ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად, ათენში დანაშაულებრივი ჯგუფის 17 წევრია დაკავებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი სამართალდამცველები კვლავ აქტიურად განაგრძობენ ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობას, რის შედეგადაც საბერძნეთში კიდევ ერთი წარმატებული სპეცოპერაცია ჩატარდა.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის პოლიციის მიერ მიმდინარე წლის 21 მაისს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 17 მოქალაქეა დაკავებული. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს აქტიური კავშირი ჰქონდათ მიმდინარე წლის აპრილში საფრანგეთსა და საბერძნეთში, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საბერძნეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 100-მდე სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. მათ ბრალად ედებათ ძარცვა, ყაჩაღობა, ბინების მრავალგზის ქურდობა, ასევე, დიდი ოდენობით ნაქურდალი ნივთების შენახვა-რეალიზაცია და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
17-ვე დაკავებულს ბრალი ედება საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 374-ე და 98-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებში, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, კვლავ აქტიურად გააგრძელებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტერპოლთან და ევროპოლთან თანამშრომლობას, ოპერაციების მომზადების, განხორციელების და ოპერატიული ინფორმაციების მიწოდების მიმართულებით”, – ნათქვამია საქართველოს შსს მიერ გავრცელებულ განცადებაში.