა შეფასებული საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა ამ მიმართულებით. მეგობარი ქვეყნები მიესალმებიან საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. განცხადებაში მეგობარი ქვეყნები ულოცავენ საქართველოს მთავრობასა და ხალხს 2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარებას ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით.
განცხადებაში გამოთქმულია მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი, გაერო-ს ქარტიაზე, ჰელსინკის დასკვნით ოქმზე, საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებზე დაყრდნობით. ასევე ხაზგასმულია აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარება და გამოთქმულია შეშფოთება ცხინვალის რეგიონის სოფელ ერედვში ქართველ იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მასობრივი განადგურების ბოლოდროინდელ ფაქტებთან დაკავშირებით.
მეგობართა ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია პროგრესის საჭიროება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარ თემებზე, კერძოდ, ძალის არგამოყენების ვალდებულების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.