კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქვეყნის წამყვან ავიაკომპანია “Korean Air”-თან აფილირებულ ტურისტულ სააგენტოს Hanjin Travel-ს შორის ბოლო თვეებში გატარებული სამუშაოებისა და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, პირველად საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, მიმდინარე წლის 17, 24 და 31 მაისს, შესრულდება პირდაპირი ჩარტერული რეისები სეული-თბილისის მიმართულებით. აღნიშნული პროექტის საშუალებით, საქართველოს 500-ზე მეტი კორეელი ტურისტი ეწვევა.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეისების განხორციელება საფუძველს ჩაუყრის კორეის რესპუბლიკისა და საქართველოს შორის სამომავლოდ პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდას და შესაძლო რეგულარული რეისების დანიშვნას, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროს განვითარებას, არამედ ორმხრივი ეკონომიკური კავშირებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
17 მაისს, საინაუგურაციო რეისის აღსანიშნავად, სპეციალურად პირველი კორეელი ტურისტებისთვის თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მოეწყობა დახვედრის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.